პარლამენტის თავმჯდომარეს პომპეზური დახვედრა მოუწყვეს ლანჩხუთელმა "ნაციონალებმა". ქალაქის ცენტრალურ პარკში უხვად იყო პარტიის ატრიბუტიკა – დროშები, მაისურები, კეპები, მრავლად იყვნენ "მე მიყვარს საქართველოს" მაისურებიანი მასწავლებლები, მოსწავლეები, ექიმები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ბიბლიოთეკარები, წვრილი ჩინოვნიკები.
დავით ბაქრაძე, ლანხუთელ ამომრჩეველთან ურთიერთობისას მეგობრული, უშუალო ტონის შენარჩუნებას ცდილობდა. მისი გუნდის სხვა, უფრო აგრესიული წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა ამომრჩევლისადმი, პოზიტივზე იყო აგებული.
რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატებს ერთი ტექსტი გადასცეს და დაზეპირება აიძულეს _ პარლამენტის თავმჯდომარესაც არ დავიწყებია წარსულის საშინელებანი შეეხსენებინა ჩვენთვის, მაგრამ პუტინთან შეკრული ოპოზიციონერი მუმიები, პოლიტიკური გვამები და უწმინდურები, რომელთაც უკან, ნანგრევებში სურთ ქვეყნის დაბრუნება, არ უხსენებია.
ბაქრაძემ შეგვახსენა, რომ 8 წლის წინ გაუბედურებული, უშუქო ქვეყანა ჩაიბარეს, სადაც კრიმინალი ყვაოდა და ხალხს "ბალიშის ქვეშ თოფებით ეძინა": "8 წლის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის რა მაწუხებს ყველაზე მეტად, გეტყოდით – უშუქობა და კრიმინალი მაწუხებს,-მეთქი. მაშინ ისე ჩანდა, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩვენ შევძელით ამის გამოსწორება. ახლა გვეჩვენება, რომ ამ პრობლემების გამოსწორებაა ძალიან ძნელი, რომლებიც ახლა გვაწუხებს, მაგრამ უპრობლემო ქვეყანა არ არსებობს".
პარლამენტის თავმჯდომარისთვის უშუქობა, კრიმინალი და კორუფცია საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ქვეყანაში "ჯერ კიდევ არსებობს ნახევრად დანგრეული საავადმყოფოები, დაუზღვეველი მოქალაქეები, დაბალი შემოსავლები, უმუშევრობა", რომელსაც, მისი თქმით, "გამუდმებით ებრძვის სახელმწიფო."
დავით ბაქრაძემ შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, მაგრამ შეუდარებლად წინ წასული ღარიბი ქვეყნის: "უნდა დაინახოთ, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ უნდა მოითხოვოთ უფრო მეტი!" _ მოუწოდა მან ხალხს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო უდიდესი ტემპებით ვითარდება, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს ეშინია ავად გახდომის _ ბევრ პენსიონერს წამლის ფულადაც არ ყოფნის პენსია; ჯერ კიდევ ბევრ სოფლამდე ვერ მიაღწია კარგმა გზამ, წყალმა და გაზმა; ჯერ კიდევ ბევრი ბავშვი სწავლობს მოუწესრიგებელ სკოლაში; მაგრამ თუ ხალხი ყველაფერს მოთმინებით მიუდგება, კვლავ გააგრძელებს აიტანოს გაჭირვება და სიღარიბე – ყველაფერი გამოსწორდება", ასეთი იყო ბაქრაძის პათოსი.
ის, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის 20-წლიანი დაუსრულებელი მოთმინებით, დავით ბაქრაძემ არა ერთხელ აღნიშნა. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ მოთმინების წყალობით გაუძლო ომს, მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, რომელმაც ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები დააქცია, საქართველოს კი ვერაფერი დააკლო. "ნაციონალური მოძრაობის" პირველმა ნომერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს მოთმინებისკენ და დაპირდა, რომ შედეგებს მისი პარტია მალე დაგვანახებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბაქრაძემ ახლანდელი გამგებელი გიორგი გოგუაძე დაასახელა, რასაც ნაციონალური გუნდის ყველა წევრი აღტაცებული ტაშით შეხვდა.
გოგუაძემ ხანმოკლე სიტყვით მიმართა მოსახლეობას, მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის და მათი ინტერესების დაცვის პირობა დადო მომავალ პარლამენტში.
გოგუაძის შემდეგ ისევ დავით ბაქრაძემ აიღო შემაჯამებელი სიტყვა და ერთი "აღმოჩენა" ამცნო ლანჩხუთელ ამომრჩეველს: "აქ რომ მოვდიოდით, გამოვიარეთ შუ–ხუთი, თქვენს ქალაქს ქვია ლანჩ–ხუთი და არა ვთქვათ ლანჩ–ორი ან ლანჩ–სამი, _ გვითხრა ბაქრაძემ და საკუთარი ზრდილობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა _ ხომ შეიძლებოდა ეთქვა, არ თქვათ უწმინდური ლანჩ-ორმოცდაერთიო, _ თქვენი ქალაქისა და სოფლების სახელწოდებებში ჩვენი საარჩევნო ნომერი – ხუთია მოხსენებული და დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთელები სწორედ ხუთს აირჩევთ".
ამ "აღმოჩენამ" ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ხანგრძლივი ოვაცია გამოიწვია, რომლის ფონზეც ბაქრაძემ ლანჩხუთი დატოვა.