"საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, დანიელმა მაიკლ იენსენმა და ლატვიელმა ბორის ჩილევიჩმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ანგარიშების დაყადაღების გამო. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და უზრუნველყოს, რომ ყველა პარტიამ შეძლოს საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვანი მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება ცალმხრივი ფაქტების საფუძველზეა გაკეთებული, ხოლო "ოცნებაში" განმარტავენ, რომ მათ ასამბლეას მხოლოდ მტკიცებულებები მიაწოდეს, რაც საკუთარი აზრის სხვისთვის თავს მოხვევას არ გულისხმობს",- წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ევროსაბჭო "ოცნების" ანგარიშების დაყადაღებას აკრიტიკებს / დარჩიაშვილი: ეს ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმების აქტიურობის შედეგია.
"ეს არის ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმების აქტიურობის ან რომელიმე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის შედეგი და ბუნებრივია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამაზე რეაგირება მოახდინა. "ქართული ოცნების" ანგარიშზე არსებულ თანხასთან შედარებით დაკისრებული ჯარიმები ძალიან მცირეა და კიდევ უფრო მცირეა ამოღებული თანხა. შესაბამისად, ამით მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი არ ეშლებათ. ამის დამადასტურებელი ის უამრავი აქტივობა შეიძლება დავასახელოთ, რომელსაც კოალიცია "ქართული ოცნება" ახორციელებს. ისინი ფულის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. ჩვენ არ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ პარტიები წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში არიან. როდესაც კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია, კანონდამრღვევს ჯარიმა ეკისრება. ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება. ყველაფერს, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ვაკეთებთ, აქვს ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალიან პატივსაცემი ორგანიზაციაა, მინდა ვთქვა, რომ განცხადება ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს და ეს არასწორად მიმაჩნია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი.
"ქვეყანაში შექმნილი ვითარება საკმაოდ სერიოზულია. ყველა სახელმწიფო რესურსი "ქართული ოცნებისა" და მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წინააღმდეგაა ამოქმედებული. მიმართავენ უმკაცრეს სანქციებს და სასამართლო განხილვები არასამართლიანად მიმდინარეობს. მთავარი ალბათ ის არის, რომ პარტიების ანგარიშები დაყადაღებულია, ანუ ერთი თეთრიც რომ ჩაირიცხოს ამ ანგარიშებზე, თანხა ე.წ. ინკასოს მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში აღმოჩნდება. ხელისუფლება გვართმევს საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას. ნაციონალური მედია ამოქმედებულია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიმართულებით. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში სამართლიანი გარემო ნამდვილად არ გვაქვს და სწორედ ახლა არის საჭირო საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. ამ ვითარებაში არჩევნები უკვე შეიძლება შეფასდეს არასამართლიანად. ჩვენ აღნიშნულ ორგანიზაციას კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები მივაწოდეთ, რამაც მათ ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა მისცა", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე.
"ხელისუფლება ვალდებულია საერთაშორისო ორგანიზაციებს ანგარიში გაუწიოს და "ქართული ოცნების" მიმართ არასამართლიანი ქმედებები შეწყვიტოს. თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მაშინ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არჩევნები არ არის სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი და ამ პირობებში არანაირ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება. არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი დღე, მხოლოდ პირველი ოქტომბერი, ეს არის მთელი წინასაარჩევნო პროცესი, რომელზეც ხელისუფლება აგებს პასუხს. ჩვენ ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღაცას საკუთარ აზრს ვახვეთ თავს. ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ თავი იმართლოს, თუმცა საბედნიეროდ, მათ ეს აღარ გამოსდით", - დასძენს მანანა კობახიძე.
"ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება ნორჩი ლენინელები ვუწოდოთ. ლენინი ამბობდა, რომ სიტყვის თავისუფლება თვითმკვლელობის ტოლფასია იმ ქვეყანაში, რომელსაც თვითონვე მართავდა. ასე მიიჩნევენ ჩვენი ხელისუფალნიც. მალე ჩვენ მათი მხრიდან აღმაშფოთებელ განცხადებებს მოვისმენთ. იტყვიან, რომ თურმე კოალიცია "ქართული ოცნება" ცრუ და მოღალატე ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებსაც მსოფლიო რუკიდან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წაშლა სურთ. ამ ასამბლეის დღევანდელი განცხადება გაუგებრობის გაგების მხოლოდ დასაწყისია. ის ჟურნალის მხოლოდ ერთი ფურცელია. ეს ჯერ მხოლოდ ერთი საკითხია, რომელიც დასავლეთმა შეისწავლა და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ათეული მიმართულებით სჩადის უმსგავსობას. "ახლა, ალბათ, გამოვა ბატონი ბოკერიას საბჭოს რომელიმე წარმომადგენელი და გაავრცელებს ტექსტს, რომლის თანახმადაც ყველა პარტია წინასაარჩევნოდ თანაბარ პირობებში მუშაობს. ისინი ეცდებიან დაარწმუნონ დამკვირვებლები, რომ აქ სიმშვიდე და კეთილდღეობაა. კეთილდღეობა კი ქვეყანაში ყველა პირობას ქმნის თანაბარი შეჯიბრებისათვის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.