ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალის მიმდებარედ განლაგებული იმ 8 ქართული სოფლის საბოლოოდ განადგურების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქართულმა მოსახლეობამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. სოფლებს არც სახელწოდებები შეუნარჩუნდებათ, მათ ადგილზე კი ინდუსტრიული ზონა გაშენდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "Известия" საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ესაუბრა.
- რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
- თუ თიბილოვმა ასეთი ბარბაროსობა ჩაიფიქრა, ეს ჩვენთვის დიდი გამოცდაა. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვკვეთოთ ამ 8 სოფლის დანგრევა. მათ გადასარჩენად აუცილებელია რუსეთთან გადაუდებელი დიალოგი. საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციები და მე როგორც რიგითი ქართველი, პირადად მივმართავ მათ, რომ ქართული სოფლების განადგურება არ დაუშვან.
- არ თვლით, რომ თიბილოვის შეიძლება, ეს საკითხი მოსკოვთან შეეთანხმებინა?
- არ ვფიქრობ, რომ მას ასეთი ინიციატივისკენ რუსულმა მხარემ უბიძგა. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რუსეთი მსგავს სისასტიკეს არ დაუშვეს. სხვაგვარად ეს იქნება ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა ნაწილობრივ თბილისსაც დაეკისრება. ის თუ დღეს ე.წ. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი არსებობს, ამაში 2008 წლის არასწორი პოლიტიკის გამო დიდი "დამსახურება" საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც მიუძღვის. სააკაშვილმა საკუთარი გადადგომის ფასადაც არ უნდა დაუშვას ამ სოფლების დანგრევა. მას რომ საკუთარი ქვეყანა უყვარდეს, სწორედ ასე მოიქცეოდა. საინტერესოა, ნუთუ პრეზიდენტი ახლაც ფიქრობს, რომ ომში გაიმარჯვა?
- 2006 წელს ამ სოფლებში თბილისმა მის მიერ კონტროლირებადი "დროებითი ადმინისტრაცია" შექმნა. უკვე მაშინ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თავისი დედაქალაქის სიახლოვეს ასეთი "ანკლავის" გამო უკმაყოფილო იყო....
- ამ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით კომენტარისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი, თუმცა დღეს უკვე შეიძლება, ითქვას, რომ აგვისტოს ომის შედეგებმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი სტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილების აბსურდულობა დაადასტურა.
- ბოლო პერიოდში საქართველო-ოსეთის საზღვარზე, სოფელ ერგნეთში ბაზრობის აღდგენის შესაძლებლობა განიხილება, რომელიც 1989-1992 წლების პირველი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ არსებობდა. თქვენმა შემცვლელმა ხელისუფლებამ იგი კონტრაბადასთან ბრძოლის საბაბით გააუქმა.
- ამ ბაზრობის ფუნქციონირებაში არსებული ბევრი უარყოფითი ასპექტის მიუხედავად, მისი გაუქმება ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო. მის აღდგენას მე მხოლოდ მივესალმებოდი, თუ საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ეტაპობრივ დამყარებას შეუწყობდა ხელს.