"ქართულ ოცნებას", "7"-ის მაგივრად, "41" ნომრით, გაფუჭებული პლაკატებით, მაისურებით და სხვა საარჩევნო ატრიბუტიკით მოუწევს არჩევნებზე გასვლა. თანაც იმ ფონზე, როდესაც მათ თვეების განმავლობაში განუწყვეტელი დაჯარიმებებით და დაყადაღებებით ფინანსების პრობლემები აქვთ და, რაც მთავარია, საზოგადოების ცნობიერებაში კოალიცია "ქართული ოცნება" 7 ნომერთან ასოცირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ გუშინ მიიღო, არგუმენტად კი საკანონმდებლო ნორმა დაასახელა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ციფრების პოლიტიკა: "ოცნებას" ნომერი მაინც შეუცვალეს / ქრისტიან-დემოკრატებმა ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ?
"საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლითაც იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა არჩევნებში მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა არჩევნებზე მიკუთვნებული ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას. თუ წინა არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ცესკოს განმარტებით, იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ცესკო-ში საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებს ასახელებენ, რომელთა მიხედვითაც, "თუ არჩევნებისთვის ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ", ხოლო "ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით". ცესკო-ს განცხადებით, ეს საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს, თუმცა აღნიშნული საკითხი არ გამხდარა დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში, როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსი მუშავდებოდა", - დასძენს გამოცემა
"ქართული ოცნების"" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოიყენებს "კონსერვატიული პარტიის" საარჩევნო ნომერ 7-ს. "ხარატიშვილისგან ვითხოვთ იგივე პასუხს, რომელიც თავის დროზე გასცა "კონსერვატიულ პარტიას" ადგილობრივ არჩევნებზე, როდესაც ბლოკში ახალ სუბიექტად იყო ნოღაიდელის პარტია და მაინც მიიღო 7 ნომერი" - ზვიად ძიძიგურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგივე მოხდა ქდმ-სა და "ალიანსი საქართველოსთვის" მიმართაც, რომელთაც საარჩევნო ნომრებად მიიღეს "10" და "2", - წერს სტატიის ავტორი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის აზრით, "ცესკო-ს ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო ნომრად 7-ის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი ჰქონდა, რადგან კანონი ამ შემთხვევაში ბუნდოვანია". თუმცა, მიიჩნევს, რომ "ამასთან დაკავშირებით პრობლემის შექმნა არ იქნება გამართლებული. მით უმეტეს, რომ "ქართულ ოცნებას", ალბათ, უკვე აქვს სამუშაოები ჩატარებული და გარკვეული მასალები დაბეჭდილი". ასეთივე შეფასებას აკეთებს საია-ის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილიც - "ნორმა არის ბუნდოვანი. მასში ცხადად არ იკითხება ის, რომ ბლოკში შემავალი ყველა პარტია ბოლო საპარლამენტო არჩევნების მონაწილე უნდა იყოს იმისთვის, რომ ბლოკმა რომელიმე პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნორმა იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ცესკოს შეუძლია ის სხვადასხვანაირად - ასეც განმარტოს და ისეც. ამ შემთხვევაში აკეთებს ისეთ განმარტებას, რომელიც არის ძალიან ვიწრო და რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებში არ შედის", - აღნიშნა ჩუგოშვილმა, რომლის თქმით, 2010 წელს, მსგავს სიტუაციაში ცესკომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და ამ ნორმას განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა - ეს კი, მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ცესკომ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ასეთივე სიტუაცია იყო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. ცესკოს 189-ე განკარგულებით კი 2010 წელს, კანონის ზუსტად ასეთივე ჩანაწერით და ცესკო-ს იმავე შემადგენლობით, სხვადასხვა ბლოკებს მიენიჭათ საარჩევნო ნომრები და მათ შეძლეს ნომრების არჩევა. ახლა ისმის კითხვა - როდის დაარღვია კანონი ცესკო-მ: 2010 წელს, როდესაც ასეთივე ჩანაწერის პირობებში მისცა ბლოკებს ნომრის არჩევის უფლება, თუ დღეს, როდესაც ბლოკ "ქართულ ოცნებას" არ აძლევს ნომერ 7-ის გამოყენების საშუალებას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.
"ცესკოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ცესკო-ში იმყოფებოდნენ და ზურაბ ხარატიშვილს ხვდებოდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ეუთოს დელეგაცია ამ საკითხით დაინტერესდა. თუმცა, ცესკომ მათ ნომერი მაინც შეუცვალა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სიაში ყველაზე ბოლო, 41-ე ნომერი მიანიჭა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა გუშინ ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომერი 41 კანონის საფუძველზე განკარგულებით მიენიჭა. მისივე განმარტებით, 2010 წელს, როდესაც ბლოკებმა მოახერხეს ნომრების არჩევა, ცესკომ დადგენილება მიიღო, რის საფუძველზეც ბლოკებს ნომრის არჩევის საშუალება მიეცათ. ასეთი დადგენილება კი ამ არჩევნებისთვის არ მიუღიათ", - დასძენს სტატიის ავტორი.
"დამზადებულია 7-ნომრიანი მაისრები, ბუკლეტები, გაზეთები და პლაკატები. ჩვენ მივიღებთ სერიოზულ ფინანსურ ზარალს, თუკი 7-ს ჩამოგვართმევენ. 7-ის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მაისიდან. პირველივე აქციაზე გავაჟღერეთ, რომ ჩვენი ბლოკის ნომერი იქნებოდა 7 და თუკი, ცესკოს რაიმე განსხვავებული აზრი ჰქონდა, ჩვენთვის უნდა ეცნობებინა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.
"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გასაჩივრების ვადებს ადგენს კანონი. ცესკოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების მიღებული გადაწყვეტილება 48 საათში ექვემდებარება გასაჩივრებას, ხოლო განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა ასევე 48 საათში უნდა მოხდეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი არგუმენტი იქნება ცესკოს მიერ ნაწარმოები პრაქტიკა 2008-2010 წლების არჩევნებში, რაც მეტყველებს იმას, რომ ჩვენს წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.