«ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ხალხი ცხოვრობს რაჭაში (სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში და ა.შ. _ გააჩნია,
სად არის ჩასული სააკაშვილი. – ავტ.), განსაკუთრებით მშრომელი, თბილი, მეგობრული და პატრიოტი». ასეთ სიტყვებს სააკაშვილი უშურველად არიგებს რეგიონებში სტუმრობისას. ახალციხეში მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან 2008 წლის აგვისტოს ახალი ინტერპრეტაცია წარმოადგინა, ხოლო რაჭაში სულ «ტკბილი ხალხი» უძახა ადგილობრივებს.
ახალციხეში სტუმრობისას მან მოსახლეობას ვრცლად მოუთხრო ოთხი წლის წინანდელი ამბების შესახებ: «დღეს ჩვენთან არიან ჩვენი მეგობარი პოლონელები და კერძო ვიზიტით, ოჯახთან ერთად ლატვიის პარლამენტის სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს ლატვიის მთავრობის თავმჯდომარე იყო იმ ხუთ ევროპელ ლიდერთან ერთად, რომლებიც ჩამოვიდნენ არა მიტინგზე და კონცერტზე, როგორც ვიღაც ავადმყოფებს ეჩვენებათ, არამედ ჩვენი უზარმაზარი ეროვნული აღმაფრენის გამოხატვაზე. მათ ემუქრებოდნენ, რომ დაბომბავდნენ, მაგრამ ხალხი არ დაიშალა და ისინიც მაინც ჩამოვიდნენ. ჩვენ ლატვიის მაშინდელი ხელმძღვანელობისა და ლატვიელი ხალხის, პოლონელების მადლობელი ვართ იმიტომ, რომ ისინი დაგვეხმარნენ, გაგვერღვია ის ტყუილის რკალი, რომელშიც გვაქცევდნენ.
რა უცნაური ფენომენია, რომ მთავარი ბრძოლის იარაღი ჩვენ წინააღმდეგ იყო ტყუილი. ომის დღეებში რუსული ტელევიზიები ჩვენი ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებს აჩვენებდნენ, თუ როგორ ბომბავდნენ რუსული თვითმფრინავები ქართულ ქალაქებს და მათ ქართველების მიერ ცხინვალის დაბომბვის კადრებად ასაღებდნენ. დღეს რა ხდება? _ რუსეთის ტელევიზიები გადმოსცემენ ჩვენ მიერ აღდგენილი გორისა და სხვა ქალაქების კადრებს და ასაღებენ, როგორც რუსების მიერ აღდგენილ ცხინვალს. არაა ეს პარადოქსი?! ამ ხალხს ნგრევის მეტი არაფერი შეუძლია. მე რუს ხალხს არ ვერჩი, მაგრამ მათ ხელმძღვანელობასთან არათუ პრეტენზია გვაქვს, არამედ ისინი არიან თავი და თავი, რაც საქართველოსთან მიმართებაში მოხდა და ასევე ის ხალხი, ვინც მათთან ერთად მუშაობს, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და დიახ, სწორედ ერთი კაცის ბრალია ყველაფერი», _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მთელ ამ ტირადაში, სხვა ბევრ მანიპულაციაში (პრეზიდენტს რომ არ ვაკადროთ, პათოლოგიური ცრუპენტელა ხარ-თქო!), ყურადღებას ერთი რამ იქცევს: «ჩამოვიდნენ არა მიტინგზე და კონცერტზე, როგორც ვიღაც ავადმყოფებს ეჩვენებათ, არამედ ჩვენი უზარმაზარი ეროვნული აღმაფრენის გამოხატვაზე». ის ტაშ-ფანდური, რომელიც პარლამენტის წინ იყო გაჩაღებული, თურმე მოგვჩვენებია «ვიღაც ავადმყოფებს», სინამდვილეში კი ეს მიტინგი კი არა, აღმაფრენა ყოფილა.
კიდევ კარგი, სიტყვა «სამგლოვიარო» არ გამოიყენა სააკაშვილმა _ ეს ხომ სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა ჩვენი დაღუპული ბიჭების ცხედრები უპატრონოდ იყო მიტოვებული აგვისტოს ცხელი მზის ქვეშ!
თუმცა სააკაშვილის პროპაგანდისტულ ინტერპრეტაციებს უკვე ყური მივაჩვიეთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო მის მიერ სახელდახელოდ შეთხზული «გმირული ისტორია» იყო, როცა მან 2008 წლის აგვისტოში ფოთში ჩასვლის დეტალები «გაიხსენა». მის იქ ყოფნას ვერც მისივე ადმინისტრაცია, ვერც ადგილობრივები და ვერც ჟურნალისტები იხსენებენ, მაგრამ იგი წარბშეუხრელად ქადაგებს: «კარგად მახსოვს, რომ გარშემო რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა, მაგრამ იქ ჩასვლა და ხალხის გამხნევება აუცილებელი იყო. გზები დაკეტილი იყო და ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით ფოთში. დავიწყე გამოსვლა და რუსებმა პირდაპირ ეთერში რომ დამინახეს, რამდენიმე ათეული «ბეტეერით» ჩემს დასაჭერად გამოემართნენ. ფოთის შესასვლელში მათ მსუბუქად შეიარაღებული ადგილობრივი პოლიციის რაზმი გადაუდგა და უთხრეს, «ჩვენ მაინც გავისვრით და არ გაგატარებთო».
რუსებს თან ახლდა ერთი ქართველი (სხვათაშორის, რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათთან, ისინი ყოველთვის ამზადებენ ხოლმე მე-5 კოლონას, მე-11 არმიის პროტოტიპებს და ბოლო წლებში მოზდოკში ქართველების რაღაც არმიის გაწვრთნა გრძელდება) და ამ ქართველმა ჩვენს პოლიციელებს უთხრა, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, მხოლოდ ერთი ადამიანი გვაინტერესებს, არავის არაფერს დავუშავებთო. ამ პოლიციელმა უპასუხა: «ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო».
სააკაშვილმა ახლა თავმდაბლობის ნიღაბი მოირგო და განაგრძო: «მე ნამდვილად არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების იდენტიფიკაცია მოვახდინო საქართველოსთან, მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე; იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება ქვეყნის დამონების სიმბოლოა და ახლაც ასე რჩება. ისინი თავს გამარჯვებულად ვერ ჩათვლიან, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს. სამცხე-ჯავახეთის შემოსასვლელში ახალქალაქის სპეცრაზმის მეთაური გეორგ საგოიანი დახვდა რუსებს, რომლებმაც უთხრეს, «ჯავახეთის გასათავისუფლებლად მოვდივართო». მან მკვახედ მიუგო: «მე, როგორც ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მკვიდრი, გეუბნებით, რომ ჯავახეთი არის საქართველო და ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთვის».
ამიტომ ის, ვინც დღეს რუსების მიერ ჩამოყვანილი ქართველის ენით გველაპარაკება, რომ პრობლემა მარტო ერთი კაცია, ერთ-ორ რეგიონს აგაწაპნით და ა.შ., იმას ქართველი ხალხის არსი არ ესმის. ყველა ლიდერი გამოიცვლება, მაგრამ საქართველოს ვერავინ დააკნინებს იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფლებას და აღმშენებლობას გავუგეთ გემო. რუსეთის ადგილობრივ დამქაშებს ყველაზე მეტად სწორედ იუსტიციის სახლები აღიზიანებთ, სწორედ იმის გამო, რომ ვერასდროს ამ გამჭვირვალე შენობაში ისინი ქრთამების აღებას ვეღარ შეძლებენ. სხვა ფსიქოლოგია შეიქმნა. აი, რატომ აღიზიანებთ პრორუსულ ელემენტებს ეს სახლები, ახალი პარლამენტი, ყბადაღებული შუშის ხიდი – იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახალი საქართველოს სიმბოლოებია. განსხვავებით მათგან, ვისაც თვალები და ყურები არ აქვს და იძახის, რომ «გაურკვეველია, თუ ვინ დაიწყო ომი და ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს».
ქართველი ერი მშვენივრად ხედავს, რა არის მისი მომავალი. რატომ გვიჭერენ მხარს ევროპელები, ამერიკელები, იაპონელები?! იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენ თვითონ გვინდა ჩვენი თავისუფლება, კრემლი კი ცდილობს, რომ საქართველოს შიგნით მოაძლიეროს ის ხალხი, რომლებიც ორაზროვნად ლაპარაკობს თავის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ «ომში დამნაშავე საქართველოა». ეს ყველაფერი კომპლექსია. ჩვენ გავაგრძელებთ შენებას და ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომას და საქართველოს გავამთლიანებთ», _ განაცხადა სააკაშვილმა.
იუსტიციის სახლებით ტრაბახი და «ფერფლიდან აღდგენილი ფენიქსის» კორუფციით დაშინება სააკაშვილის საფირმო ნიშნად იქცა. ამ თემაზე იგი ყველგან ლაპარაკობს და ხალხს «წარსულის დაბრუნების» აჩრდილით აფრთხობს. წინა ღამეს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სააკაშვილი 10 აგვისტოს რაჭაში ჩაფრინდა და სოფლების _ ხვანჭკარის, ხვარცუთისა და ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივ მოსახლეობას რაჭაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და, ჩვეულებისამებრ, იმ სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს.
«ჩემთვის დიდი პატივია ხვანჭკარის თემში ჩამოსვლა, სადაც რამდენიმე სოფელი შედის. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ხალხი ცხოვრობს რაჭაში, განსაკუთრებით მშრომელი, თბილი, მეგობრული და პატრიოტი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს აქაურობა. ყველგან რაჭაში ვაკეთებთ გზას, ყველგან რაჭაში მივალთ კარგი გზით. რაჭის ყველა სოფელში ჩვენ გავაკეთებთ წყლის სისტემას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას», _ განაცხადა სააკაშვილმა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მოხდება რაჭის ყველა სოფლის გაზიფიკაცია და რაჭაში იქნება ევროპული სტრანდარტების შესაბამისი სკოლები. არადა, მისი საყვარელი მინისტრი _ კახა ბენდუქიძე ამ რამდენიმე წლის წინ გაზიფიკაციას «სისულელეს» ეძახდა და «რა საჭიროა სოფლებში გაზიო», კითხულობდა! სკოლები კი ოპტიმიზაციის საბაბით დახურა და ახლა ბავშვებს ერთი სოფლიდან მეორეში უწევთ სიარული გაკვეთილებზე. ალბათ, ამას უწოდებს სააკაშვილი «ევროპულ სტანდარტს»!
ხვანჭკარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: «ახლა ძალიან კონკრეტული სიტუაციაა, გვაქვს არჩევნები. წეღან ქალბატონმა თქვა, რომ მინდა, სიმართლე გითხრა რაჭაზეო. მეც მინდა ვთქვა, რომ ამ არჩევნებზეც გაირკვევა სიმართლე. ოქტომბერი ეს მარტო ის კი არ არის, რომ თავი მოვიწონოთ, პირველ რიგში ისაა, რომ თავი დავიცვათ, თითოეულმა ჩვენმა ოჯახმა თავი დაიცვას წარსულის უკან მობრუნებისგან. ღმერთმა არ ქნას, წარსული უკან მობრუნდეს. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, «წარსული უნდა დავაბრუნოთო»; პირდაპირ გვეუბნებიან, რომ უნდა დაანგრიონ მარტო შუშის ხიდი კი არა, მთელი სია აქვთ: პარლამენტი, იუსტიციის სახლები, რომლებიც აღიზიანებთ იმიტომ, რომ მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის იუსტიციის სახლი არის პრობლემა. როგორც კი კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში, კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში, საავადმყოფოებში, სოფლებში, უბნებში», _ განაცხადა სააკაშვილმა, რაზეც ერთ-ერთმა ადგილობრივმა უპასუხა, რომ «ეს არ მოხდება».
სააკაშვილი, მერაბიშვილივით, სხვადასხვა რეგიონში ერთი და იმავე ტექსტებით გამოდის, ოღონდ სიტყვაწყლიანობით ახალ პრემიერს, ცხადია, ჩრდილავს. ყველა სხვა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სააკაშვილს რეგიონებში შეხვედრისას უკვე ძალიან ხშირად საყვედურობენ. მას ეს ძალიან აღიზიანებს, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან კამათს აზრი არ აქვს _ ძვირი დაუჯდება. ამიტომ ამჯერადაც თავი მოუქონა ადგილობრივებს და უპასუხა: «თქვენს პირს შაქარი. ძალიან ტკბილი ხალხი ხართ».
ამ «მოკრძალებული პიროვნების» პროპაგანდისტული ფრენები ვეღარ არის ისეთი შედეგიანი, როგორც გასულ წლებში, მაგრამ იგი კვლავაც ჩვეული სტილის ერთგული რჩება. მიშა ხომ სიყვარული არ არის, მიშა პროპაგანდაა. ჰოდა, ერთი სიმღერისა არ იყოს, პროპაგანდა დაფრინავს, პროპაგანდა არ დადის!