გოგა ხაინდრავა:

გოგა ხაინდრავა: "საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ივანიშვილი კი პრემიერ-მინისტრი გახდება"

"Vesti.Az"-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწესთან, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან.

- სამცხე-ჯავახეთში სომხური წარმოშობის ცნობილი ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის სამცხე-ჯავახეთში მიწვევასთან დაკავშირებით საქართველოში აღშფოთება იზრდება. რიგი პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები, ისეთები მაგალითად, როგორიც რეჟისორი ქეთი დოლიძეა, თვლიან, რომ ამ რეგიონში აზნავურის კონცერტის ჩატარება შეიძლება, იმის აღიარებად ჩაითვალოს, რომ ეს რეგიონი სომხეთს ეკუთვნის. თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ასეთ პრობლემურ რეგიონში აზნავურის მიწვევა?

- ეს ყველაფერი იქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მეტისმეტად პოლიტიზირებულია. აზნავური დიდი მომღერალია და მე ვერაფერ ცუდს ან საშიშს ვერ ვხედავ იმაში, რომ მან ჯავახეთის რეგიონში კონცერტი გამართოს. ეს იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია.

სხვა საქმეა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქ საკუთარ პარტიულ ღონისძიებას მართავს და ამ მიზნით, აზნავურის სახელს იყენებს. ვფიქრობ, თავად აზნავურს ეს რომ სცოდნოდა, საეჭვოა, მასში მონაწილეობა მიეღო. პოლიტიკის კულტურასთან არევას არასწორად ვთვლი. აი, რაშია ჩვენი ქვეყნის უბედურება. ამიტომ, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ჩვენ სააკაშვილს კანონიერი, საპარლამენტო არჩევნების გზით ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას.

- თუ ხელისუფლება შეიცვლება, როგორც თქვენ ამბობთ, როგორ განვითარდება მომავალში თბილისსა და ბაქოს შორის ურთიერთობები, რომელიც ახლა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს?

- აზერბაიჯანთან ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. პირიქით, იგი მომავალშიც განვითარდება. მე ძალიან მიყვარს აზერბაიჯანელი ხალხი და ჩვენი ურთიერთობების გაუარესებაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ. ისინი მხოლოდ გამყარდება. უბრალოდ აღარ იქნება ის თვალთმაქცობა, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლებაა გაჟღენთილი. იქნება ორ ერს შორის ძმობა და საერთო კავკასიური ამოცანების ერთიანი გაგება.

- ვის ხედავთ საქართველოს სათავეში მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, რომელსაც ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტზე მესამედ კენჭისყრის უფლება აღარ აქვს?

- ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებსა და ახალ სახეებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენ, აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ ცალსახად დადებითი დამოკიდებულება ექნებათ.

- არ შემიძლია, რუსეთთან დაკავშირებით არ გკითხოთ. როგორ განვითარდება მომავალში რუსეთთან ურთიერთობები, რომელიც ახლა უკიდურესად დაძაბულია?

- ვფიქრობ, მხოლოდ გიჟს შეუძლია, 21-ე საუკუნეში რუსეთს ინტერვენციის საბაბი მისცეს. სამწუხაროდ, მას ასეთი საბაბი მიეცა.

როგორც ცნობილია, ნებისმიერი ომი ადრე თუ გვიან, მთავრდება. რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენ თანაბარ პირობებში უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომელიც ბოლო წლებში იქნა დაშვებული. პირველ რიგში, რუსეთის ჯარებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ. ქართულმა მხარემ კი თავის მხრივ, უნდა აღიაროს, რომ არსებობს მეზობელი, რომ არსებობენ საერთო მეზობლები და რომ თავისი პოლიტიკა გაერთიანებულ ინტერესებზე უნდა აშენოს. ვფიქრობ, აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ეკონომიკის მეშვეობით აღდგეს.