მანანა ნიკოლეიშვილი:

მანანა ნიკოლეიშვილი: "საგანგაშოა, როცა ფიზიკაში აბიტურიენტების 53%, ხოლო ქიმიაში - 25% ვერ ლახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს"

ეროვნული გამოცდების ახლახან გამოქვეყნებულ შედეგებსა და განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე, ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი გვესაუბრება.

- საგანგაშოა, როცა ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში - აბიტურიენტების 20 პროცენტი, ფიზიკაში - 53 პროცენტი, ხოლო ქიმიაში - 25 პროცენტი ვერ ლახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. სახელმწიფოს მიერ ეს საგნები პრიორიტეტულად, ფაქტობრივად, მხოლოდ სიტყვით გამოცხადდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლება რომ იყოს, ამ დისციპლინების სასწავლო საათებს გაზრდიდნენ. თუნდაც მინიმალური ცოდნის მისაღებად, მათემატიკის გაკვეთილი კვირაში 4-ჯერ კი არა, ყოველდღე, თან ორ-ორი საათი უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს. ამასთანავე, სწავლება ხუთდღიანი კი არა, ექვსდღიანი უნდა იყოს, როგორც ადრე. როგორ შეიძლება ისეთი ფუნდამენტური მეცნიერებები, როგორიც ფიზიკა და ქიმიაა, მოსწავლემ კვირაში ორი გაკვეთილით ისწავლოს? ფიზიკა მე-8-დან კი არა, გაცილებით დაბალი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს, უნდა გაიზარდოს ქიმიისთვის გამოყოფილი საათებიც. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამჟამად მინიმალური კომპეტენციის ბარიერი ძალზე დაბალია. მაგალითად, ქიმიისა და ბიოლოგიის 75-ქულიან ტესტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 19 ქულაა! წარმოიდგინეთ, რა შედეგი გვექნებოდა, ეს ზღვარი მაღალი რომ იყოს - აბიტურიენტთა 70-80 პროცენტი გამოცდაზე ჩაიჭრებოდა! და თუ ამ მონაცემებს 10-ქულიან სკალაზე გადავიყვანთ, გამოჩნდება, რომ აბიტურიენტი, რომელიც ერთიანს, ორიანს, სამიანს იღებს, სტუდენტი ხდება.

- რას მიიჩნევთ აბიტურიენტების არა­სათანადო მომზადების მთავარ მიზეზად?
- ამ ყველაფრის მიზეზი სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის გაუარესებაა, მოსწავლეთა დიდი ნაწილი საატესტატო გამოცდებამდე ვერც აღწევს. ამჟამად, როცა სწავლის საფეხურის საშუალო მაჩვენებელი 5 ქულამდე ვერ აღწევს, მოსწავლეს, თუ ის რომელიმე საგანში ხუთიანზე ნაკლებ შეფასებას მიიღებს, გამოცდაზე გასვლის უფლება არა აქვს. აღსანიშნავია, რომ კანონის ეს მოთხოვნა დამდეგი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სასწრაფოდ, წინსწრებით აამოქმედეს. შექმნილი ვითარების გამო ათასობით მოსწავლე ატესტატის გარეშე დარჩა, ხოლო ათიათასობით მოზარდი სკოლის ერთი საფეხურიდან მომდევნოზე ვერ გადადის: დაწყებითი საფეხურიდან საბაზო საფეხურზე, ანუ მე-6 კლასიდან მე-7 კლასში, საბაზოდან - საშუალოზე, ანუ მე-9 დან მე-10-ში, რითაც მშობელს აიძულებენ, საჯაროდან კერძო სკოლაში გადაიყვანონ ბავშვი, რისი ფინანსური საშუალება მათ უმრავლესობას არა აქვს.

- გავრცელებული ინფორმაციით, არც პედაგოგთა გამოცდები გამოირჩეოდა მაღალი შედეგებით, განსაკუთრებით - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ფიზიკაში და ა.შ.
- სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ძალზე უხარისხო ტესტები შეადგინეს; გეოგრაფს გეოგრაფიას არ ეკითხებოდნენ, ისტორიკოსს - ისტორიას, ტესტში შედიოდა რიგი საკითხები, რომელიც არც მასწავლებლის ცოდნის გამოსავლენად იყო უპრიანი, არც- კომპეტენციის. სახელმწიფოს ინტერესი ნამდვილად არ არის, რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი, მით უმეტეს, მაღალქულიანი ჰყავდეს - მას უჭირს (განსაკუთრებით ამ ძვირად ღირებული არჩევნების ფონზე) მასწავლებლებისთვის ხელფასის გადახდა, მათთვის 75 ლარის მომატებაც კი. ახლახან დასრულებული გამოცდების ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი არასწორად განსაზღვრული დროა - ძალზე რთულია, პედაგოგმა - ხუთსაათ-ნახევარში, აბიტურიენტმა კი სამსაათ-ნახევარში გაართვას თავი ტესტს და თან გადაათეთროს.

- გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი წლიდან სკოლაში ახალი საგანი შემოდის - "საიენსი" (მეცნიერება), რომელიც ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას გააერთიანებს.
- დიახ, ამ საგანს მე-7 კლასიდან ასწავლიან. ეს სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილებაა, ან იციან კი, ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი, - ინტეგრირებული ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია?! ამას ხომ სპეციალიზებული კადრი სჭირდება. ვერც ამ საგნის სახელმძღვანელოები უძლებს კრიტიკას, ან როგორ შეიძლება ქიმია ფორმულის გარეშე ასწავლო? ეს ნოვაცია ფუჭი გასროლაა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონეს ამ გზით ვერ აამაღლებენ.