პოლიტიკურ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი 6 პარტიიდან 4-ის საბანკო ანგარიშებს ინკასო ადევს. ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა მაშინ შეიტყვეს, როცა პირადი ანგარიშიდან თანხის გამოტანა სცადეს. კოალიციაში შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო იმ ჯარიმის ამოღების მიზნით დაედო, რომელიც კოალიციას ივნისში დაეკისრა. ჯარიმა, 2.38 მილიონი ლარი, ხუთმაგი ოდენობაა იმ თანხისა, რომელიც კომპანია „მენეჯმენტ სერვისმა“ კოალიციის ოფისების დაქირავებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის გაიღო და კონტროლის პალატამ უკანონო შეწირულებად მიიჩნია. კოალიციის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში თანხის უქონლობაზე ლაპარაკობენ, თუმცა გამოსავალს საკუთარი მენეჯმენტის შეცვლაში ხედავენ და მხარდამჭერებს, თანხის გადარიცხვის ნაცვლად, ნივთიერ დახმარებას სთხოვენ.
იმას, რომ პოლიტიკურ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი 6 პარტიიდან 4-ის საბანკო ანგარიშს ჯარიმის ამოსაღებად ინკასო ადევს, რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი და კოალიციის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიგლა აგულაშვილი კოალიციის პარალიზების მიზნით გადადგულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა, მისივე სიტყებით, კოალიცია ამ ნაბიჯის საპასუხოდ შიდა მენეჯმენტს შეცვლის და მაინც მოახერებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას. აგულაშვილის აზრით, ხელისუფლების მიერ კოალიციის წევრი პარტიების ანგარიშებზე ინკასოს დადება ”ერთგვარი კეკლუცობაა”, რამდენადაც ინკასო, ყადაღისგან განსხვავებით, იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ ანგარიში არ იყინება და მასზე თანხის შედინება მაინც ხდება, ხოლო მფლობელს საშუალება ეძლევა ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, ვიდრე მას აღსრულების მიზნით სახელმწიფო მოხსნის, გამოიტანოს კიდეც, თუ მოასწრებს.
გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ ანგარიშებზე ინკასოს დადებით და ფინანსური პრობლემების შექმნით, ხელისუფლება მიზანს მაინც ვერ მიაღწევს, რადგან ”ქართული ოცნება“ გამოიყენებს იმ საშუალებას, რომელიც მათ ხელთაა. იგულისხმება უფასო სარეკლამო დროით სარგებლობა და სხვა. ამასთან, გიგლა აგულაშვილის სიტყვებით, ფული კოალიციისთვის მთავარი რესურსი არ არის:
”ჩვენი მთავარი ძალა ფინანსურ ერთეულებში არ გამოიხატება, ჩვენი მთავარი ძალა არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა გაქვს, ფული მეასეხარისხოვანი ხდება. მათ აქცენტი აიღეს იმაზე, რომ ანგარიშები მოგვიკლან, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩვენს გარდაცვალებას. მათ, აი, ამ ამბავში ეშლებათ, რაც მთავარია”,- უთხრა რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, გიგლა აგულაშვილმა.
კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრმა ნოდარ ხადურმა 17 აგვისტოს მედიის თანდასწრებით გამოიტანა თავისი სახელფასო ანგარიშიდან თანხა, რომელიც, მისივე სიტყვებით, ”ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების განბაჟებისთვის აქვს განკუთვნილი. ნოდარ ხადურმა მხარდამჭერებს ასეთივე საქციელისკენ მოუწოდა და თანხის ნაცვლად ნივთიერი შემოწირულების გაკეთება სთხოვა:
”მე იმედი მაქვს, ჩვენი თანამოქალაქეები მოიქცევიან ისე, როგორც ახლა მე ვიქცევი, და თანხას კი არ ჩაგვირიცხავენ, არამედ, პირობითად, შეიძლება ვიღაცამ შეუკვეთოს პლაკატის დამზადება და შემოგვწიროს პლაკატი და არა ფული.”
”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და ეს ფაქტი წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციის არათანაბარ პირობებში ჩაყენებად შეაფასეს. თუმცა ამ აზრს არ იზიარებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” გაკეთებულ კომენტარში მან თქვა, რომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, სწორედ ”ქართული ოცნება”იყენებს, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, მეტ ფულად რესურსს, რითაც ის კონკურენტებს უთანასწორო გარემოს უქმნის:
”რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოში თანაბარ შესაძლებლობებს, არსებულ სიტუაციას ნამდვილად თანაბრად ვერ მივიჩნევთ, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით, ძალიან ცალსახა არის, რომ სწორედ ”ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 4-ჯერ მეტი ფინანსები აქვს უკვე დახარჯული წინასაარჩევნო გარემოში.”
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ ”ქართული ოცნების” ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტს, მის შეფასებამდე, სამართლებრივი თვალსაზრისით შესწავლა სჭირდება. ისინი ამით დაინტერესდებიან და თავიანთ აზრს საზოგადოებას მომავალ კვირაში გააცნობენ.
როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა 17 აგვისტოს, ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებიდან უკვე 100 ათასი ლარია ჩამოჭრილი. თანხის ჩამოჭრა კი გაგრძელდება მანამ, სანამ კოალიციისთვის ჯარიმის სახით დაკისრებული 2. 38 მილიონი ლარი არ დაიფარება.