"აქტივისტებმა სამძიმრიდან ააყენეს ორმოცამდე კაცი და გამოაქციეს, რომ სააკაშვილისთვის დაეხვედრებინათ!"

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად აწყობს შეხვედრებს, მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი იმერეთის სოფელ ახალთერჯოლაში გამართულმა პრეზიდენტთან შეხვედრამ გამოიწვია, სადაც ტაშის აუდიოჩანაწერი გამოიყენეს. სააკაშვილი სოფელში მეუღლესთან ერთად ვერტმფრენით ჩაფრინდა და უკანაც ასევე გაბრუნდა. უცნაური ამაში არაფერი არ არის. მაგრამ მოსახლეობა მაშინ კი ნამდვილად გაოცებული დარჩა, როდესაც სააკაშვილის გამოსვლისას ტაშის აუდიო ჩანაწერებს რთავდნენ. თანაც, აქციის ორგანიზატორები ამაში ჯერჯერობით კარგად არ არიან გაწვრთნილი, ხანდახან ჩართვა უადგილო ადგილას უხდებოდათ და შეკრების ადგილი ჩაწერილი ტაშით ინგრეოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პანაშვიდი, ტაშის ჩანაწერი და შეხვედრა პრეზიდენტთან.

"სხვათა შორის, ამ შეხვედრისას ასევე პირველად დააყენეს ხმის გამაძლიერებლები და მთელ სოფელს ესმოდა ჩაწერილი ტაშის ხმა. ამის ფონზე კი სააკაშვილი თავის ოპონენტებს ყოველგვარი ცენზურის გარეშე ლანძღავდა. რა თქმა უნდა, მას გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ახლაც გასაგები იყო, რომ პრეზიდენტი ივანიშვილს გულისხმობდა. ჩაწერილი ტაშის გამოყენების ფაქტს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც ადასტურებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იმერეთში იმყოფება და აქ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას უწევს ორგანიზებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს ნამდვილად ასე იყო, რადგან ამ შეხვედრას ესწრებოდნენ პირადად ჩემ მიერ გაგზავნილი ადამიანები და მათგან ვიცი, როგორ ახდენდნენ ჩაწერილი ტაშის იმიტაციას ხმის გამაძლიერებლების საშუალებით. ეს ადამიანები გაოცებული დაბრუნდნენ და ამბობდნენ - საკუთარი თვალით რომ არ გვენახა, სხვის ნათქვამს არ დავიჯერებდითო. მათი თქმით, ეს იყო ძალიან უნიჭოდ გაკეთებული და რამდენჯერმე ჩანაწერის გაშვება ადრეც კი მოუვიდათ, ვიდრე რეალურად დაიწყებდა ვინმე ტაშის დაკვრასო! ბრეჟნევიც კი არ აკეთებდა ამას, რასაც სააკაშვილი აკეთებს. მართალია, ეს კაცი ამ ქვეყანაში ყველაფრის იმიტაციას ახდენს, დაწყებული აღდგენილი შენობებითა და სამუშაო ადგილების შექმნით დამთავრებული, მაგრამ ტაშის იმიტაცია უკვე ნამეტანია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილი.

"მისი თქმით, აქამდე მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი სმენია და ამ ყველაფერს უკავშირებს იმას, რომ სააკაშვილის შეხვედრებზე ადამიანების მიყვანა სულ უფრო უჭირთ. ეს სოფელი საკმაოდ მრავალრიცხოვანია და რვაასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სააკაშვილის შეხვედრაზე სამასი-ოთხასი კაცის მობილიზებაც ძლივს მოახერხეს. თანაც აქედან ადგილობრივი ასამდეც კი არ იქნებოდა და ახალთერჯოლელები პირველად მაშინ გაოცდნენ, როდესაც ამდენი "თანასოფლელი" აღმოაჩინეს. თუმცა შეხვედრებზე ხალხის ჩაყვანა და ადგილობრივ მოსახლეობად და რიგით მოქალაქეებად გასაღება ახალი ამბავი არ არის. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის შეხვედრების ორგანიზატორებმა განსაკუთრებით იმერეთში მოინდომეს, გასაგები მიზეზების გამო", - დასძენს გამოცემა.

"ამ შეხვედრაზე სამძიმრიდან მიიყვანეს ხალხი. ამ სოფელში სამძიმარი იყო და აქტივისტებმა ამ სამძიმრიდან ააყენეს ორმოცამდე კაცი და გამოაქციეს, რომ სააკაშვილისთვის დაეხვედრებინათ! მათ იციან, რომ ხალხს ასეთ შეხვედრებზე მისვლა აღარ უნდა, რადგან იციან, რომ აქ ტყუილის მეტს ვერაფერს მოისმენენ. სწორედ ამიტომ ჩამოჰყავთ სხვადასხვა ადგილიდან, ძირითადად საჯარო მოსამსახურეები. სოფლებში ხომ ყველა ყველას იცნობს და ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ იქ მყოფთაგან უმეტესობას არ იცნობდნენ", - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.