“ქართული სიტყვის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ახალი სახე და საარჩევნოს სიის პირველი ხუთეულის წევრი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა იყოს. მართალია, კოალიციის წევრები ამ ინფორმაციას პირად საუბარში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ უტას საიმისო ასაკი აქვს, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ 5 აგვისტოს ბათუმში, “ოცნების” აქციაზე უტა ივანიშვილიც იმყოფებოდა. სხვათა შორის, ეს “ოცნების” პირველი აქცია იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნები თარიღი გამოაცხადა _ როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.
“თუ საჭირო გახდა, პოლიტიკაში აუცილებლად ჩავერთვები,” _ ეს განცხადება უტა ივანიშვილმა ბათუმში, ქართულ საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ტაიმ-ნიუსთან” საუბრისას გააკეთა. აქვე, უტა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მამამისს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ჩართვა სწორედ მისმა სურვილმა გადააწყვეტინა და თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, პროცესებში დამოუკიდებლად ჩაერთვებოდა.
“მართალია, მე იმ შედეგებს ვერ მივაღწევდი, რასაც მამა აკეთებს, მაგრამ იმას, ჩემი ქვეყნისთვის რაც შემეძლება, აუცილებლად გავაკეთებ. მამაჩემი უკან არ დაიხევს, ეს გამორიცხულია. ჩვენ, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. თუ საჭირო გახდება, პოლიტიკაში ყველა ფორმით ჩავერთვები და ყველა ფორმით დავეხმარები ჩემს ქვეყანას,” _ აცხადებს ზემოხსნებულ სააგენტოსთან საუბრისას ივანიშვილის უფროსი ვაჟი.
სხვათა შორის, როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, უტა ივანიშვილი განათლებას სწორედ პოლიტიკის განხრით იღებს. შესაბამისად, კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ უტა ივანიშვილი შესაძლოა, კოალიციის სახე გახდეს, არცთუ დაუჯერებელია. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის სიის პირველი ნომერი ახალი სახე იქნება.
მოკლედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ფორმით ჩაერთვება უტა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში.