შეხვედრა შეხვედრისთვის, თუ – შედეგიანი პროცესისთვის?

შეხვედრა შეხვედრისთვის, თუ – შედეგიანი პროცესისთვის?

საარჩევნო გარემო ჯერ არ გარდაცვლილა, უბრალოდ, კვლავ რაენიმაციულ განყოფილებაშია... აქამდე ჩატარებულმა “ოპერაციებმა” უშედეგოდ ჩაიარა და ამიტომ, გუშინ, “ექიმთა კონსილიუმი” კვლავ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტში და მისი გადარჩენის მეთოდების შესამუშავებელ ფორმატზე ისაუბრა.

 

“შევეცდებით, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება ოპოზიციაში. მცდელობა გვექნება, რომ ეს არ მოხდეს”, - უთხრა პრესა.გე-ს შეხვედრაზე შესვლამდე “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ.

 

ოპოზიციისა და მმართველების შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მას 13 საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ორი კი – “ითვლებოდა” რომ იქ იყო. როგორც მოგეხსენებათ, “ეროვნულმა ფორუმმა” “ლილოს” ბაზრობაზე დაკავებული წევრის გამო პროტესტის ნიშნად მმართველებთან პირისპირ საუბარი არ ისურვა და თავისი ნდობის მანდატი დანარჩენ 7 არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას გადაულოცა.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, “ეროვნული ფორმის” წარმომადგენელის შესახებ შეხვედრაზე არავის უსაუბრია. თუმცა, სხდომის შემდეგ “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულის გათავისუფლება ამ პროცესს უფრო სანდოს გახდის. შეხვედრას, დაუდგენელი მიზეზის გამო არ ესწრებოდნენ “კონსერვატორების” ლიდერები და მათი მანდატით “ხალხის პარტიის” წევრი ალეკო შალამბერიძე იყო აღჭურვილი.

 

ჩვენ შეხვედრის ზოგიერთ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველი პარლამენტის ბიუროს ოთახის წინ ჯონდი ბაღათურია გამოჩნდა, შემდეგ “ქრისტიან-დემოკრატი” ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, მერე კოსტანტინე გამსახურდია, “ედეპეს” თავი - ბაჩუკი ქარდავა და გია თორთლაძე გამოჩნდნენ თანმიმდევრობით. ერთ სიტყვით, პარლამენტსა და მმართველებს “შეჩვეულმა” პარტიებმა გარე “რადიკალებს” მიასწრეს შეხვედრაზე... “აქაურები” აქ არიან, ვანახოთ, ახლა, მთავარი ძალა როდის მოვაო”, - ხუმრობდნენ მავანნი პარლამენტში...

 

მალე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოჩდნენ - ყველანი ერთად და ირაკლი ალასანიაც უმალ მოექცა ჟურნალისტების ალყაში. მოკლე კომენტარების შემდეგ პარტიებმა ბიუროს ოთახში გადაინაცვლეს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” სამი მასპინძელი – დავით ბაქრაძე, პეტრე ცისკარიშვილი და პავლე კუბლაშვილი შეეგებნენ სტუმრებს.

 

დაპირისპირება არა, მაგრამ შეხვედრამდე აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციურ პარტიებში ნამდვილად არსებობდა. მაგალითად, ბაღათურიასთვის ბიომეტრიული პასპორტებითა და თითის ანაბეჭდებით არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა არჩევნების ბედს რადიკალურად არ ცვლის და არც გაყალბების მექანიზმის წინააღმდეგ ეფექტურად გამოსაყენებული საშუალებაა. მისთვის მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსისა და გაყალბების სხვა მექანიზმების შეცვლა უფრო პრიორიტეტულია.

 

ბაჩუკი ქარდავამ კი შეხვედრაზე შესვლამდე პრესა,გე-ს განუცხადა, რომ საერთოდ ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა დაიწეროს. ქარდავა: “ასეთი ფართო შემადგენლობით ხელისუფლებას ოპოზიციასთან საუბარი არ ჰქონია, ახლა ყველაფერი ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება თავის პოზიციაზე იქნება და შეეცდება ეს პროცესი ფარსად აქციოს, მაშინ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რადგან ისინი სერიოზულად არიან დაინტერესებულები, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს საქართველოში.

 

სხვა შემთხვევაში, ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა და თუ ეს ასე იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ, რა დაემართება ამ ხელისუფლებას. უნდა შეიქმნას ახალი საარჩევნო კოდექსი, რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ამ კოდექსში ნებისმიერი პუნქტის ჩასწორება შედეგს ვერ გამოიღებს, ისედაც ძალიან ბევრჯერ შეიცვალა”.

 

შეხვედრიდან გამოსულმა ალასანიამ კი განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსზე მსჯელობის თემა ღიაა და ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული, თუმცა, 8 პარტიის შემუშავებული ცვლილებების მიხედვითაც კი, საარჩევნო კოდექსი იმდენად შეიცვლება, ფაქტობრივად, ახალი კოდექსი გამოვა. საინტერესო შენიშვნა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით გია თორთლაძემ პრესა.გე-სთან საუბარში. მისი თქმით, ახალ კოდექსზე საუბარი ვერ იქნება, რადგან 8 პარტიის მომზადებული ცვლილებათა პაკეტი საერთოდ არაფერს ცვლის ძველ კოდექსში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და საბოლოოდ, მაინც მივიღებთ ძველს, ოღონდ სერიოზულად სახეცვლილს.

 

ჩვენი ინფორმაციით, ახალი კოდექსის შექმნაზე უარს არც “ნაციონალები” იტყვიან, ოღონდ ერთი “ფარული” მიზეზის გამოც - ახლის შემუშავებასთან და მიღებასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მეტი მსჯელობა, პროცედურა და დროა საჭირო, ვიდრე კოდექსში ცვლილებების შესატანად, რაც საარჩევნო გარემოზე მუშაობის პროცესს უფრო გაახანგრძლივებს. აქვე შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა პაკეტის მომზადებასა და განხილვას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ თითქმის ერთი წელი მოანდომა და რა დრო დასჭირდება ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას, ამის განსაზღვრა უკვე ძნელია...

 

პარტიები კი აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას პროცესის გაჭიანურების საშუალებას არ მისცემენ. ვნახოთ, რა იქნება... როგორც ჩანს, აზრთა სხვადასხვაობა და დაძაბულობა სხვა თემებზეც ბევრი იქნება და ეს ბუნებრვი პროცესია, მაგრამ მთავარია, პარტიებს ჭკუა ეყოთ და ამ პროცესის გაჭიანურებას თავად არ შეუწყონ ხელი.

 

მაგალითად, თორთლაძეს თავადაც აქვს შენიშვნები და ამბობს, რომ ის და მისი მომხრეები საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის გაზრდისთვის იბრძოლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ინტერესებს 8 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობა მოჰყვება, რადგან ისინი პარლამენტართა რაოდენობის თითქმის განახევრებას ითხოვენ.

 

დავით ბერძენიშვილი: “ჩვენ გვყავს ძალიან მძიმე ხელისუფლება. მასთან მოლაპარაკება ძალიან რთულია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების გარდა სხვა გზა არ არსებობს. საარჩევნო გარემოს შეცვლა რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელი.

 

ნებისმიერ გზაზე საუბრობთ, თუნდაც აქციების, რევოლუციას არ ვგულისხმობ?

-ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ გარემო შევაცვლევინოთ ამ ხელსუფლებას”.

 

ალეკო შალამბერიძე: “შეცვლიან თუ არ შეცვლიან? უნდა შევაცვლევინოთ. ჩვენი ერთიანი ძალებითა და უცხოელების დახმარებით უნდა მივაღწოთ ქვეყანაში ნორმალურ დემოკრატიულ ცხოვრებას”.

 

მამუკა კაციტაძე: “აუცილებლად, მივიყვანთ ამ პროცესს ლოგიკურ დასასრულამდე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის აქტიურად ვართ მოწოდებული და ყველა შანსს გამოვიყენებთ, რომ ამ პროცესიდან კონკრეტული შედეგი მივიღოთ”.

 

ჯერ ლოგიკურ დასასრულზე ვერ ვიმკითხავებთ, მაგრამ პროცესის დასაწყისის პირველი შედეგი ის იყო, რომ პარტიებს სამ საათზე მეტი დასჭირდათ, რათა გაერკვიათ, კონკრეტულად სად უნდა გაეგრძელებინათ შეხვედრები. როგორც ყოველთვის დახურული შეხვედრიდან ხმები მაინც გამოვიდა, საპარლამენტო ოპოზიცია და “ნაციონალები” შეხვედრების გაგრძელებას საქართველოს პარლამენტში ითხოვდნენ, დანარჩენი 8 ოპოზიციური პარტია კი – პალამენტსგარეთ შეხვედრებს ემხრობოდა.

 

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში გაიმართება.. ჩვენი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე მომავალი შეხვედრის ადგილის შესახებ საინტერესო აზრებიც გაჟღერებულა, მაგალითად, როგორიცაა ბინის, ან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზის დაქირავება...

 

დაინახეთ შიდაოპოზიციური განხეთქილება რაიმე საკითხზე პირველივე შეხვედრაზე?

ბერძენიშვილი: “ერთ რამეს ვიტყვი, რომ რვაპარტიული ფორმატი, წამყვანი საპარლამენტო პარტიის “ქრისტიან-დემოკრატების” ჩათვლით, იყო ძალიან შეთანხმებული პოზიციების დამცველი. რაიმე არსებითი ხასიათის პრობლემები არც სხვებს შეუქმნიათ. არა, ქრსტიან-დემოკრატები არ იყვნენ პარლამენტის შეხვედრების გაგრძელების ინიციატორები, ხელისუფლებას ერჩია პარლამენტში, მაგრამ შეთანხმება იმის შეთანხმებაა, რომ თუ მას ასეთ უმნიშვნელო საკითხზე ვერ მივაღწიეთ, მაშინ რაღას მივაღწევთ საერთოდ? რა, ცესკო სხვისია? თუმცა, ცესკოში რომ ჩატარდეს არჩევნებან დაკავშირებული შეხვედრები უფრო ადექვატურია და მისაღები ყველა მხარისთვის. ეგზოტიკური ვარიანტებიც იყო იქ ახლა, ამაზე აღარ ვილაპარაკებ”.

 

შეხვედრის ადგილზე მსჯელობის პროცესის დროს ეგზოტიკური ვარიანტების დასახელების ინფორმაცია კულუარულადაც გაჟღერდა. ჩვენი ინფორმაციით, როცა სასტუმროს ქირაობის საკითხი დადგა, ვიღაცამ ტაილანდური მასაჟის თაობაზეც იხუმრა.. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ცესკოშო დათქვეს მორიგი შეხვედრა, თუმცა, ალასანიას თქმით, შეხვედრის ადგილი მომავლისთვის შეიძლება, კიდევ შეიცვალოს. 

 

კიდევ ერთი საკითხი, რამაც სერიოზული აზრთა სხვადასხაობა გამოიწვია სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ფორმაა. ქარდავას თქმით, ძალიან ბევრმა ვარიანტმა გაიჟღერა, მათ შორის - ხმათა 2\3-ის, ხმა თა უმრავლესობის, კონსესუსის, კონსესუს მინუს ორის. “დათვლით დავიღალეთ და არ მათქმევინოთ მეორედ.. მომავალ შეხვედრაზე გაირკვევა ყველაფერი.

 

მე ვერ ვხედავ არსებულ ვარიანტებს შორის პრინციპულ სხვაობას. მაგ ვარიანტებში რომ დაითვალო ხმები, ერთი-ორი ხმაა, რომელიც გავლენას ვერაფერზე მოახდენს.. “ნაციონალებს” განსაკუთრებული წინააღმდეგობა არცერთზე არ გაუწევიათ”, -ამბობს ქარდავა. 

 

“მრეწველი” ზურაბ ტყემალაძე: “ჯერჯერობით, რაიმე სირთულეები არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ უნდა მივიღოთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, დაწყებაა ძნელი, თორემ, მერე მიდის პროცესი. გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, კონსესუსით უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ უმრავლესობის წარმომადგენელი, როგორ გგონიათ, თანახმა იქნება, თვითონ არ იყოს თანახმა, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს და ეს გაიტანოს? განხეთქილების ნიშნები არ ყოფილა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები რომ ყველა ერთ ხმაზე არ ლაპარაკობენ, ხომ იცით, ეს”.

 

აი, ასეთი იყო დაძაბული შეხვედრის კულუარული, თუ ღია ინფორმაციები. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ შეხვედრაზე “ნაციონალებზე” მეტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, მმართველები კი – უსმენდნენ. სხვათაშორის, პეტრე ცისკარიშვილმა შეხვედრა ადრეც კი დატოვა, ალბათ, იმიტომაც, რომ “ნაცების” “მთავარი “დამრტყმელი ძალა” მიხვდა, იქ ჩხუბს არავინ აპირებდა, მონოტორული სამუშაო პროცესი კი ბაქრაძესა და კუბლაშვილს “შეატოვა”.

 

“ეს არ არის პროცესი პროცესისთვის, ეს არის პროცესი შედეგისთვის”, -თქვა შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეხვერის შემდეგ კი აღნიშნა: “რთული, მაგრამ კონსტრუქციული შეხვედრა იყო... ხანგრძლივი კომპრომისების გზის დასაწყისში ვართ”. აქვე ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ამ პროცესისადმი და ზეწოლა ხელისუფლებაზე იმდენად დიდია, “ექიმთა კონსილიუმს” რომც არ უნდოდეს, რაღაც შედეგი მაინც უნდა დადოს უკეთესობისკენ. ვნახოთ, რა იქნება. ბოლოსდაბოლოს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე 10 მილიონ დოლარამდე უნდა დაიხარჯოს.