ხორცისა და პურის გაიაფების იმედიც კი არ არის, შანსი მით უმეტეს

ხორცისა და პურის გაიაფების იმედიც კი არ არის, შანსი მით უმეტეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის პირობა არ სრულდება. დაპირების მიუხედავად, პური არ გაიაფდა, არც მისი ხარისხი გამოსწორდა, ჯერჯერობით, არც ხორცის გაიაფების ტენდენციები ჩანს. ლეიბორისტების მტკიცებით, ხორბლის იმპორტი მონოპოლიზირებულია, რომელსაც კუბლაშვილები მფარველობენ. რაც შეეხება ხორცის რეალიზაციაზე მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას, ლეიბორიტი გიორგი გუგავას განცხადებით, ახალი წესები ორი მიზეზით დაიგეგმა - დავით კეზერაშვილის იმპორტირებული ხორცის ბიზნესის ხელშეწყობისთვის და „ყასაბი ცეზარ ჩოჩელისთვის“ ადგილობრივი ხორცის ბიზნესის მონოპოზიცებისთვის.

 

სექტემბრის დასაწყისში ბაკურ კვეზერელმა პირობა დადო, რომ პური ერთ თვეში გაიაფდებოდა. თუმცა, კვეზერელის დაპირებიდან 2 თვის შემდეგა პურის გაიაფებას საშველი არ დაადგა, არადა მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მოსახლეობის კვების რაციონში ყველაზე დიდი წილი პურს უკავია, უცხოელი ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ კვებაში პურის დიდი წილი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობა პურს დიდი რაოდენობით მოიხმარს, სოციალურად ღარიბ ფენა ამ პროდუქტის გაძვირებამ ყველაზე მეტად შეაშფოთა. უფრო ცუდი არის ის, რომ პურის გაძვირებასთან ერთად კიდევ უფრო გაუარესდა პურის ხარისხი. შესაბამისად, მოსახლეობა ყოველდღიურად ყველაზე მეტი უხარისხო საკვებით იკვებება. ექიმების განცხადებით, ქართული პურის (მინიმალური გამონაკლისების გარდა) ჭამა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ვინაიდან იწვევს კუჭის წყლულსა და კოლიტს.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში უამრავი წისქვილკომბინატი და ხორბლის იმპორტიორია, თუმცა მათ შორის ფასების შეთანხმება ხდება და კონკურენციის ფაქტორი არ არსებობს. სპეციალისტების განცხადებით, მთავრობა მეწარმეების მოთოკვას მხოლოდ თავის სასარგებლოდ ცდილობს, ამკაცრებს საგადასახადო ადმინისტრირებას და აქვს მაღალი გადასახადები. საქართველო წელიწადში 750 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 90% იმპორტია.

 

მინისტრის მეორე დაპირება ხორცის გაიაფება იყო, მართალია ხორცი არ გაიაფდა, მაგრამ არც ისე გაძვირდა როგორი პროგნოზიც კეთვდებოდა - 15 ლარი. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხორცის გაძვირება მოსახლეობის მწვავე რეაქციის გამო შეჯერდა, რომელიც სასაკლაოების გახსნას მოყვა. თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ ხორცი ეტაპობრივად მაინც გაძვირდება, ვინაიდან ამ ბაზარის მონოპოლიზება მიმდინარეობს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისისა და მთელი შიდა ქართლის ხორცით მომარაგება ნატახტარის სასაკლაოდან უნდა მოხდეს, რომელიც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს ეკუთვნის.

 

გიორგი გუგავას განცხადებით, ვინაიდან იმპორტულმა დაბალიხარისხის ხორცმა ადგილობრივს, ფასების მიხედვით, კონკურენცია ვერ გაუწია, მთავრობამ გამოსავალი იპოვა. შეიქმნება რამდენიმე სასაკლაო, სადაც გაიცემა ხარისხიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ეს პროცედურა ხორცის აძვირებს, ხოლო იმპორტირებული ხორცი სასათბურე პირობებში აღმოჩნდება.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულმა ვერ ჩაძირა ხორცი იყო. ამიტომ ოპოზიციის განცხადებით, იმპორტირებული ხორცის რეალიზაცია რომ გაიზარდოს, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

 

„ინდოეთიდან ხორცის იმპორტი კეზერაშვილს აბარია, შესაბამისად, მას ამ ბიზნესის კიდევ უფრო გაზრდისთვის ხელს უწყობენ. ყველამ კარგად იცის, რომ ინდური ხორცი ადამიანების ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ინდოეთში ძროხა წმინდად არის შერაცხული, შესაბამისად, იგი თუ არ დაავადდება ან დაბერდება არავინ კლავს, საქართველო კი ამგვარი ხორცის გამსაღებელია. იმის გამო, რომ ყასაბი ჩოჩელი მონოპოლისტი გახდეს, ყველაფერში ხელს უწობენ. მოსახლეობა ხორცის ყიდვას ვეღარ შეძლებს, არადა ადამიანების დიდი ნაწილი ხორცს ისედაც, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყიდულობს“, - ამბობს გიორგი გუგავა.

 

სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ სასაკლაოების შექმნის მიზანი არის ის, რომ მოსახლეობას მაღალი ხრისხის გადამუშავებული ხორცი მიეწოდოს. ვეტერინარები რატომღაც მიიჩნევენ, რომ გადაუმუშავებელი გაუყინავი „ცხელ-ცხელი“ ხორცი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

 

სასაკლაოების შექმნის ამ მოტივზე კულუარებში თვითონ პარლამენტარებიც კი ხალისობენ, მათი თქმით, თურმე ხელისუფლებას ყველაფერში არ უნდა დავუჯეროთ, ვინაიდან ახალი ხორცი უფრო გემრიელია, ვიდრე გადამუშავებული და თვითონაც გადაუმუშავებელ ხორცს შეექცევიან.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ე.წ. ფორმა 2-ს სერტიფიცირებული ვეტერინარები გასცემდნენ, რომლებიც სურსათის უვნებლობის სამსახურს ყველა რაიონულ ცენტრში ჰყავს. ახლა კი სარეალიზაციო ხორცისათვის საქონლის დაკვლა მხოლოდ სასაკლაოზე მოხდება, რომელიც მის ხარისხზე და დამზადებაზე იქნება პასუხისმგებელი. 

შესაბამისად, ხორცის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით პრეტენზიები ნაკლებად იქნება.

 

პრეზიდენტის სააკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გლეხს ბევრ პრობლემას მოუხსნის. „გლეხებს აღარ მოუწევთ რაიონში ჩასვლა პირუტყვის გასაყიდად. ქარხანას თავისი წარმომადგენლები ეყოლება, რომლებიც თავად შეიძენენ პირუტყვს საბაზრო ფასად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ გლეხებს პირუტყვი მეხორცეებთან ისედაც არ ჩამოჰქონდათ. ისინი სოფლებში თვითონ დადიოდნენ და ხორცს გლეხებისგან ადგილზე ყიდულობდნენ.

სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 6 სასაკლაო მეოქმედებს - ორი კახეთში - თელავსა და ყარაჯალაში, ასევე ნატახტარში, მცხეთაში, ასპინძაში. ასევე სასაკლაოები გაიხსნება მცხეთაში (მეორე), გარდაბანში, მარნეულში, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.

 

იმ რაიონში სადაც უკვე სასაკლაოები არსებობს, ხორცის გაყიდვა ამ სასაკლაოს მიერ გაცემული ფორმა 2-ის გარეშე იკრძალება, ხოლო იქ სადაც ჯერჯერობით, სასაკლაო არ არსებობს ფორმა 2-ს ისევ ვეტექიმი გასცემს, თუმცა ასეთი საბუთით აღჭურვილი საქონლის თბილისში ჩამოტანა აკრძალულია.

 

ამ აკრძალვას სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურში იმით ხსნიან, რომ ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავებული ხორცით.

 

აღსანიშნავია, რომ სპეციალიეტბის განცხადებით ადგილობრივი ხორცით მოწამვლის ფაქტები საქართველოში არ არსებობს, პრობლემები შეიძლება იმპორტირებულ ხორცს „ჩამოჰყვეს“, რომლის კონტროლი საქართველოში არ წარმოებს.

 

ასე რომ, პოლიტიკოსებს, მათ შორის პარლამენტშიც კი ეეჭვებათ, რომ სასაკლაოების შექმნა მოსახლეობის ზრუნვით იყოს განპირობებული. მიზეზი არის კიდევ ერთი დიდი, მონოპოლიზირებული ბიზნესის შექმნა, რომელიც რამდენიმე მოსახლეობის ხარჯზე ადამიანს დამატებით შემოსავალს მისცემს, ვინაიდან მთავრობის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ პროდუქტის გაძვირებას იწვევს.