მეგობრობა, რომელიც საფრთხეს შეიცავს

მეგობრობა, რომელიც საფრთხეს შეიცავს

უცხოური პრესა საქართველოს ირანთან გაღრმავებული ურთიერთობების გამო აკრიტიკებს. ოფიციალური ვაშინგტონი, ჯერჯერობით, თბილისისათვის ირანთან ვაჭრობის შემცირების თხოვნით შემოიფარგლა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ირანთან დაძმობილების გამო საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე უთხრა მკაცრი საყვედური იმ ცნობილი შეხვედრის დროს, რომლის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველ პირს ბრიფინგიც კი არ გაუმართავს ჟურნალისტებისთვის. დაასახამს თუ არა მოსკოვის წისქვილზე წყალს თბილისის სწრაფვა თეირანისკენ?

 

“The Economist”-ში გამოქვეყნებული წერილი პრესა.გე-მ ვრცლად უკვე შემოგთავაზათ. მოკლედ შეგახსენებთ, რომ სტატიის ავტორი განცხადებით, “შეშინებულმა” საქართველომ ირანისკენ მას შემდეგ “გაიხედა”, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ რუსეთთან “გადატვრთვის” პოლიტიკის განხორციელება დაიწყო.

 

მიმომხილველი წერს: “ქართველ დიპლომატები, ალბათ, თურქეთს შეჰყურებენ, რომელიც ცდილობს დასავლეთის მეგობარიც იყოს და მისი მტრებისაც. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიესალმა თურქეთისა და ბრაზილიის მაისის წინადადებას  – ეშუამავლათ ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხში. მაგრამ ეს დამაბალანსებელი ქმედება ხრიკია. ქართული ოფიციალური ვერსიით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქისთან შეხვედრისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებების მნიშვნელოვნებას. ირანის სამთავრობო  საინფორმაციო სააგენტო, Press TV კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „შესთავაზა მტკიცე მხარდაჭერა“ ირანის ბირთვულ პროგრამაში. ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა იქ დარჩენა, საქართველოს, ცნობილი არ არის”.

 

პრესა.გე-ს კითხვებს ირან-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ექსპერტები პასუხობენ.

 

პაატა ზაქარეიშვილი: “ამ კავშირით საქართველომ აიღო კურსი აღმოსავლეთისკენ და უარს ამბობს დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ამას უხეშად “სინგაპურიზაცია” ჰქვია. საქართველოს დღევანდელი კურსი აშკარად ასეთია – განვითარება დემოკრატიის გარეშე. საქართველომ ცალსახად აღიარა, რომ ის ევროპოისკენ აღარ მიისწრაფვის, ევროპის იმედი არ აქვს და არაფერს ელის, ამიტომ თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას. შედეგად, ის პოულობს საერთო ენას ისეთ ქვეყნებთან, საიდანაც ეკონომიკური სარგებელიც ექნება.

 

მთელმა საქართველომ აღიარა, თუ საქართველოს მთავრობამ? ჩემთვის აზრი ამ საკითხზე არავის უკითხავს...

-ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისოს, რომ ეს ხელისუფლება მისი არჩეულია და ის გამოდის საქართველოს სახელით, ანუ ხალხის სახელით.

 

კლასიკური გაგებით ასეა, მაგრამ არ მგონია, რიგითმა, ყველაზე არაპოლიტიზირებულმა მოქალაქემ ირანი არჩიოს რომელიმე ევროპულ ქვეყანას. თუმცა, აქ საკითხავია, საქართველომ (ვგულისხმობ მთავრობას) თქვა უარი დასავლეთზე, თუ დასავლეთმა უთხრა უარი საქართველოს (აქაც ხელისუფლებას ვგულისხმობ)?

- არა, საქართველოსთვის უარი პრინციპულად არავის უთქვამს. ევროპას გააჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, სადაც გაერთიანებულია ექვსი სახელმწიფო: მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. დასავლეთი ექვსივეს ერთნაირად ელაპარაკება. საქართველოს მთავრობამ მოინდომა, რომ პრივილეგირებულ ყოფილიყო ამ ექვს ქვეყანას შორის. ანუ, მათი აზრით, ჩვენ ვართ განსაკუთრებული ერი, განსაკუთრებული დემოკრატიით, განსაკუთრებული დასავლური მენტალობით. ევროპამ კი გვითხრა, არ ხართ თქვენ განსაკუთრებულები და უკეთესები, ისეთივეები ხართ, რაც დანარჩენები არიანო.

 

ირანთან უვიზო რეჟიმით რა იცვლება უსაფრთხოების თვალსაზრისით?

- საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რაკი ევროპა არ გვაძლევს იმას, რაც გვინდა, ამიტომ ჩვენ განვავითარებთ ურთიერთობას ირანთან... კი ბატონო, შემოვლენ ირანელი ტურისტები და აქ დაისვენებენ, შესაბამისად - დახარჯავენ თანხებს და ეს კარგია. დაისვენებენ ბათუმში. ირანი ჩაკეტილი ქვეყანაა, საქართველოში მათ ნამდვილად დახვდებათ თავისუფლება. სად – რომ ირანელი ქალი სხვაგან ჩაცმული იბანავებს და სად ის, რომ ბათუმში საცურაო კოსტუმით იცურავებს, ევროპულად? ირანში ბევრს უნდა ევროპულად ცხოვრება და საქართველოში ნახავენ ისინი თავის ევროპას.

 

ტურისტის შემოსვლა, ზოგადად, ძალიან კარგია ქვეყნისთვის, არა?

- ამიტომ გეუბნებით, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური უპირატესობა გაცვალა დემოკრატიასა და ევროპასთან ურთიერთობაზე. რაკი ჩვენ ირანი შემოგვყავს, ევროპა კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩვენს მიმართ. საქართველო შეიძლება, გახდეს ის მოედანიც, სადაც ევროპელები (მათ შორის - მუსულმანი ევროპელები) და ირანელები იოლად შეხვდებიან ერთმანეთს, რადგან ორივე მხარე უვიზოდ შემოდის. ამას ემატებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ადამიანები, რომლებიც ასევე უვიზოდ შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. გარკვეულწილად, ისლამური სამყაროსთვის საქართველო ხდება შტაბ-ბინა. მარტო ტურისტები ხომ არ შემოვლენ? მხოლოდ ტურისტების შემოსვლას მეც მივესალმები, მაგრამ ამ ტურისტებს აუცილებლად შემოჰყვება ის ხალხი, ვისაც უნდა, რომ ერთმანეთი “იპოვოს”.

 

ამერიკამ და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ იარანელებს მათ ქვეყანაში მოძრაობა აუკრძალა, რადგან არ ენდობიან და გადადგილებაში აკრძალვები დაუწესეს. ამ დროს საქართველო უშვებს მათ თავის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო უსაფრთხოებას, აქ პრობლემა არ იქნება. საქართველოს წინააღმდეგ არავინ გაილაშქრებს, მაგრამ საქართველო მსოფლიოსთვის გახდება ის საეჭვო ქვეყანა, სადაც თავს იყრის მათთვის საფრთხის მომტანი ხალხი. საქართველოში არ მოხდება ტერაქტები, მაგრამ საქართველოში დაიგეგმება სხვა ქვეყნებისკენ მიმართული ტერაქტები.

 

საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტად გაუძნელდებათ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაადგილება, ინვესტიციები ვერ შემოვა ევროპიდან, რომელიც შეიძლებოდა შემოსულიყო დემოკრატიის განვითარების შემთხვევაში. ახლა, მართალია, ევროპული და ამრიკული ინვესტიციები ძალიან ცოტა შემოდის, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს... დღევანდელი სიტუაცია კი ასეთია - საქართველო ხდება უფრო მეტად აზიური ქვეყანა, აზიური მენტალობით და ბიზნესურთიერთობებით”.

 

“ექსპერტთა კლუბის”  წევრს, ზურაბ აბაშიძეს კი, ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი კითხვა აქვს და ამბობს, რომ ისეთი არაფერი ხდება, განგაში ატყდეს.

 

ზურაბ აბაშიძე: “საქართველოს ირანთან, როგორც მეზობელ ქვეყანასთან, ნორმალური ურთიერთობები აქვს წლების განმავლობაში. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა საკმაოდ მზარდი მონაცემებით მიდის. როცა ჩვენ დაგვჭირდა და კრიტიკული მომენტები გვქონდა, გაზის იმპორტი განვახორციელეთ ძალიან დაბალ ფასად და მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. რომელი პრეზიდენტის დროს მოხდა ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათ გაზი საქართველოს მისცეს. ეს მოხდა შევარდნაძის დროსაც და მერეც. ეს ენერგეტიკული თანამშრომლობა მაშინ განხორციელდა, როცა ჩვენ რუსეთთან გვქონდა პრობლემები.

 

კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროშია ურთიერთობები. იქ ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. რაღაც გათვლები არის. თავად ირანი პრობლემური ქვეყანაა ბირთვული პრობლემატიკის გათვალისწინებით, მაგრამ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემას ვერ ვიხსენებ. სხვათა შორის, ორივე პრეზიდენტია ნამყოფი ირანში – სააკაშვილიც და შევარდნაძეც. რაც შეეხება ამ ბოლო ხანს ურთიერთობების აქტივიზირებას, განსაკუთრებულ კითხვის ნიშანს ბადებს უვიზო რეჟიმი.

 

საერთოდ, იყო საჭირო ეს უვიზო რეჟიმი, აშშ და ევროპა ძალიან შეაშფოთა ამ ფაქტმა?

- ვერ გეტყვით. მართალი რომ გითხრათ, უვიზო რეჟიმის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. ვიზა თუ ავტომატურად გაიცემა საზღვარზე, როგორც ჩვენ მაგალითად, თურქეთთან გვაქვს, არანაირ პრობლემას არ ქმნის და ეს უვიზო ვარიანტი, რა აუცილებელი იყო, არ ვიცი. თურქეთში ისე მივდივართ და მოვდივართ, პირდაპირ აეროპორტში ვიღებთ ამ ვიზას, პრობლემა საერთოდ არ გვაქვს. შეიძლება, პრინციპში, არგუმენტად ის მოიყვანონ, რომ პასპორტი მაინც მოწმდება მესაზღვრის მიერ და გაუგებრობა თავიდან იქნება აცილებული, ეჭვის შემთხვევაში.

 

თუმცა, ვიზა, გარკვეული კონტროლის ფორმა მაინც არის, როდესაც მოქალაქე ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. ვიზა გაიცემა რაღაც პერიოდით, არის მრავალჯერადი, ხანგრძლივი ვიზაც... ასე ხდება თურქეთთან, სადაც ერთთვიან, სამთვიან ვიზას იძლევიან, რაც ხანმოკლე ვიზიტისთვის სრულიად საკმარისია. უვიზო რეჟიმის შემოღება რამდენი ხნის საშუალებას აძლევს ირანის მოქალაქეს საქართველოში გაჩერდეს (ან –პირიქით) ვერ გეტყვით. ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

 

მე პირადად, ასეთი უვიზო რეჟიმს მერჩივნა, ყოფილიყო ისეთი სავიზო რეჟიმი, როგორიც თურქეთთან გვაქვს. უფრო ნაკლები გაუგებრობები იქნებოდა. ალბათ, რაღაც მოსაზრებები არის ისეთი, რასაც ჩემი ჭკუა ვერ სწვდება. არ ვიცი. ტერორისტს რაც შეეხება, თუ საქართველოს მხარეს ინფორმაცია აქვს, მას ისედაც არ შემოუშვებს, ან დააკავებს საზღვარზე - უვიზო რეჟიმის პირობებში. ხოლო თუ პიროვნებაზე ასეთი ინფორმაცია არ არის და იგი არის ტეროტრისტი, ის მაინც შემოვა და გინდა, უვიზო რეჟიმი გვქონია, გინდა – სავიზო.

 

საერთოდ, ამ უვიზო რეჟიმში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ძალიან რომ გაღიზიანდეს ვინმე. თუმცა, თუ ბირთვულ თემასთან გაჩნდა კითხვები, საქართველო ამაში არ უნდა გაერიოს. აგერ, ქართულმა მხარემ უკვე დააკავა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბირთვული მასალები გადაჰქონდათ. ასე რომ, ამ საკითხში საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობს და როგორც ჩანს – საკმაოდ ეფექტურად”.

 

“ექსპერტთა კლუბის” მეორე წევრი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქვეყანას შეექმნება, ისაა, რომ რუსეთი ძალიან კარგად გამოიყენებს ამ კოზირს საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთი ხომ თავადვე დიდი ხნის მანძილზე იყო აშშ-ისა და დასავლეთის დარტყმის ობიექტი – სწორედაც, ირანის მფარველობისთვის. ახლა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, როლები იცვლება, რადგან რუსეთმა ირანის ბირთვული შეიარაღება რამდენიმე თვის წინ საჯაროდ დაგმო, სააკაშვილი კი ირანის ბირთვულ პროგრამას “თავდებში უდგება”...

 

გია ხუხაშვილი: “რა არის იცით – ირანი საერთოდ ობიექტური რეალობაა. დიდი მოთამაშეა რეგიონში და ჩვენ ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობები უნდა გვქონდეს. თუმცა, გამომდინარე ჩვენი განვითარების გაცხადებული ვექტორიდან, უნდა გავითვალისწინოთ ის სტანდარტები და მიდგომები, რაც დასავლეთსა და ამერიკას აქვს, თუ დასავლური ორიენტაცია გვაქვს მართლაც აღებული. ჩვენი პოლიტიკა ირანთან დაკავშირებით უნდა იყოს ზომიერი, პატივისცემით გამსჭვალული, მაგრამ ის სტანდარტები უნდა გავითვალისწონოთ, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვთავაზობენ.

 

როდესაც ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს და ირანთან ვდებთ ასეთ ხელშეკრულებას, არღვევს თუ არა ეს ამ ურთიერთობების ბალანსს? ჩემი აზრით, ამ ურთიერთობებში ირანის ინტერესი უფროა დაცული, ვიდრე – ჩვენი. ირანი დღეს ეძებს ნებისმიერ პლაცდარმს, რომელიც მისთვის გარე სამყაროში იქნება გასასვლელი. ამით ცდილობს, ითამაშოს იმ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რასაც ატარებენ ჩვენი სტარტეგიული პარტნიორები მის მიმართ. ჩვენი მათდამი კეთილმეზობლური დამოკიდებულება იმას არ ნიშნავს, რომ ირანს ამ დიდი თამაშის წამოწყებაში ხელი შევუწყოთ.

 

აქედან გამომდინარე, ირანთან უვიზო რეჟიმი მანამდე არ უნდა გაგვეფორმებინა, ვიდრე იგივე რეჟიმი არ გვექნებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იგივე აშშ-სთან, ევროკავშირის ქვეყნებთან... ჩვენ ხომ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ვექტორი დასავლურია? საერთოდ, ქვეყნის ინტეგრაციის სტიმულირება ხდება ისეთ ქვეყნებთან, სადაც უვიზო, ან გამარტივებული რეჟიმი აქვს, ხომ? შესაბამისად, ირანს ეძლევა თავისი პოლიტიკისა და გავლენების სფეროების გაფართოების საშუალება...

 

პირდაპირ არავინ გეტყვის ამას – დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ და დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ შენ თვითონ ხომ უნდა ხვდებოდე?! ეს შეიძლება, იყოს ძალიან სახიფათო ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმისთვის.

 

სააკაშვილი ისეთი გულუბრყვილო ნამდვილად არ არის, არ იცოდეს და ვერ ხვდებოდეს, რას უნდა რომ მიაღწიოს ამ უვიზო რეჟიმით...

- მე გამიჭირდება იმის ანალიზი, რას ფიქრობს ხელისფლება იმ დროს, როცა ამას აკეთებს. მე გამოვთქვამ ჩემს აზრს. თუ ვინმეს საქართველოში აქვს ილუზია და იმედი, რომ თვითონ ეთამაშება ირანს, ეს ძალიან სახიფათო თამაშია. ეს ცეცხლთან თამაშია, იმიტომ, რომ ირანი დიდი მოთამაშეა. შეიძლება, “შულერების” მაგიდასთან გამოუცდელმა მოთამაშემ პოკერი ითამაშოს და მოიგოს? ეს ხომ ილუზიაა?

 

ეკონომიკური მომენტებიც სტიმულს მისცემს ირანის გააქტიურებას საქართველოსთან მიმართებაში, რამაც შესაძლოა, ჰიპერაქტიურობის სახე მიიღოს, ირანის იზოლირებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან სახიფათო პოლიტიკას ახორციელებს ქართული მხარე. შეიძლება, ვიღაც რაღაც გათვლებს აკეთებს, მაგრამ ეს დილეტანტის გათვლებია. დილეტანტები პროფესიონალებთან ყოველთვის წაგებულები დარჩებიან. საქართველო პატარა ქვეყანაა და ძალიანაც რომ მოინდომოს, გლობალურ თამაშებში ზედმეტი აქტიურობით ვერ დარჩება მოგებული. მე არ ვამბობ, რომ ცუდად დამთავრდება, მაგრამ ძალიან მაღალი რისკების შემცველი თამაშია და პატარა ქვეყანას უფლება არ აქვს, ჩაერთოს მასში.  

 

თუ ვინმეს იმის ამბიცია აქვს, გლობალური პოლიტიკური საკითხები დაარეგულიროს ირანთან მიმართებაში, ეს უმეცრებაა. თუ ვინმეს ამ თემის გამოყენება უნდა პოლიტიკური ვაჭრობისთვის, ამაშიც ძალიან დიდი ხიფათია ჩადებული, რადგან ძალიან ჰგავს შანტაჟს. დიახ, რა თქმა უნდა, შანტაჟს დასავლეთის მიმართ. ამის გამო, ისინი თავში მაგრად ჩაგვცხებენ. ავანტურას ჰგავს ძალიან ეს ყველაფერი.

 

თქვენი აზრით, როგორ გამოიყენებს ამ თემას რუსეთი?

- რუსეთი ყველანაირად მოახდენს ირან-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების სტიმულირებას და ეს გახდება მისი არგუმენტი დასავლეთთან საუბარში საქართველოს მიმართ საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბებისას. რუსეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ძალიან ცუდად გამოიყენებს”.