გიორგი ვოლსკი:

გიორგი ვოლსკი:"ბაჩუკი ქარდავას ბრალდება ცილისწამებაც აღარაა, ესაა პოლიტიკური მავნებლობა"

"11-12 აგვისტოს შავი ზღვის აკვატორიაში, საქართველოს საზღვართან ახლოს რუსული სადესანტო გემების შემოსვლას პოლიტიკოსების ნაწილი შესაძლო დესტაბილიზაციას უკავშირებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამას ხელისუფლება გამოიყენებს, რათა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და არჩევნების თარიღი გადაწიოს. "ედპ"-ს ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გადაჯგუფებები და კონცენტრაცია ხდება და ასევე საქართველოსთან ახლოს, შავ ზღვაში მიმდინარეობს სადესანტო გემების განლაგება, რაც იძლევა იმის განცხადების საბაბს, რომ ჯარების კონცენტრირების მიზანი რუსეთის რეგიონული ინტერესებია. ის ასევე ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგით უკმაყოფილების შემთხვევაში, "ქართული ოცნება" აქციების გამართვას აპირებს და მას რუსეთის ჯარი დაეხმარება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გადაწევს თუ არა არჩევნების თარიღს "კავკაზ 2012" / "როგოზინის კაბინეტში იგეგმება საქართველოში რუსული ჯარების შემოსვლა"

"როგოზინის კაბინეტში იგეგმება და ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში გარდაუვალია რუსული ჯარების შემოსვლა და ყველა ეს ინფორმაცია მაძლევს საბაბს იმისა, რომ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღება გადავიტანოთ საგარეო პოლიტიკაზე, მაშინ, როდესაც ყველა და განსაკუთრებით მმართველი პარტია, დაკავებულია საარჩევნო სიების შედგენით", - ამბობს ქარდავა. ქარდავას განცხადებებს "პოლიტიკურ მავნებლობას" უწოდებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი - "როგორც წესი, ამ სულელურ განცხადებაზე ყველა იტყოდა, რომ სერიოზულ პასუხს ვერ გასცემს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელიც ბაჩუკი ქარდავას ნამუსიანობაზე მეტყველებს. ეს ცილისწამებაც აღარაა, ესაა პოლიტიკური მავნებლობა", - უთხრა გიორგი ვოლსკიმ "რეზონანსს". მისივე განმარტებით, დაძაბულობა და პანიკის ჩამოგდება ხელისუფლებისა და მისი სატელიტი პარტიების ინტერესებში შედის, თუმცა ის ომის დაწყებას და არჩევნების თარიღის გადაწევასაც გამორიცხავს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახლა თუ ვინმეს აწყობს დაძაბულობა, ეს არის ხელისუფლება. მაგრამ მათაც კი, რომლებსაც ვაკრიტიკებთ, მით უმეტეს კონფლიქტების მოგვარების საკითხსა და საერთაშორისო ურთიერთობებში, არა მგონია, რომ დაუშვან ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. ამჟამად ხულოს რაიონის სოფლებში დავდივართ შეხვედრებზე, ძალიან ცუდი განწყობაა ხელისუფლების მიმართ ძალიან ბევრ საკითხებში, ესაა: ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. ზოგადად, საზოგადოებაში იმდენად ცუდი განწყობაა, რომ დარჩათ ორი მეთოდი - ეს არის ზეწოლა და რაღაც ცრუ ინფორმაციების აგორება, ანუ დეზინფორმაციების გაშვების მეთოდი და ამ სისტემაში ჩართულები არიან ქარდავები და მსგავსი პირები. რაც შეეხება არჩევნების გადაწევას, ხელისუფლების შემთხვევაში წინასწარ ანალიზის გაკეთება ძნელია, რას მოიმოქმედებს, მაგრამ, მე მგონი, არაფერი მაგდაგვარი არ მოხდება. ეს სიტუაცია გამოიყენება დაძაბული ფონის შესაქმნელად და იმისათვის, რომ ბაჩუკი ქარდავას მსგავს ადამიანებს სალაპარაკო მიეცეთ", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.

"რაც შეეხება თავად სამხედრო სწავლებას და რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ეს ამ რეგიონში უამრავი ფაქტორითაა გამოწვეული - ეს არის ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა. სირია შორს არაა, მითუმეტეს ირანი. შავი ზღვის აუზში შექმნილი ვითარება ზოგადად, ახლო მომვალში შეიძლება რაღაც დაპირისპირების მიზეზიც გახდეს. როგორც ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე სახელმწიფოები იარაღის ჟღარუნის მეთოდს მიმართავენ. სამწუხაროა, რომ რუსეთმა რამდენჯერაც იარაღი გააჟღარუნა, იმდენჯერ საქართველოს კისერზე გადაიარა. რუსეთი რაც არის, ბაჩუკი ქარდავაზე უკეთ მე ვიცი. არჩევნებთან დაკავშირებით რაც შეეხება, რუსეთს ზუსტადაც აწყობს რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს ისეთი, როგორიც ახლაა, ანუ ხელისუფლება, რომლის წინაშეც არ აქვს ვალდებულება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაგრძობს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი.

"შეიცვლება თუ არა ხელისუფლება საქართველოში, რუსეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ქვეყანა, ასე თუ ისე ვალდებული იქნება თავის პასუხისმგებლობით ჩაერთოს მოლაპარაკებებში, სადაც სერიოზული პოზიციები გააჩნია "ქართულ ოცნებას", რომელსაც ევროკავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერს. გაიხსენეთ ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლის დროს გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ, მათ შორის აფხაზეთთან, ოსეთთან და რუსეთთან. თუნდაც ჰილარი კლინტონის განცხადება, რომელიც სულ ახლახან ეუთოს მინისტერიალზე გააკეთა. ეს ყველაფერი შეადარეთ ბაჩუკი ქარდავას განცხადებებს და მიხვდებით, რომ ხელისუფლების სტრატეგია პირდაპირ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისკენაა მიმართული", - დასძენს გიორგი ვოლსკი.