როცა

როცა "ოცნება" დანაშაულად, სატელევიზიო თეფში კი "საშიშ იარაღად" ითვლება

ბოლო დროს სასაუბრო ლექსიკაში სიტყვა "ოცნებამ" სახე, ფორმა და ლამის მნიშვნელობაც რომ იცვალა, ალბათ შენიშნავდით. ადრე ჩემს თავს მეოცნებე ადამიანად ვთვლიდი და ამის ხაზგასმასაც არ ვერიდებოდი. ახლა იმაზე ფიქრით, ვინმემ, რომელიმე პარტიის, კოალიციის, ან ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის იარლიყი რომ არ მომაკეროს, როგორღა ვიტყვი ასე თამამად "მეოცნებე" ვარ-თქო. არადა, ისეთი აპოლიტიკური ოცნებებით ვიყავი სულ გართული.... ეეჰ, დღეს ოცნებაც კი პოლიტიკური გახდა. ამ სიტყვის ასეთი სახეცვლილება თურმე არც ჩემზე "ჭკუასაკითხავ ხალხს" გამორჩენიათ. პოლიტიკოსებმა ლამის თურმე ცენზურა დააწესონ ამ სიტყვაზე. სიტყვა რა შუაშია, მაგრამ ასოციაციებს ქმნის თურმე ნამეტანი პოლიტიკურს.

იმერლები ემოციური ხალხი ვართ და ფეთქებადი ხასიათიც გვახასიათებს, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი წყაროს დღევანდელმა ნაამბობმა, რბილად რომ ვთქვა, ძალიან გამაკვირვა. წყარო (რომლის სახელსაც სამწუხაროდ მისივე თხოვნით ვერ დავასახელებ) შეშფოთებული მიყვებოდა ხონის სოციალური სააგენტოს რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარებული თათბირის შესახებ. მისი განცხადებით, სააგენტოში თათბირი ჩატარდა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, თანამშრომელთა დაშინება წარმოადგენდა.
სოციალური სუბსიდირების სააგენტოს ხონის რეგიონული განყოფილების უფროსი აპოლონ ფოჩხუა, თურმე თანამშრომლებს დამუქრებია "ოცნებასთან" ან მის წევრებთან ახლოს არ დაგინახოთ, ეგ სიტყვა არ გავიგონო, თორე გაგყრით ყველას სამსახურიდანო.

ამ საქმის გარშემო დეტალების გასარკვევად ბუნებრივია გადავწყვიტე ბატონ აპოლონს დავკავშირებოდი, მომეჩვენა რომ ცოტა შეაკრთო ზარმა, თუმცა მეტნაკლებად დამაჯერებელი ტონით ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უარყო.

"არ არი ეგ მართალი. ჩემი მხრიდან ასეთი საუბარი არ ყოფილა. მასეთი პიროვნება არა ვარ მე, თანაც რომ გითხრა სიმართლე, ჩემი თანამშრომლები ყველანი ჩართული არიან საარჩევნო სამუშაოებში, სხვადასხვა უბნებზე მიმაგრებული არიან "ნაციონალური მოძრაობიდან" სხვადასხვა მიმართულებით და რანაირად ვეტყოდი მაგას? ყველა ვიცი მე აქ ვინ ვინაა, როგორ მუშაობს... აქ არ არის დიდი კოლექტივი, 9 ადამიანი მუშაობს სულ და ეს ახლა არაა ბევრი, ყველა იცის ხელმძღვანელმა, ვინ სად დადის და რას აკეთებს. მე ჩემს თანამშრომლებზე ვაგებ პასუხს"_ განაცხადა აპოლონ ფოჩხუამ "ივერონთან" საუბრისას.

არ ვიცი კონკრეტულად ვინ რა მიმართულებით მუშაობს სხვასხვა უბანზე წინასაარჩევნოდ, ან როგორ ახერხებს ბატონი ფოჩხუა იცოდეს თუ სად დადიან მისი თანამშრომლები, მაგრამ აშკარად ჩანს რომ მიუღებლად თუ არა, ცუდ ტონად მაინც აღიქმება სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე თუ არაა. ფუფუნებად იქცა უკვე იყო უბრალოდ პროფესიონალი, ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი და შენი ხელმძღვანელობა არ ინტერესდებოდეს ვის უჭერ მხარს.

ხონში მეტისმეტად რომ აინტერესებთ ვის უჭერენ მხარს, ამას კიდევ ერთი ფაქტიც მოწმობს. ბუნებრივია, მიხვდებოდით ჩემი წყაროს სადაურობას და იმას, რომ ის ხონის რაიონის მკვიდრია. ადამიანმა, რომელიც ასე გულახდილად მესაუბრა, ისიც გამიმხილა რომ თურმე ხონის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გრუმადი გაბრავა ხონის სამხედრო დასახლების უბანში სათითაოდ სწავლობს რამდენ ოჯახს აქვს სატელევიზო თეფში შეძენილი და მის აღწერას ახდენს. ძალაც ამას ჰქვია, უკვე საკუთარ ტელევიზორსაც რომ გაგიკონტროლებს ვინმე. ინფორმაციის გადამოწმებისას სიტუაციის გამწვავება რომ არ მოგვეხდინა, უბრალოდ დავინტერესდით რამდენად იყო გაბრავა ინფორმირებული ფლობდა თუ არა მოსახლეობა სატელევიზიო თეფშებს. არ შევმცდარვართ, გაბრავა მეტისმეტად ინფორმირებული აღმოჩნდა. "ნაციონალების" დეპუტატმა არ უარყო რომ მის უბანში თითქმის ყველა ფლობს ამ ანტენებს.

"მე ვიცი, რომ რამდენიმე ოჯახს ივანიშვილის კოალიციამ დაუდგა აქ ანტენები. უმრავლესობას ისედაც ჰქონდა, მაგრამ ვისაც არ ჰქონდა, დაუდგა მათ. მე მაგათთან არ ვახლობლობ, მაგრამ ვიცი რომ ერთი წლის შემდეგ გადასახდელი აქვთ რაღაც კაპიკები. 15-20 ოჯახია, რომელსაც გადაეცა ეს სამხედრო დასახლებაში" _ განაცხადა "ივერონთან" საუბარში გრუმადი გაბრავამ.

მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ ჩემს მიერ ჩაწერილი "ნაციონალები" სიმართლეს ამბობენ, რომ "ოცნება" დღეს დანაშაულად, ხოლო სატელევიზიო თეფში "საშიშ იარაღად" არ ითვლება. მეტი თავისუფლება, მეტი ინფორმირებულობა ხომ მეტ პოლიტიკურ გათვითცნობიერებას და სწორ არჩევანს განაპირობებს.