"ნაციონალებს" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ადმინისტრაციული რესურსის და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. "ნაციონალური მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახეთის დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება და დაპირებებს აძლევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მსგავსი ქმედებებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნამდვილად დასტურდება. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, აქ გასათვალისწინებელია, როგორი კონტექსტით აძლევს დაპირებებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მოსახლეობას.

როგორც "რეზონანსს" "თავისუფალი საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა უთხრა, 29 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღეულაურში "ნაციონალური მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველმა, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

"ფოტომასალა, რომელიც მოიპოვეს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ნათლად ცხადყოფს, რომ ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ერთად მოინახულეს ამავე სოფლის მკვიდრები, სტიქიისგან დაზარალებული ბიძინაშვილებისა და ბოგდანოვების ოჯახები, სადაც ბატონი ბოტკოველის მხრიდან გაისმა არაერთი დაპირება სტიქიით დაზარალებულთა მიმართ, როგორც საცხოვრებელი სახლის შეკეთებაზე, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ.

"ერთი მხრივ, საქმე გვაქვს პოლიტიკური პარტიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვასთან და მეორე მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის აშკარა გამოყენებასთან, როაც საკანონმდებლო რეგულაციებით აკრძალულია", - ამბობს მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ძნელი ხდება.

"თავიანთ ქმედებებში იდენტურები არიან, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ბოტკოველი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ გადაუხურავდნენ სახლებს, მისცემდნენ ფულად კომპენსაციებს და ა.შ. ეს ქმედება კი დასჯადია.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ დაახლოებით 2 თვის წინ ქუთაისში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სწორედ მსგავსი ქმედების გამო დააკავეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტი აქვს. ის მოქმედებს პრინციპით, ჩემებს ყველაფერი ეპატიებათ, მოწინააღმდეგეებს - არაფერი.

"29 ივლისის შეხვედრაზე სამი აშკარა დარღვევა გამოიკვეთა: ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ერთი და იგივე მაისურით "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდა მოსახლეობაში.

"ეს მაისურები იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც მოსახლეობაში ზარალს აღწერენ, თუმცა ის გუბერნატორს, "ნაციონალური მოძრაობის" და ხელისუფლების წარმომადგენლებს აცვიათ.

"ფაქტთან დაკავშირებით იურისტთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მარი მგალობლიშვილთან მქონდა შეხვედრა და მანაც დაადასტურა, რომ ეს აშკარა კანონდარღვევაა.

"ასევე შევხვდი გრძელვადიან დამკვირვებელ პაველ ზბუცკს, რომელმაც დაინტერესება გამოიჩინა ფაქტის მიმართ და უახლოეს მომავალში მასზე რეაგირებას მოახდენენ", - ამბობს მოსიაშვილი.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" დღეს დაწყებულ კარდაკარს, მოსიაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლება კოალიციას ამ შემთხვევაშიც მოედავოს და თქვან, რომ დაპირებების გაცემით ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება.

"ხელისუფლებაში 3-4 პირია, რომლებიც ღამღამობით იკრიბებიან ხან შავნაბადაზე, ხან პრეზიდენტის რეზიდენციაში და უცებ როგორ ხასიათზეც არიან, ისე იღებენ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში როგორ შეაფასებენ პოლიტიკურ აქტივობას, ძნელი სათქმელია. სამწუხაროდ, სამი შტო - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ერთი და იგივე გადაწყვეტილებას იღებს", - ამბობს მოსიაშვილი.

მოსიაშვილისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლება მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში მოსახლეობასთან შეხვედრას ვერ ჩაუთვლის.

"ხელისუფლებაში ჩვენ არა ვართ და ადმინისტაციული რესურსიც არა გვაქვს. ჩვენ მოსახლეობას იმაზე ვესაუბრებით, რა სიკეთის მიღება შეუძლიათ იმ 80 მილიონიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში ჩარიცხა. როგორ უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას, ამ თანხიდან მათი ზარალი დაფაროს", - ამბობს ხიდაშელი.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თავად ეწევიან პარტიის პროპაგანდას და ადმინისტრაციულ რესურსებსაც იყენებენ.

"გუშინწინ გავრცელდა ინტერვიუები, სადაც კარდაკარის მონაწილეები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებამ კახეთში ზარალის აღსაწერად ჩაიყვანა, აცხადებენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ვართო. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

"ერთი მხრივ, "ნაციონალების" საარჩევნო პროპაგანდას ეწევიან და მეორე მხრივ, ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ. ამომრჩევლის მოსყიდვა კანონდარღვევაა, ასევე შეცდომაში შეყვანაც.

"რა თქმა უნდა, ადამიანები ამის გამო უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ დაპატიმრების წინააღმდეგი ვარ. მე საუბარი ადმინისტრაციულ ჯარიმებზე მაქვს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით უნდა გამოიყენონ. "ქართული ოცნების" აქტივისტი მიშა მესხი სხვა რამისთვის კი არ დაუპატიმრებიათ.

"ველოდები ხელისუფლების და მოგელაძის პასუხს იმ ინტერვიუზე, რომელიც გუშინწინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით გავრცელდა", - გვითხრა ხიდაშელმა.

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რაში დახარჯონ 80 მილიონი, ხიდაშელი ამბობს, რომ ამ მითითებების შესრულება მთავრობამ უკვე დაიწყო.

"ჩვენგან ხელისუფლება მითითებებს არამარტო იღებს, არამედ დუბლირებას აკეთებს. ერთი მიღწევა ის არის, რომ სტუდენტების სწავლის საფასურს გადაიხდიან. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჩვენ გავაკეთეთ, რასაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. მანამდე ისინი ამბობდნენ, რომ საფასურის გადავადება მოხდებოდა.

"ხელისუფლებას ვაიძულებთ, ჩვენ მიერ მითითებული საკითხები შეასრულონ. რას ამბობენ, მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის - რას გააკეთებენ. თუ არ გააკეთებენ, ამაზე პასუხს მოსახლეობა მოსთხოვს", - ამბობს ხიდაშელი.

"სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნამდვილად ხდება, რადგან ის სახელმწიფო საბიუჯეტო პროგრამით მანიპულირებს.

"დახმარება სახელმწიფოს მიერ ხორციელდება, მაგრამ ამაში ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენელი და აქტივისტი, ანუ ხელისუფლების პროგრამის გაპიარებას ცდილობს და მათი სახელით მოქმედებს. ვფიქრობ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუმცა ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა წინასაარჩევნო კამპანია და არასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედება სამართლებრივად დასჯადი არ არის", - გვითხრა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ლომჯარიას განცხადებით, მასალაში ამის ნიშნებიც ჩანს.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის დაპირებას იძლევა და რა კონტექსტში. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არის გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე და, სავარაუდოდ, ის მოიაზრება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატად აღნიშნულ საარჩევნო ოლქში. შესაბამისად, მის მიერ გაცემული დაპირებები თუ რამე სახის ქმედებები, შესაძლებელია, აღვიქვათ ამომრჩევლის მოსყიდვად.

"მაისურებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საბიუჯეტო პროგრამების და დახმარებების აღრევა და საბიუჯეტო რესურსის გამოყენებაა პარტიული საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ფაქტი გვაქვს და შეგვიძლია ასეთი კვალიფიკაცია მივცეთ", - ამბობს ლომჯარია.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" კარდაკარის დროს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს, ლომჯარია ამბობს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად ეს დაპირებები არ ჩაითვლება.

"ოპოზიციური პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თითქმის გამორიცხულია, თუ ეს ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაში არ არის. რეალურად მათ ადმინისტრაციულ რესურსებზე ხელი არ მიუწვდებათ.

"რაც შეეხება მოსყიდვას, შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" კარდაკარის დროს გაცემული დაპირებებით ამომრჩევლის მოსყიდვა ნაკლებად მოსალოდნელია. აქაც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის დაპირებებს იძლევიან. თუ "ქართული ოცნება" იტყვის, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამა თუ იმ საბიუჯეტო და სახელმწიფო პროგრამებს განახორციელებენ, ეს მოსყიდვა არ არის. მაგრამ თუ პარტია, პოლიტიკური ლიდერი ან რომელიმე ორგანიზაცია პარტიის სახელით გადაუხდის რამე ტიპის კომპენსაციას დაზარალებულებს, მაშინ ეს მოსყიდვად ჩაითვლება.

"რაც შეეხეა 80 მილიონით აპელირებას, ვფიქრობ, ესეც არ უნდა ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად, იმიტომ, რომ თანხა ბიუჯეტში ჩაირიცხა და შესაბამისად, ბიუჯეტის თანხის განკარგვა ხდება. ივანიშვილს თანხა რომელიმე ფონდისთვის რომ შეეწირა და იმ ფონდს დაეფარა ზარალი, მაშინ იქნებოდა მოსყიდვა. ამ თანხას სახელმწიფო განკარგავს და პარლამენტი ამტკიცებს", - ამბობს ლომჯარია.

"რეზონანსი" "ნაციონალური მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი ბოტკოველსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.