ივანიშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში, პრაქტიკულად, განდის როლს ასრულებს

ივანიშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში, პრაქტიკულად, განდის როლს ასრულებს

საქართველოში წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბებული ვითარების თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკური და სოციალური კვლევის კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარს, კობა კიკაბიძეს ესაუბრა.

- ბატონო კობა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სამიოდე თვეა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურა უკვე საგრძნობია და ეს რომ მხოლოდ ცხელი ზაფხულის ბრალი არ არის, ცხადია. როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?
- ჩვენს გარშემო საოცარი მოვლენები ვითარდება. მე რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვიყო, ანუ ნეიტრალური სტატუსი მქონდეს, უდიდესი ინტერესით დავაკვირდებოდი მოვლენებს, რომელიც საქართველოში ვითარდება. ის, რაც ჩვენში ხდება, არაორდინარულია და საჭიროებს ობიექტურ შეფასებას, რათა სამი თვის და სამი საუკუნის მერეც დარჩეს რეალური აღწერილობა ისტორიას - თუ რა ხდებოდა საქართველოსთვის ამ საბედისწერო, დიახ, განსაკუთრებით აღვნიშნავ - საბედისწერო პერიოდში.

ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეებისა და მსოფლიოს ცივილიზაციის წინაშე - გადადგას პასუხისმგებლობით დატვირთული ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. მაგრამ, პრობლემაც იმაშია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება რევოლუციის გზით მოსული სახელისუფლო პარტიის მიზანი მმართველობის 9-წლიან პერიოდის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა.

ამდენად, მძლავრი ოპოზიციური ტალღის აგორების პირობებში ხელისუფლება დილემის წინაშე დგას - გავიდეს კანონის მოთხოვნების გარეთ და ნებისმიერი საშუალებით, ძალადობით, რეპრესიებით, ტერორით, საჯარო რესურსების უკანონო გამოყენებით და საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, შეინარჩუნოს ძალაუფლება ან დარჩეს კანონის ფარგლებში და ოპოზიციას შესთავაზოს ბრძოლა წესების მიხედვით და წაგების შემთხვევაში, რისი უდიდესი შანსიც არსებობს, შეეგუოს ოპოზიციური უმცირესობის როლის მორგებას (რისი სურვილი და ნიშანი, უდიდესი ფინანსური რესურსების და ინტერესების მფლობელ მმართველ ბიუროკრატიულ ოლიგარქიას არც ემჩნევა და არც ავლენს ამ მიმართულებით რამე ნაბიჯის გადადგმის სურვილს). ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის ფაქტის წინაშე დგას და ხელისუფლების ქმედებების გათვალისწინებით კოლიზია გარდაუვალია.

- ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს როგორც პოლიტიკური ტემპერატურის კრიტიკულ ზღვრამდე მისვლა (მიყვანა), ისე არჩევნებზე რაიმე ფორმით ექსცესები. გასაგებია, რომ წლევანდელ არჩევნებს ახლავს დიდი ინტრიგა, რომლის არსიც ერთი შეხედვით მარტივია - შეძლებს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ოპოზიცია ხელისუფლებაზე გამარჯვებას და ხელისუფლება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას. მაგრამ, ვითარების სირთულის გათვალისწინებით განვიხილოთ მხოლოდ მშვიდობიანად განვითარების ორივე სავარაუდო სცენარი . . .
- ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ამ შედეგისკენ მიდიოდა. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ფატალისტი, მაგრამ ხელისუფლება და მმართველი დომინანტური პარტია, რომელიც თავის ჩრდილოვან იდეოლოგიურ დოქტრინაში აღიარებს არა ერი-სახელმწიფოს, არამედ ერი-კორპორაციის შენების აუცილებლობას, ძლიერი ავტორიტარული ვერტიკალის არსებობას და მისი მიზანია, სწრაფად მიაღწიოს ეკონომიკურ განვითარებას, აბსურდულ ნეოლიბერტარიანულობასა და არა ლიბერალიზმის და დემოკრატიის პარალელური განვითარების იდეების დამკვიდრებას, (ხოლო ამის მიღწევის საშუალებად მოსახლეობის მასობრივი ინფორმაციული შიმშილის, ანუ "უმეცრების საბურველის" ქვეშ ყოლას მოიაზრებს), რა თქმა უნდა, ლოგიკური დასასრულისკენ მიდის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ, რომელიც მოსვლის დღიდან "მრავალი შვილი შეჭამა" - ჟვანია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, წვრილფეხობაზე რომ არაფერი ვთქვათ, არნახული ძალადობის კალო დაატრიალა - ნულოვანი ტოლერანტობით დაწყებული და საპროტესტო გამოსვლების არაადეკვატურად სასტიკი ჩახშობით დამთავრებული, ეს ხელისუფლება ხავერდოვნად და ხელში დამჭკნარი ვარდებით ძალაუფლებას არ დათმობს.

საქართველოში არსებული სიტუაციის დილემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ წარმოიქმნა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც თავის მოქმედების პრინციპად მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაფუძნების დღიდან, ხელისუფლებაში მოსვლის არაძალადობრივი გზა აირჩია. მე ამას, ქართულ განდიზმსაც ვუწოდებდი.
ერთი მხრივ არსებობს ივანიშვილის პიროვნებისადმი და მის გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური ძალისადმი მოქალაქეების ფართო მხარდაჭერა და მეორე მხრივ, მოქმედი ხელისუფლება მის ხელში არსებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით და ისეთი მხარდამჭერი პატრონ-კლიენტელური სოციალური ქსელით, როგორიც არის: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები, პენსიონერები, ეროვნული უმცირესობები, საჯარო მოსამსახურეები, ჯარი, პოლიცია, პატიმრები, პრობაციონერები და მათი ნათესავები და ბოლოს სატელიტი, კოლაბორირებული პარტიები, რომლებიც მთლიანობაში მმართველი პარტიის პოლიტიკური კორუფციის ობიექტს წარმოადგენენ.

- ვის ინტერესებში შეიძლება იყოს მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარება?
- ბუნებრივია, მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარებაში თქვენ ძალადობის ესკალაციას და მომავალი არჩევნების ჩაშლის რისკის ქვეშ დაყენებას გულისხმობთ. ამ კითხვაზე ასეთი პასუხი იქნება ბუნებრივი - ვინც კარგავს ძალაუფლებას და კონტროლს სოციალურ წესრიგზე, სწორედ მის ინტერესებში შეიძლება იყოს მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარება. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამას უპირისპირებს პასიურ წინააღმდეგობას. რაც, როგორც ზემოთ ვთქვი, ქართული განდიზმის პოლიტიკური გამობრწყინება შეიძლება გახდეს. ამის თქმის საშუალებას ის იძლევა, რომ ივანიშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში, პრაქტიკულად, მაჰათმა განდის როლს ასრულებს. ივანიშვილის მხრიდან საზოგადოებისთვის გაკეთებული ორივე გზავნილი - "ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ხართ თქვენ, ადამიანები" და "შემოდგომაზე ჩვენ ერთ მუშტად შევკრავთ მთელ საქართველოს", ზუსტად გამოხატავს მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანსა და მეთოდებს.

საქართველო დღეს შეზღუდული ხელმისაწვდომობის სოციალური წესრიგის ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, რომლისთვისაც ნიშანდობლივია შემდეგი ოთხი მახასიათებლი: 1. ელიტებისთვის პრივილეგიების მინიჭებით ძალადობაზე კონტროლის განხორციელება, 2. ვაჭრობაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; 3. ელიტების საკუთრების უფლების მყარი დაცვა და დანარჩენი მოსახლეობის საკუთრების უფლების სუსტი დაცულობა; 4. შეზღუდვები, რომელიც უწესდება პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციებს.
ქართულ პოლიტიკაში ეს ოთხივე მახასიათებელი დღეს რეალურად იზომება. განსაკუთრებით კი - პირველი და მესამე მახასიათებლები. ძალაუფლების შეზღუდვის რეალიზაციის ან დაკარგვის შემთხვევაში საქართველოში ძალადობის ესკალაცია მმართველი ელიტის მხრიდანაა მოსალოდნელი.

- ბატონო კობა, ვთქვათ დავიჯერე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში განდის როლს ასრულებს, მაგრამ ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, შეძლებს კი ქართულ ყალიბში ჩამოსხმული ივანიშვილი-განდი პოლიტიკურ ბრძოლაში განდიზმის პრინციპების ბოლომდე დაცვასა და განხორციელებას?
- რა თქმა უნდა, ბუდიზმის რელიგიურ კულტურაზე აღზრდილი ინდოელის და ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქართველის შედარება გამიჭირდება, მაგრამ, აქ უდიდესი როლი ენიჭება ლიდერსა და მისადმი ნდობის ხარისხს. დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დგანან საზოგადოების მხრივ ნდობით აღჭურვილი ივანიშვილი და ნდობაშემოძარცვული "შიშველი მეფე" - ვარდების რევოლუციის ქარიზმატული ლიდერი სააკაშვილი. ნდობა დასავლურ პოლიტიკურ სისტემაში ის ქვაკუთხედია, რომლის გარეშე შეუძლებელია გამარჯვება საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. აქედან გამომდინარე, თავად საზოგადოებას მივანდობდი დასკვნების გაკეთებას.