საჭესთან მჯდარმა მიხეილ სააკაშვილმა კაცი რომ გაიტანა, ამაზე ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა და ამის შესახებ ერთმა მისმა ახლობელმა პოლიტიკოსმაც იცის...
“თეთრების” ლედერმა თემურ შაშიაშვილმა “საერთო გაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილს შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მძღოლის “რანგში” კაცი ჰყავს მოკლული, თუმცა შევარდნაძის ძალისხმევით ეს საქმე ჩაიფარცხა. სააკაშვილის მაგივრად მისი მძღოლი დაუსჯიათ. ამ ავტოავარიის შესახებ ინფორმირებული ყოფილა ბადრი პატარკაციშვილიც.
ბატონ ბადრის სააკაშვილის საწინააღმდეგო სხვა კომპრომატებიც ჰქონია, მათ შორის ფოთის პორტში გადარიცხულ მილიონებთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის შესახებ საქმის კურსში, იმ პერიოდში მასთან დაახლოებული ვალერი გელბახიანიც ყოფილა.
ჩვენი წყაროს განცხადებით, ვალერი გელბახიანს საგაზეთო ინტერვიუში უთქვამს, რომ თითქოს ტრაგიკულ ავტოავარიასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებაში 2 მილიონი გადაიხადა.
“საერთო გაზეთი” ვალერი გელბახიანს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, მაგრამ მან ინტერვიუზე უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ ეს კულუარული ინფორმაციებია, დადასტურებული არ არის, იურისტი ვარ და ამიტომ დაუზუსტებელ ინფორმაციებზე ვერ ვილაპარაკებო. რაც შეეხება ინფორმაციაში ფულის გადახდას, მან ეს კატეგორიულად უარყო, ჯერ ერთი სად მქონდა ამდენი ფული, თანაც ასეთი რამ გაზეთით არასდროს მითქვამსო.
ახლა რაც შეეხება მსხვერპლიან ავტოავარიას, სანდო წყაროს ინფორმაციით ის კობა ნარჩემაშვილის შს მინისტრობისას მოხდა წერეთლის გამზირზე, გამოფენის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ პერიოდში სააკაშვილი, სავარაუდოდ საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი, თურმე, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა შავი ფერის “ვოლგას”, რა დროსაც ფეხით მოსიარულეს, დაახლოებით 45-50 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს გვარიანად მთვრალი სააკაშვილი დახვედრიათ. ე.წ. დიდი რეფორმატორის დანახვაზე პოლიციელები დაბნეულან, აღარ იცოდნენ გაეფორმებინათ თუ არა ენატლიკინა დემოკრატიისა და სამართლიანობის დიდი დამცველი, რომელიც მაშინდელ პოლიციას მოსისხლე მტრად აღიქვამდა, ამიტომ შსს-ს ხელმძღანელობას დაკავშირებიან, როგორ მოვიქცეთო.
ხელმძღვანელობამ მათ მოცდა სთხოვა, ცოტა ხანში კი უთხრეს: სააკაშვილს ნუ დააფიქსირებთ, მისი მძღოლი მოვა და ეს შეჯახება მასზე გააფორმეთო. როგორც ჩანს, შეთანხმება პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოხდა, რომელმაც საციხედ არ გაწირა პოლიტიკური შვილობილი და “პერსპექტიული” პოლიტიკოსი. მისი მძღოლი ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მისულა ადგილზე, რომელიც თურმე ამბობდა, რამდენჯერ ვთხოვე სააკაშვილს, მთვრალი ნუ ჯდები საჭესთან, მაგრამ არ დამიჯერაო.
მოკლედ, ამ ავტოავარიაში დამნაშავედ სააკაშვილის მძღოლი გამოაცხადეს, თუმცა დიდი ხნით არ დაუკავებიათ, 2-3 თვეში გაუთავისუფლებიათ. გარდაცვლილის ოჯახმა თურმე დღემდე არ იცის, მათი ოჯახის უფროსი სააკაშვილმა რომ შეიწირა.
სხვათა შორის, ამ ავტოავარიის შესახებ მე თვითონაც მქონდა ინფორმაცია გამოქვეყნებული ერთ-ერთ გაზეთში, თუმცა მეც სულ ახლახანს გავიგე, ვინ იყო რეალური დამნაშავე. დარწმუნებული ვარ, ასეთი დანაშაული რომელიმე არარეფორმატორ პოლიტიკოსს ან იმ მაღალჩინოსანს, მითუმეტეს ძალოვანს რომ ჩაედინა, რომელიც ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მხარდამჭერად არ განიხილებოდა, “რეფორმატორები” ქვეყანას დააქცევდნენ – ნახეთ, შევარდნაძე თავის ხელქვეითებს როგორ იცავსო.
თემურ შაშიაშვილის თქმით, ის მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით სრულად იყო საქმის კურსში, დღესაც შსს-ს სისტემაში მუშაობს. “საერთო გაზეთმა” ამ პიროვნების ვინაობაც გაარკვია, ის ამ ავტოავარიის დროს მართლაც მუშაობდა თბილისის საგზაო პოლიციის იმ სამსახურში, რომელიც უშუალოდ კურირებდა ავტოავარიების საკითხს. ეს ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, მოგეხსენებათ, სააკაშვილს 40 წელზე მეტი ხნის ხეც კი არ უნდა, დღესაც მუშაობს თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. როგორც ჩანს, “ვარდოსნებმა” პირში წყლის ჩაგუბება დაუფასეს. “უდანაშაულობის პრეზუმფციიდან” გამომდინარე ამ პიროვნების დასახელებისგან თავს შევიკავებთ.
სხვათა შორის, სარწმუნო წყაროს თქმით, ვალერი გელბახიანმა მართლაც შესთავაზა ინფორმაციის მიმწოდებლებს თანხა, მაგრამ მათ უარი თქვეს, მხოლოდ ის უთქვამთ, იმ თანამშრომელს აჩუქეთ მცირე თანხა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საქმის მოკვლევაში. იგი “ვარდოსნებმა” სამსახურიდან დაითხოვეს და ძალზე უჭირსო, მაგრამ იმ ადამიანს არაფერი მიუღია. ამ ინფორმაციის გადამოწმება კი იმ მარტივი მიზეზით ვერ მოვახერხეთ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვალერი გელბახიანმა ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ამ საქმესთან დაკავშირებით, საქმის კურსში სრულად მყოფი ადამიანები, ანუ “პირველი ხელი” თავისი ვინაობის გამხელას არ მოერიდებოდა, მაგრამ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეგნებულად ვიკავებ თავს მათი ვინაობის გამხელისგან.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ესკორტი გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ათი წლის ბავშვს დაეჯახა. კორტეჟმა გაუჩერებლად გააგრძელა გზა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ფაქტის შესახებაც დაიბეჭდა პრესაში, თუმცა ვერ გეტყვით, გადარჩა თუ არა ბავშვი, რადგან მისმა ოჯახმა პრესასთან ამ ფაქტზე საუბარი არ ისურვა.
დარწმუნებული ვართ, ასეთი ფაქტები მრავლად იქნება, ოღონდ დაზარალებულთა დაშინების გამო არ ხმაურდება. ვინ არის დამნაშავე ამ ინციდენტში, უნდა გაჩერებულიყო თუ არა პრეზიდენტის ესკორტი მსგავსი ფაქტებისას, ამის გარკვევა “საერთო გაზეთმა” იმ ყოფილ პოლიციელებთან სცადა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის გაცილება-ესკორტირების სამსახურში და გარკვეული პერიოდი სააკაშვილსაც ემსახურებოდნენ.
რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, კახეთში მომხდარ ავტოავარიაში პროფესიონალმა პოლიციელებმა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს და რატომ – პრეზიდენტის კორტეჟი სანამ რაიმე მიმართულებით დაიწყებს გადაადგილებას, გზის ამ მონაკვეთზე წინასწარ ჯგუფს უშვებენ მოსაწესრიგებლად. ამოწმებენ საეჭვო ავტომანქანებს, საერთოდაც გაყავთ ავტოტრანსპორტი ამ მონაკვეთიდან და ა.შ. ამას ჰქვია “ტრასის გაწყობა”.
ეს ჯგუფი და სხვა შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებული გულისყურით იმ მონაკვეთებზე მუშაობენ, სადაც ბევრი ფეხით მოსიარულე მოძრაობს, მითუმეტეს ბავშვები. განსაკუთრებული პატრულირება სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან ხდება, ყოველ შემთხვევაში, შევარდნაძის მმართველობისას ასე იყო, რადგან პრეზიდენტის ესკორტი ძალზე დიდი სიჩქარით გადაადგილდება. ამ სიჩქარესაც თავისი ახსნა აქვს, პრეზიდენტის კორტეჟი რთული სამიზნე უნდა იყოს, ტერაქტები თავიდან რომ აიცილონ.
ავტომანქანებით მოძრავი ჯგუფის გარდა, ხსენებულ მონაკვეთზე ქვეითი გუშაგებიც დგანან, ფეხით მოსიარულეების მოძრაობა რომ დაარეგულირონ. პროფესიონალთა თქმით, შესაძლებელია, კახეთში ამ კუთხით გზა მოწესრიგებული არ იყო, რაც რბილად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის არაორდინალურობას უკავშირდება. ყოფილა შემთხვევები, რომ “ლაგუნა ვერედან” ის კანცელარიაში უნდა წასულიყო, გზაც ამ მიმართულებით გაუწყვიათ, სააკაშვილს კი მარშრუტი უცებ შეუცვლია და კანცელარიის მაგივრად, მცხეთის სალობიეში ამოუყვია თავი. ცხადია, ამ შემთხვევაში ესკორტის თანამშრომლები გზის გაწყობას ვერ მოასწრებდნენ, რითაც სააკაშვილი საფრთხეს მარტო საკუთარ თავს კი არა, რიგით მოქალაქეებსაც უქმნიდა და ალბათ, კვლავაც უქმნის.
კორტეჟის გაჩერება გამორიცხულია და შემთხვევით სავალ ნაწილზე აღმოჩენილ ადამიანს თუ ავტომანქანას დიდი სიჩქარით მიმავალი უზარმაზარი ესკორტი გადათელავს. კორტეჟი მხოლოდ პრეზიდენტის უშუალო მოთხოვნით შეიძლება გაჩერდეს, მის დაცვის უფროსს ეს არ შეუძლია.
სანამ პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება, იგი თურმე ფიცს აძლევს თავისი დაცვის თანამშრომლებს, რომ დაემორჩილება მათს, ანუ სპეციალისტების მოთხოვნებს. ჩვენი რესპოდენტები დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ეს არ ხდება და დაცვის უფროსს არაფერს ეკითხებიან. დაცვა ხმას ვერც ამოიღებს, რადგან წინააღდეგ შემთხევაში არ არის გამორიცხული სამსახური დაკარგონ.
ასე რომ, ასაფეთქებლად გამზადებული ბომბივით დაჰქრის სააკაშვილი თავისი მრავალრიცხოვანი კორტეჟით საქართველოს გზებზე და არავინ იცის, როდის ვის შეიწირავს.