ბიჭიკო და ალისტრახო, თეონა, სოფიო - ამ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს უწოდებენ, ყოველ კვირას ახალი "ჟურნალისტი" ემატებათ. ისინი რამდენიმე ოპერატორთან ერთად დასდევენ "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს და მუშაობაში ხელის შეშლას ერთი და იმავე კითხვების დასმით ცდილობენ. ქალბატონი ლუბა ელიაშვილი "მეცხრე არხის" საინფორმაციო პროგრამების პროდიუსერი გახლავთ. მისი და მანანა ელიაშვილი "ინფო 9"-ის დირექტორია. მუშაობის დაწყებამდე სწორედ ქალბატონმა ლუბამ ჩაუტარა ტრენინგები "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს. ალბათ მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მათთან საბრძოლველად მეტად უცნაური დაჯგუფება შეიქმნებოდა.
- მას შემდეგ, რაც "ინფო 9" გამოჩნდა, უფრო ინტენსიურად დაიწყო რეგიონალური პრობლემების გაშუქება. ცხადია, მანამდეც არსებობდა საინფორმაციო ცენტრები, მაგრამ უცებ ერთდროულად ბევრი ადამიანი დაინტერესდა იქაური ჩინოვნიკების საქმიანობით, რასაც აქამდე მიუჩვევლები იყვნენ, მოულოდნელად ურთიერთობა მოუწიათ თავისუფალ მედიასთან. მანამდე თვითონ იძახებდნენ ტელევიზიებს და სასურველ ინფორმაციას აწვდიდნენ.
- ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს თავისუფალ მედიაჯგუფს უწოდებს და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის, განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში აქტიურობს.
- ამჯერად საგარეჯოს რაიონშიც გამოჩნდა ერთი გოგონა. პირველი იყო ზესტაფონში ბიჭიკო, მას მოჰყვა ალისტრახო. ეს ადამიანები ჩვენს ჟურნალისტს ეკატერინე დუგლაძეს დასდევენ და უტაქტო კითხვებს უსვამენ. ჩემი ვარაუდით, ისინი ზესტაფონის სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების უფროს ვალერიან თელიასგან ფინანსდებიან. ისინი ხშირად არიან ერთად, სადაც ბიჭიკო და ალისტრახო ჩანან, თელიაც იქვე შორიახლოს, საკუთარი მანქანით მოძრაობს.
- თქვენი და "ინფო 9"-ის დირექტორია?
- დიახ და ძალიან ვგულშემატკივრობ ამ პროექტს. მე მათთან ოფიციალური ურთიერთობა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ამ ჟურნალისტების ტრენინგში ვმონაწილეობდი.
- ისმის შეფასება, რომ რეალურად "ინფო 9" უფრო წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ვიდრე "მეცხრე არხი"...
- არ ვიცი, ეს გემოვნების საკითხია. საინფორმაციო სააგენტო სხვა ფორმატია და ტელევიზია - სხვა. თანაც, ჩვენს ტელევიზიას გავრცელების არეალი შეზღუდული აქვს. მე ნამდვილად ვარ "მეცხრე არხის" პატრიოტი და გულშემატკივარი და სულაც არ მგონია, რომ ის წარუმატებელი პროექტია. ვფიქრობ, ცოტა ხანი სჭირდება მას, რომ პროდუქტი დადოს. დღეს 21-ე საუკუნის დამოკიდებულება ჟურნალისტიკისადმი ისეთია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ატვირთოს თავისი "საშინაო ვიდეო" "ფეისბუქზე" და ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავდეს, ვიდრე ტელევიზიას.
- მედიაჯგუფის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანდა, რომ "ინფო 9"-ის ჟურნალისტები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან ერთად ქეიფობდნენ...
- ჩვენს ოპერატორს ლექსო ალექსიძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შეყვარებული ჰყავს და რა ქნას, დაისაჯოს? უფრო მეტს გეტყვით, ჩემი მეუღლე შალვა შავგულიძე კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატია და რა ვქნა, თავი დავანებო ჟურნალისტიკას? თუ ეკა კვესიტაძეს შეუძლია ეთერში იჯდეს და მისი მეუღლე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდეს, ან ნანუკა ჟორჟოლიანს, ჩვენ რატომ უნდა გვეკრძალებოდეს?..
- როგორ გგონიათ, რატომ ექცევიან ასე თქვენს ჟურნალისტებს?
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, შეიძლება ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ ბიჭიკო, ასლიტრახო და სოფიო რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება ასეთი მაღალი რეიტინგი არც ჰქონოდა "ინფო 9"-ს. ახლა ცოტა შეცვალეს ტაქტიკა და პოლიტიკოსებს დასდევენ.
- "ინფო 9"-ზე ხშირად აქვეყნებენ სკანდალურ ვიდეოს. მაგალითად, როცა მინისტრი გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილთან დალაპარაკებას ცდილობდა და მას მზეთუნახავს ეძახდა...
- მერე თქვა, არაფერი მაქვს მისთვის სათქმელიო. იცით, დღეს მინისტრები ისე იქცევიან, როგორც ხულიგანი რადიკალი ოპოზიციონერები. რომელიღაც პოლიტოლოგმა თქვა და ვეთანხმები, ამასობაში ივანიშვილი იქცევა როგორც სახელწიფო მოღვაწე, ბიუჯეტში თანხებს რიცხავს და აცხადებს, რომ ამას სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად აკეთებს.
- რატომ არ დაელაპარაკა ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაჩიძეს, საინტერესოა, რას ეტყოდა მინისტრი...
- მე რაც დავინახე, იყო ის, რომ ხაჩიძე ვიღაც ერთ ადამიანს ებრძოდა და ეუბნებოდა, გამატარე, მინისტრი ვარო. თან იქ იყო უამრავი გასასვლელი და სულ არ გამჩენია ისეთი განცდა, რომ ვინმე არ უშვებდა. იქ ვერ ვნახე დაცვის ჯაჭვი, რაც სხვა დროს ხშირად გვინახავს. მე მგონია, მისთვის ხელი არავის შეუშლია. ისე მოხდა, რომ იმ დღეს "ინფო 9"-ის რამდენიმე ჟურნალისტმა ჩაწერა გოგა ხაჩიძე და რამდენიმე ადგილას საკმაოდ იოლი იყო ბიძინა ივანიშვილამდე მიღწევა, თუ რამე შეკითხვის დასმა უნდოდა. თუმცა მინისტრი არ არის ჟურნალისტი, რომ კითხვები დაუსვას ადამიანებს, შეიძლება რაღაც მოსაზრება გამოთქვას, დისკუსიაში შევიდეს, მაგრამ შეკითხვა მაქვს დასასმელიო, ჟურნალისტივით რომ ყვირის, ცოტა სასაცილოა.
- ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნა. მათ მიერ დამზადებული კლიპები სხვადასხვა არხზე გადის, თუმცა "მეცხრე არხმა" მათ გაშვებაზე უარი თქვით...
- მე მგონია, რომ ეს ორგანიზაცია სერიოზულად დასაჯარიმებელია. თავიდან ეწერა, რომ ეს იყო პოლიტიკური რეკლამა, მაგრამ თან დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი მიზნები არ არის პოლიტიკური. ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება ადამიანის გამონათქვამის ასე დამახინჯება. მაგალითად ივანიშვილის ნათქვამი წინადადებიდან - "ჩვენ დავუბრუნებთ საქართველოს წარსულ დიდებას", სიტყვა "დიდება" მოჭრილია და ისე უშვებენ ეთერში. თან კონკრეტულად ვიღაც ადამიანის გასაშავებლად ასეთი კლიპების დამზადება ამ ხელისუფლების უსუსური გაბრძოლებაა.
მინდა ისიც გითხრათ, რომ ვითომდა მედიაჯგუფის წარმომადგენელი გოგონები და ბიჭები არ არიან ჟურნალისტები, ისინი ოდესღაც იყვნენ ჟურნალისტები, დღეს კი ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი ადამიანები არიან.