მე-

მე-"ოცნებე" "ნაციონალები"

"თუ თქვენთან მოდის აქტივისტი, რომელიც სარგებლობას "ქართული ოცნების" სახელით, გთხოვთ პირად მონაცემებს და ხელს გაწერინებთ ცარიელ ფურცელზე, გატყუებენ", - "ქართული ოცნება" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჯერ დარწმუნდნენ მათთან მისული აქტივისტის "წარმომავლობაში" და მხოლოდ ამის შემდეგ გასცენ პირადი ინფორმაცია. სოფელ ნატანებში ქალბატონი (რომლის სახელსა და გვარს "ქართული ოცნება" არ ასახელებს) მოსახლეობაში ცარიელ ფურცლებზე ხელმოწერებს და მოქალაქეთა პირად ნომრებს აგროვებდა "ქართული ოცნების" სახელით. თუმცა კოალიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული პირი მათი პარტიიდან არ ყოფილა.

"სოფელ ნატანებში "ქართული ოცნების" სახელით დადიოდა ქალბატონი, რომელიც ხელმოწერებსა და პირად მონაცემებს აგროვებდა. მისი თქმით, ის "განახლებული საქართველოსთვის" წევრის მინდია გულუასთვის ცდილობდა შეეგროვებინა მხარდამჭერთა სია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კოალიციის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოტე შარაშენიძე.

"ქალბატონმა არგუმენტად მოიყვანა ის, რომ თითქოს ეგონა, აღნიშნული პარტია კოალიციაში ერთიანდებოდა. შეიძლება ამ შემთხვევაში არც იტყუება, ამიტომ არ მგონია, რაიმე სამართლებრივ ზომებს მივმართოთ. თუმცა პარტიის შიგნით აუცილებლად ვიმსჯელებთ ამაზე.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩვენი სახელით მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებენ ხელმოწერებსა და პირად მონაცემებს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ხალხში ნდობით სარგებლობს, ვიდრე მმართველი, ან სხვა ნებისმიერი პარტია", - უთხრა "მთელ კვირას" შარაშენიძემ.

პარტიის "განახლებული საქართველოსთვის" პრესსამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ჩარკვიანი ბრალდებას უარყოფს და "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ: "სრული აბსურდია. ჩვენმა მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა კარგად იციან, რომელ პარტიაშიც მუშაობენ და ნამდვილად არ ერევათ "ქართულ ოცნებაში".

კოალიციაში შემავალი პარტიის "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი ეჭვობს, რომ ქალბატონი სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია და მსგავსი საქციელით "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობდა.

"ვფიქრობ, ამ საქციელით უნდათ მოახდინონ ქართული ოცნების დისკრედიტაცია. როცა ცარიელ ფურცლებზე აწერინებენ ხელს, ამ ფურცელზე მერე შეიძლება ყველაფერი გაჩნდეს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა. იგივე სამგორში და თემქაზე მოხდა, მაგრამ ჩვენ დროულად შევიტყვეთ ამ ფაქტის შესახებ და მივიღეთ შესაბამისი ზომები.

"ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს, ის სარგებლობს საქართველოში დიდი ნდობით და სწორედ ამიტომ იყენებენ ჩვენს სახელს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ხიდაშელი.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს მათ, რომ მსგავს სატყუარას არ წამოეგონ, რადგან მათი პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებისგან ცარიელ ფურცლებზე ხელის მოწერას არ ითხოვენ.

"მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით. არ შეიძლება ვინმეს მითითებით ცარიელ ფურცელზე მოაწერონ ხელი და მერე ამით რაიმე საფრთხე შეიქმნან.

"მე ყველას ვაფრთხილებ, თუკი ვინმე მივა მათთან "ქართული ოცნების" სახელით და ხელმოწერებსა და პირად მონაცმებს მოსთხოვს, ეს არ არის ჩვენ მიერ ორგანიზებული. მსგავს რაღაცებს არ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს. ესაა პროვოკაცია.

"პირადი ინფორმაცია და ხელმოწერები, სავარაუდოდ, სჭირდებათ არჩევნების გასაყალბებლად. ამას ალბათ "კარუსელის" დროს გამოიყენებენ.

"მათ ფანტაზიაში რა არის, მე ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ეს რაღაც უკანონობასთან არის დაკავშირებული და მოსახლეობა მეტი ყურადღებით უნდა იყოს.

"მზად ვართ, ეს გაყალბების ტექნოლოგიები გავშიფროთ და ისინი ვამხილოთ. ჩვენი სახელის გამოყენება რომ სჭირდებათ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უკვე ცუდად აქვთ საქმე. დროა, ის ხალხი, რომელიც მათ უჭერს მხარს, გონს მოეგოს", - უთხრა "მთელ კვირას" კობახიძემ.

კოალიციის წევრი და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე მსგავს მოქმედებებში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ხედავს.

"ვიმედოვნებ, ჩვენი სახელის გმოყენება მიანიშნებს იმაზე, რომ კოალიცია გაცილებით დიდი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. ამაში არის კიდევ ერთი საშიშროება ჩადებული - როცა მიდიან "ქართული ოცნების" სახელით მოსახლეობასთან, ამით უნდათ მათი განწყობის გაგება და შემდეგ დევნის დაწყება.

"ხელისუფლება ხვდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მისულ აქტივისტებთან მოსახლეობა შესაძლოა, არ იყოს გულწრფელი. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც მუშაობენ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში და ჩვენ გვგულშემატკივრობენ, მოდიან და გვაწვდიან ინფორმაციას არჩევნების გაყალბების შესაძლო ტექნოლოგიებზე.

"რაც შეეხება მსგავს შემთხვევებს, ჩემს რაიონში ნამდვილად არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ არის მოსახლეობაზე სხვა სახის ზეწოლა - შეცდომებში შეყვანა თუ ჭორების გავრცელება. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ავრცელებენ ჭორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ მოვა, დახურავს შახტებს, მოუხსნის მათ პენსიებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის 4 დეკემბერს მიღებული კანონის დარღვევა და საჭიროა სამართლებრივი ზომების მიღება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ჩაფიძე.