რეიტინგების ომი:

რეიტინგების ომი: "ოცნება" "ნაცმოძრაობას" ეწევა

მარკეტინგული კომპანია "პენ შონ ბერლანდის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" თანაბარი რეიტინგი - 42-42 პროცენტი აქვთ. სხვა პარტიებს - 8%, 6%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ხოლო 3%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. ამავე კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნება" თბილისში 48%-ით ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობის" 34%-ის წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოში გამოკითხულთა 45% "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, 35 % - "ქართული ოცნების."

აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებში "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის თითქმის ერთნახევარჯერ უსწრებდა "ქართულ ოცნებას".

ტვშ-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 36% "ნაციონალურ მოძრაობას", 18% - "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს.

შკშ-ის კვლევაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 45%, "ქართული ოცნების" - 15%-ია. თუმცა პოლიტოლოგთა და სოციოლოგთა ნაწილი ამ კვლევებს ეჭვის თვალით უყურებს და ამბობს, რომ ისინი რეალობას და ხალხის განწყობას ვერ ასახავენ.

დამოუკიდებელი ექსპერტები "პენ შონ ბერლანდის" მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამბობენ, რომ ის რეალობასთან უფრო ახლოა, ვიდრე სხვა კვლევის შედეგები.

"მთელ კვირასთან" საუბარში ფსიქოლოგ-სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა რამდენიმე კვლევა ერთ შედეგებამდე მიდის, ის სანდოა.

"კვლევის მონაცემებზე მსჯელობა მხოლოდ დეტალური ინფორმაციის გაცნობის შემდეგ შეიძლება, მაგრამ როდესაც რამდენიმე გამოკვლევა ერთნაირ შედეგამდე მიდის, ეს ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ მონაცემები სანდოა. ჩემი აზრით, ეს კვლევა ყველა სხვა ადრინდელზე უფრო რეალურ შედეგებს ასახავს", - ამბობს საყვარელიძე.

საყვარელიძის მსგავსად ფიქრობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილიც. მისი თქმით, კვლევის შედეგები სიმართლესთან ახლოს დგას.

"ვერ დავიჩემებ იმას, რომ მაინცდამაინც ამ კვლევას ვენდობი, მაგრამ თუ სიტუაციას შევხედავთ, მივხვდებით, რომ ორ ძირითად აქტორს შორის არის ბრძოლა, ამიტომ მათ თითქმის ერთნაირი რეიტინგები უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ეს კვლევა ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღები და სიმართლესთან ახლოს მდგომია.

"რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში უნდა ვენდოთ კვლევას, აქ რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. პირველი ის ცდომილებაა, რასაც კვლევის ველი ქმნის და მეორე - კითხვარი, რომელსაც ადამიანებს ვუსვამთ. მოთხოვნა, რომ გინდა თუ არა სოციოლოგიურმა კვლევამ რეალურად აჩვენოს შედეგი, არ არსებობს; სოციოლოგია ზუსტი მეცნიერება არ არის", - ამბობს ჩიტაშვილი.

საყვარელიძის და ჩიტაშვილის აზრს არ ეთანხმება "არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. ის "მთელ კვირასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოში არსებული გარემო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კვლევების შედეგებს ვენდოთ.

"საქართველოში ისეთი გარემოა, რომ მე არანაირი კვლევის შედეგების არ მჯერა. ხალხი ცდილობს, არ გამოამჟღავნოს საკუთარი პოლიტიკური გემოვნება.

"პენ შონ ბერლანდის" კომპანია ავტორიტეტულია, მაგრამ მას არ მოეთხოვება, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ზედმიწევნით იცოდეს. არ იციან, აქ რა განწყობა და როგორი პოლიტიკური გემოვნებაა, ან როგორი დამოკიდებულებაა კვლევების მიმართ. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, რომ ამ ორგანიზაციამ შექმნა ისეთი კითხვარი და კვლევებში ისეთი ფორმულირებები ჩადო, რომ ხალხი მაინცდამაინც მასთან იყო გულწრფელი.

"კვლევაში არაბუნებრივი ციფრებია მოცემული. თუ მოსახლეობის 80% ამბობს, რომ მისთვის სოციალური მდგომარეობა ძალიან რთულია, მაშინ ხელისუფლებას 42% მხარს როგორ უჭერს? ჩემთვის ეს კვლევა მოსახლეობის განწყობის ადეკვატური არ არის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ ორგანიზაციებს არ ვენდობი, არამედ იმიტომ, რომ გარემო არ არის ისეთი, რომ რეალური შედეგი დადონ. ასეთ გარემოში ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევასაც არ ვენდობი", - ამბობს კახიშვილი.

რაც შეეხება ამომრჩევლის აზრზე კვლევების შედეგებით გავლენის მოხდენას, საყვარელიძე და ჩიტაშვილი ამბობენ, რომ მას საზოგადოების აზრის ფორმირება და მასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. კახიშვილი კი ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის კვლევები ამომრჩეველზე ორიენტირებული არ არის.

"სწორი პოზიცია არ არის, როცა ამბობენ, რომ მთავარი არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგია და არა არჩევნების წინ გამოქვეყნებული რეიტინგებიო. საარჩევნო რეიტინგი ჰაერიდან არ ჩნდება, მას თავისი წინაპირობები აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ამ ტიპის მონაცემებს სწორედ იმისთვის იყენებს (მით უმეტეს ისეთს, სადაც თვითონ აქვს მაღალი მაჩვენებელი), რომ მერე მიღებული შედეგების არგუმენტად გამოვიდეს ეს სურათი.

"ასეთ არგუმენტაციას ძალა რომ არ ჰქონდეს, სოციოლოგიას ყურადღებას არავინ მიაქცევდა. სამწუხაროდ, მას ასეთი ძალა აქვს და მისი რეალური სურათის შეცვლით ბევრია დაინტერესებული", - ამბობს საყვარელიძე.

მარინე ჩიტაშვილის აზრით კი, ასეთი კვლევის შედეგებს მაშინ აქვს გავლენა ამომრჩეველზე, როდესაც პროპაგანდისთვის იყენებენ.

"ასეთი კვლევის შედეგების გამოქვეყნებამ შესაძლოა, ამომრჩეველზე გავლენა იმ შემთხვევაში იქონიოს, თუ კვლევის შედეგები რომელიმე პოლიტიკური აქტორის მიერ თავისი პარტიის პროპაგანდისათვის იქნება გამოყენებული. თუკი ეს პოლიტიკური აქტორი თავის სასარგებლო შედეგებს აიღებს და გამოიყენებს სხვადასხვა გადაცემებში, მას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ან ბოლომდე ფორმულირებული არა აქვთ თავიანთი სიმპათია-ანტიპათია.

"ეს გავლენას ვერ მოახდენს იმ ელექტორატზე, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიას აძლევს ხმას", - ამბობს ჩიტაშვილი.

რაც შეეხება დამკვეთის მიერ კვლევის შედეგებზე გავლენის მოხდენას, სოციოლოგები ფიქრობენ, რომ დამკვეთს არანაირი გავლენა არ აქვს, თუ ის მხოლოდ კვლევას უკვეთავს და არა შედეგს.

"თუ დამკვეთი შედეგს უკვეთავს, მაშინ აქვს მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელობა. თუ დამკვეთს ობიექტური სურათი აინტერესებს და მარტო კვლევას უკვეთავს, მაშინ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ თუ ის შედეგს უკვეთავს, მაშინ, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს.

"საქართველოში სოციოლოგიური კვლევის ძალიან მაღალი დონე და კულტურაა, მაგრამ შეიძლება მოიძებნოს ისეთი ჯგუფები, რომლებიც იმ შედეგს დადებენ, რაც დამკვეთს სურს, ანუ შედეგზე ორიენტირებული დამკვეთი ურჩევნიათ კვლევაზე ორიენტირებულს", - ამბობს საყვარელიძე.

კახიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ სიტუაცია ყველაზე უკეთ იცის, ამიტომ მისთვის კვლევის დამკვეთი ნდობას ან იმსახურებს, ან - არა.

"ეს კვლევები უცხოელების აზრის ფორმირებაზეა ორიენტირებული. ის რაც უფრო სანდო ორგანიზაციების დაკვეთით ხორციელდება, მით უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს.

"თუმცა, სიტუაცია ყველაზე უკეთ საქართველოს მოსახლეობამ იცის. ახლა რომ დაწერონ, მმართველ პარტიას, ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას 90% აქვს კვლევებში, ვინმე დაიჯერებს? აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს კვლევები არა საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ უცხოელების აზრის წინასწარი ფორმირებისთვის ტარდება", - ამბობს კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია მარკეტინგულმა კომპანია "პენ შონ ბერლანდმა" კვლევა 3-დან 15 ივლისამდე ჩააატარა და 1980 ადამიანი ე.წ. "ფარული კენჭისყრის" მეთოდით გამოიკითხა, რაც მოპასუხეთა პასუხების მაქსიმალურ ანონიმურობას უზრუნველყოფს. კვლევის დამკვეთი კი, ფონდი "აღმოსავლეთ ევროპის მედია და საზოგადოება" იყო.