"ხელისუფლებას ორი გზა აქვს, ან გამანადგურებელი გამარჯვება, ან პროვოკაცია - ომი!"

"ხიზრი ალდამოვის ბრალდებებს მტკიცებულებები არ აქვს, ეს არ არის ოპერატიულად მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც ფაქტობრივი მტკიცებულებები მოჰყვება. ასე ყველამ ყველაფერი შეიძლება რომ მოყვეს, მაგრამ ის, რომ მე მეტი დამეჯერება, ეს მტკიცებულება არ არის. რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ მას აქვს სერიოზული მასალები საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მას ასეთი დონის მასალები რომ ჰქონდეს, ამას რუსეთი დიდი ხნის წინ წარადგენდა", - აცხადებს პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლებას ორი გზა აქვს, ან გამანადგურებელი გამარჯვება, ან პროვოკაცია - ომი!

"რაც შეეხება იმას, მოაწყობს თუ არა რუსეთი პროვოკაციას საქართველოში, ჩვენ პროვოკაციის რეჟიმში უკვე ვართ. ცხინვალში ნებისმიერი ბავშვი რომ გააჩერო, გეტყვის, რომ საქართველო ხვალ აპირებს ცხინვალის წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთივე დაძაბული მდგომარეობაა აფხაზეთში. ერთი მხრივ, მუშაობს პროპაგანდა, მეორე მხრივ, კარგად მუშაობენ ე,წ, "პარტიზანული რაზმები", რომლებიც საქართველოში იქმნება და რასაც საქართველო ოფიციალურად რეზერვისტებს ეძახის. პირველად მათი სახელწოდება იყო "კონფიდენტები", ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანების მეთაურები ერთმანეთს პარტიზანებს ეძახიან - ფსიქოლოგიურად აჩვევენ ამ ტერმინს იმისთვის, რომ თუკი მტერი თავს დაგვესხმება, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი სოფელიო და ა.შ. იქვე იმასაც ეუბნებიან - იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა თავდასხმა და დაიწყება შიდა არეულობა, მაშინ თქვენ უნდა დაიცვათ საქართველოს ხელისუფლება. როცა ეს ხდება სამეგრელოში და შიდა ქართლში, შეიძლება ადამიანმა ეს რაღაცნაირად გაიგოს, მაგრამ როცა მსგავსი პარტიზანული დაჯგუფებების შექმნა ხდება შიდა ქართლის სიღრმეში, ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ადგილი აქვს გარკვეულ თამაშს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"მაგალითად, სადაც მუხროვანის ბაზაა განლაგებული, იმის ზემოთ ტყეში განლაგებულია სამი ასეული ე.წ. პარტიზანი, თითოეულს ხელფასი აქვს 730 ლარი, მათი შემადგენლობის 50% ბანკის სესხებითაა "დაბმული". ეს ადამიანები გადიან ძალიან სერიოზულ წვრთნას ზუსტად პარტიზანული მოქმედებებისთვის, მაგრამ მათ ყოველთვის ეუბნებიან მეცადინეობისას, რომ ისინი გამოყენებული იქნებიან შიდა არეულობისას ხელისუფლების დასაცავად. ასეთი ტიპის ნაწილები იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა რეგიონში. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში", - განაგრძობს ექსპერტი.

"როდესაც მორჩება ამერიკის შეერთებული შტატებში არჩევნები და დაეცემა სირიის რეჟიმი, შემდეგ დადგება ირანის საკითხი. მოკლედ, სამხრეთ კავკასიაში ისეთი სიტუაციაა, რომ რუსეთს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს - წარმოიდგინეთ ერთდროულად ყარაბაღის პროცესის გახურება, საბოლოოდ კი საქართველოს დისკრედიტაცია და საქართველოში შემოჭრა, ოღონდ არა თბილისის დაკავებით, არამედ შუაზე გაჭრის მიზნით. რუსეთის არმია პირდაპირ ჩაებმება თავის გიუმრის ბაზას სომხეთში. საქართველოს ხელისუფლება გადადის ქუთაისში და აღმოსავლეთ საქართველო რჩება ნახევრად ოკუპაციის პირობებში - არსებობს სხვადასხვა სცენარი, არც ის არის გამორიცხული, ამასობაში საქართველოში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, მოკლედ ძალიან ცხელი შემოდგომის საშიშროებაა. ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო, რომ კეთილად არ დასრულდება", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

"მმართველი გუნდი აღარ არის მონოლითური, როგორც აქამდე იყო. დღეს ვანო მერაბიშვილს უქმნიან სერიოზულ დისკომფორტს, მას შს მინისტრობის ბოლო პერიოდში ჩამოართვეს რამდენიმე სპეცდანიშნულების რაზმი და გადასცეს თავდაცვის სამინისტროს. დღეს კი უკან - შს სამინისტროში დააბრუნეს ეს სპეცდანიშულების რაზმები. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ბიზნესების რევიზია დაიწყეს აჭარაში - ვიცი ერთი ბიზნესმენი, რომლის ვინაობის დასახელება არ მინდა და რომელიც ვანო მერაბიშვილთან ასოცირდებოდა - მან მიიღო მერაბიშვილისგან მითითება, რომ ყველა ბიზნესი გაყიდოს. ასე რომ, შიგნით რღვევის პროცესი დაწყებულია, ხედავენ, რომ მათ ლიდერს შანსი არ აქვს, გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნის პროცესი. მათ შიგნით საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავთ, გარე მტრებს რო თავი დავანებით, რადგან თუ ახლავე არ შეირჩა "ვაცი", დაიშლებიან გარკვეულ ჯგუფებად და ეს გამაძღარი ჩინონნიკები ერთმანეთის ჭამას დაიწყებენ", - დასძენს მამუკა არეშიძე.

"რადგან ეს აღარ არის მონოლითური ჯგუფი, მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. მათ ორი გზა აქვთ თავის გადასარჩენად - ერთი არჩევნები უნდა მოიგონ და თუ ამას ვერ შეძლებენ მეორე გზა - დაიწყონ ომი - სხვა შემთხვევაში მათ გადასარჩენი გზა აღარ აქვთ, მაგრამ ტოტალური გაყალბების შემთხვევაშიც კი ვერ მიაღწევენ იმ შედეგს, რასაც ჰქვია უმრავლესობით გამარჯვება. საქმე ის არის, რომ ისინი უმრავლესობაში მოსვლას კი თანხმდებიან მხოლოდ. "ნაციონალებს" უნდათ გამანადგურებელი გამარჯვების ხელში აღება - სხვა შემთხვევაში არის ომო, პროვოკაცია და დაპირისპირება. დღეს რაც ხდება ანგარიშების დაყადაღენასთან დაკავშირებით, ეს არის ნიადაგის მოსინჯვა - ყებლა ეს ნაბჯი გადადგმულია იმისთვის, რათა დაიტესტოს საერთაშორისო საზოგადოება - ერთი მხრივ, რას უტყვიან ისინი და მეორე მხრივ, გადაისინჯოს - გამოვა თუ არა წონასწორობიდან მეორე მხარე. პროცესები მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში მოხდეს ფსიქოლოგიური აფეთქება, ხალხის ქუჩაში გამოსვლა", - დაასკვნის ექსპერტი