"სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკურად გაკოტრებულია შემდგომი პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის არყოლის გამო"

"პოლიტიკური ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ყველა ნიშნით და თვისებით ჰგავს რეჟიმის უკანასკნელ პერიოდს, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზას სააკაშვილი ძალადობის გაძლიერებაში ხედავს. პირდაპირი ძალადობით ცდილობენ ჩვენი საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას და ქვების სროლის ხანაში სურს ქვეყნის დაბრუნება სააკაშვილს", - აცხადებს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, ირაკლი ალასანია: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება და ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი - ამის პირობას გაძლევთ!

"ეს ჩანს ნათლად - არ მავიწყდება 2003 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც შევარდნაძის რეჟიმს ხელისუფლების განხორციელების რესურსი აღარ ჰქონდა და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს ანალოგიური განწყობა აქვს სრულიად საქართველოს და ის ლოგიკა, რომელსაც სააკაშვილი მიჰყვება, აბსოლუტურად თვითგანადგურებიკენ არის მიმართული - დიახ, რაც მეტი ძალადობა იქნება ნაცონალთა მხრიდან, მით უფრო დიდი პროტესტი ექნება საზოგადოებას და არჩევნებზე ბუმერანგივით მიუბრუნდებათ ამათ ეს ყველაფერი - სააკაშვილის ზონდერ-ბრიგადების მიერ გნებავთ, კახი კალაძის, გნებავთ, ლევან იზორიას, პირადად ჩემი და მით უფრო ბატონი ბიინას მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ზონდერქმედება და პროვოკაცია, სწორედ არჩევნების დღეს დაუბრუნდება ბუმერანგივით მიხეილ სააკაშვილს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება და ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი - ამის პირობას გაძლევთ! ხოლო ნაციონალური მოძრაობა უმცირესობით იქნება შესული პარლამენტში - ეს არის ჩვენი მიზანი და ყველა ხედავს, რომ ასიათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ მიზნის განხორციელების საქმეში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"ჩემი აზრით, შიდა სახელისუფლებო ბრძოლის ველზე ვანო მერაბიშვილი დამარცხდა და ძალოვანის სტრუქტურები მთლიანად აიღო ხელში ძალადობის პარტიამ, ანუ იმ კრიმინალურმა ჯგუფმა, რომელიც პროვოკაციებს უწყობს ხალხს. ხმამაღლა ვაცხადებ: სააკაშვილის ხელისუფლება გაცნობიერებულად და გამიზნულად დაეყრდნო ძალადობის პარტიას. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პროცესი კუდ-ის, სოდ-ისა და სპეცსამსახურების თანამშრომლებს გადააბარა, რომლებიც მართავენ ამ ზონდერ-ჯგუფებს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ - არაფერი გამოუვათ! ვერ გამოგვიყვანენ წონასწორობიდან და ასევე გავაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. არასდროს ყოფილა ასე ერთ მუშტად შეკრული ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, არასდროს ჰქონია მსგავსი ნდობის მანდატი ოპოზიციას, როგორიც დღეს აქვს ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით. სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკურად გაკოტრებულია შემდგომი პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის არყოლის გამო!" - მიიჩნევს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.

"აშკარად განსხვავებულია საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირის ხელმძღვანელობისა და თვით ობამას დამოკიდებულება და ამ პირობებში, გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი და ბაჩო ახალაია ვერ შეძლებენ არჩევნების შედეგების გაყალბებას, სააკაშვილი წინ ვერ აღუდგება მილიონობით თანამოქალაქეს. ხალხის ნებას "ქართული ოცნების" მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა - ერთს კი ნამდვილად გეტყვით, ჩვენ არც ერთი ქართველი არ გვემეტება არც დასაჭერად და არც ქვეყნიდან გასაქცევად! მტრებს არ ვეძებთ...", - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "თუმცა მტრები გპოულობენ თქვენ და ქვებს გესვრიან", - პასუხობს:

"გამორციხულია სამართლიანობის აღდგენა, თუკი ის დანაშაული, რომელიც ჩადენილი აქვს ამა თუ იმ მოხელეს, არ იქნება ბოლომდე გამოძიებული. დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყევლა საქმე იქნება ხელახლა გამოძიებული, რადგან უდანაშაულო ადამიანებით არის ციხეები სავსე. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პიროვნების პოლიტიკური რებილიტაცია იქნება აუცილებელი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბოროტებას და უკანონობას ემსახურებიან, აუცილებლად აუცილებლად წარდგებიან მოუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე. გპირდებით: პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ძმები ახალაიები და ამ ზონდერჯგუფების დამკვეთები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და აუცილებლად აგებენ პასუხს საკუთარ დანაშაულებზე".