გასულ კვირას შვებულებაში გასულ დეპუტატებს კვლავ პარლამენტში დაბრუნება მოუხდათ. პარლამენტის 25 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს რამდენიმე რაიონში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, კახეთში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გამოყოფილი 50 მილიონი ლარი მოკლე ხანში მოხმარდება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ფულადი კომპენსაციის გაცემას.
გრძელვადიან პერსპექტივაში მდგომარეობის გამოსასწორებლად განზრახულია, კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბიუჯეტში არსებული პროგრამის მოცულობა გაიზარდოს 110 მილიონ ლარამდე, საიდანაც 80 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის კრედიტია. უნდა ითქვას, რომ ეს თანხა ბიუჯეტში ისედაც არსებობდა, თუმცა მთავრობამ ის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის მოცულობაში იანგარიშა.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისასაც აღნიშნა და ჟურნალისტებთანაც იგივე გაიმეორა, რომ გამოყოფილი თანხები 2012 წლის განმავლობაში დაიხარჯება, თუმცა 2013 წლის ბიუჯეტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალი რესურსის გათვალისწინებაა სავარაუდო:
„ჩვენი რეაგირება იქნება ადეკვატური იმ გამოწვევების, რაც არის სამივე რეგიონში. 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანად 162 მილიონი ლარი დაიხარჯება როგორც უშუალოდ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ასევე სამივე რეგიონის გრძელვადიანი განვითარების და რეაბილიტაციის მიზნით. ეს არის ის რესურსი, რომელიც დაიხარჯება 2012 წელს. შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა დაიწყება მოგვიანებით და 2013 წლის ბიუჯეტშიც აუცილებლად გავითვალისწინებთ თანხებს.”
მიუხედავად ოპოზიციის მწვავე კრიტიკისა, რომ გამოყოფილი სახსრები არასაკმარისი იქნება დაზარალებულთა ადეკვატური ანაზღაურებისათვის, საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტმა 89 ხმით დაამტკიცა, არც ერთის წინააღმდეგ.
სტიქიის შედეგებით განპირობებული საბიუჯეტო ცვლილებების პარალელურად, საგულისხმო იყო ისიც, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მისთვის 15 ივნისს დაკისრებული ჯარიმა -საურავებიანად, 80 მილიონი ლარი - სწორედ გასულ კვირას და იმ მოტივით გადაიხადა, რომ ”გაჭირვებაში მყოფ ხალხს დახმარებოდა”. როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში იყო ნათქვამი, ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება ხალხის დასახმარებლად ჯარიმის გადახდაა, რასაც ის არ აპირებდა:
”ირიბად, კანონის დაურღვევლად გამოვნახე საშუალება, რომ იმაზე, რაზეც კატეგორიულად უარს ვაცხადებდი, რომ რაც არ მეკუთვნის, არ გადავიხდი, აი ახლა ვაპირებ გადახდას. 80 მილიონი პირველად დაკისრებული ჯარიმა სრულად გადავრიცხე იმ ანგარიშზე, რომელსაც სასამართლო მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აღარ აქვს სათქმელი, რომ აღარ აქვს შესატყვისი თანხა. ჩვენ გავაკონტროლებთ მკაცრად, რომ ეს ფული მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას.”
როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ 25 ივლისს აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა ბიუჯეტში, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში გაიწერება ასიგნებების სახით. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა ის სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდეს, თუმცა გადახდილი ჯარიმის სანაცვლოდ ”ქართუ ჯუფის” 100 პროცენტიან წილს, რომლის საკუთრებაშიცაა ”ქართუ ბანკი”, იძულებითი მმართველობა შეუწყდა, რაც ჯარიმის გადაუხდელობისა და შემდეგ იძულებით აუქციონზე გაუყიდველობის გამო იყო ბანკში დანიშნული. თუმცა, როგორც კვირის ბოლოს, ”ქართუ ბანკში” ყოფილი მმართველების დაბრუნების შემდეგ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, ბანკის დროებით მმართველობას ისეთი ხელშეკრულებები გაუფორმებია, რომელთა შესრულების შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არა აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაუცემლობის შემთხვევაში კი დაირღვევა ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.
გასული კვირის დასაწყისში გაქურდეს ”სტუდია მონიტორი”. ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებს. სტუდიის მხარდასაჭერად კი ჰოლანდიელმა საგამომძიებლო ჟურნალისტმა ჰენკ ვან ესმა წამოიწყო კამპანია ”დააბრუნეთ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა საქართველოში”. მან სპეციალური ვებგვერდის დახმარებით თანხის შეგროვებაც დაიწყო.
”ჩვენ ვიცით, რომ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა საქართველოში კრიტიკის ქარცეცხლშია წლების განმავლობაში და ადრეც შეჰქმნია პრობლემები. გვინდა დავეხმაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს. მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორი“ გაძარცვეს, ამის შესახებ ვატყობინებთ ჩვენს სხვა კოლეგებს და საერთაშორისო საზოგადოებას. ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ვცდილობთ, რომ „სტუდია მონიტორმა“ ახალი გრანტი მოიპოვოს და, მეორე, საგამომძიებლო ჟურნალისტიკის გლობალურ ქსელში გაერთიანებულთა შემოწირულებებით მოვიზიდოთ თანხა და ამით ტექნიკის შეძენაში დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ „სტუდია მონიტორი” დაუბრუნდეს მუშაობას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰენკ ვან ესის კამპანიაში ჩართულმა რუმინელმა საგამომძიებლო ჟურნალისტმა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის დირექტორმა პოლ რადუმ.
მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა საქართველოშიც გამოუცხადეს. გასულ კვირაში პრესკონფერენციებით თუ აქციებით გრძელდებოდა ტელეკომპანია ”მაესტროს” მხარდამჭერი მოძრაობა. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა 2-ჯერ მიმართეს პროკურატურას წერილობით, მოიხსნას ყადაღა ტელეკომპანიის სატელიტურ თეფშებზე და ისინი მფლობელს დაუბრუნდეს, თუმცა უშედეგოდ. მედიის წარმომადგენლები ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენაც მოუწოდებდნენ.
გასულ კვირაში ყოფილი ფეხბურთელის და კოალიცია ”ქართული ოცნების” სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის ქართულ ბანკებში არსებული ანგარიშებიც დაყადაღდა. კახა კალაძის სიტყვებით, ის დაყადაღებულ თანხას მხოლოდ პირადი და ოჯახის საჭიროებისთვის იყენებდა და არა პოლიტიკური მიზნებისთვის:
”ეს თანხები განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ, უბრალოდ, იარსებო და ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ჩემთან სახლში. ასე რომ, ძირითადად ამისთვის იყო ეს თანხები საჭირო და არავითარ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის თანხები, რომელიც ჩვენგან იხარჯება, მე მხედველობაში მაქვს კოალიცია „ქართული ოცნება“, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ხდება ყველაფერი.”
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ვიგებთ, გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის, 1 მლნ 600 ათასი ლარის, საეჭვო ოპერაციები და ამიტომ გამოძიების დამთავრებამდე კალაძის საბანკო ანგარიშები ყადაღდება.
გასულ კვირაში მოსკოვში, ”რია ნოვოსტის” პრესცენტრში, საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ხიზრი ალდამოვმა პრესკონფერენცია გამართა, სახელწოდებით ”თბილისის საიდუმლო თამაშები კავკასიაში”. ალდამოვმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩეჩნეთში და პრომოსკოვური ადმინისტრაციის თავკაცს, რამზან კადიროვს, ბოდიში მოუხადა და დახმარებაც სთხოვა, განაცხადა, რომ ყველა ტერაქტში, რომელიც კი რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარა და ხდება, მიხეილ სააკაშვილის ხელი ურევია, მათ შორის, ბესლანის ტერაქტშიც:
”გულწრფელად გეუბნებით, სააკაშვილს სძულს რუსეთი და რუსი ხალხი. მასთან დაახლოებულ პოლიტიკოსთა ჯგუფის წევრებიც - თარგამაძე, ბოკერია - ვერ იტანენ რუსეთს, გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, რა დაუშაონ მას და ამისათვის ხალხს ქირაობენ, ძირითადად ჩეჩნებს. თუ რუსეთის ტერიტორიაზე რამე ტერაქტი ხდება, ყველაფერს სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ყველაფერში მისი ხელი ურევია. მას აქვს ანტიტერორისტული ცენტრი, სადაც ჩეჩნები და ქისტებიც არიან, ეს მისი შექმნილი სისტემაა. რასაც უბრძანებს, ასრულებენ. ის მეთაურობს და პასუხისმგებელიც თავადაა.”
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ხიზრი ალდამოვის ეს გამოსვლა რუსული სპეცსამსახურების სტანდარტული პაკეტია, რომლითაც, მისი სიტყვებით, რუსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს არაერთხელ გაუმასპინძლდნენ:
”თუ ამდენად არასერიოზულია რუსული სპეცსამსახურების მუშაობა, რომ ამის მეტის არაფრის თქმა არ შეუძლიათ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ალდამოვის პრესკონფერენცია კი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება არაარგუმენტირებული, დაუსაბუთებელი რაღაც მასალა გამოაქვეყნო.”