რამდენი მილიონი გადაუხადა აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებამ ბორისოვს?

რამდენი მილიონი გადაუხადა აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებამ ბორისოვს?

"პირველ რიგში მეცნიერი ვარ და არა პოლიტიკოსი. ჩემი შეფასება ასეთია: სისტემური მიდგომით ქვეყანაში არის ავტორიტარული კლეპტოკრატია - ეს არის ქურდების მმართველობა. ანუ სოზარ სუბარმა თავის დროზე უწოდა - ეს არის "ხაზინის ქურდების ავტორიტარული მმართველობა", - აცხადებს პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამდენი მილიონი გადაუხადა აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებამ ბორისოვს?

"დღეს თქვენ ვერ დამისახელებთ საქართველოში ბიზნესის დარგს, რომელიც მთლიანად არ იყოს რეჟიმის კონტროლის ქვეშ და ფასებიც არ იყოს ნაკარნახები რეჟიმის მხრიდან. კარნახობენ იმ ფასებს, რაც უნდა დააწესონ, ზემოგება მიდის ე.წ "ობშიაკში". მონოპოლია ფარმაცევტიკაში თვითონ სააკაშვილმა სამჯერ გამოაცხადა და ფასები ყველაზე ძვირია მთელ რეგიონში - თქვენ გგონიათ პსპ-ს, ავერსს, ჯპს-ს ვინმე რამეს ეკითხება? იგივე ხდება ბენზინთან, ხორცთან დაკავშირებით - აღარ ჩამოვთვლი, აბსოლუტურად ყველაფერზე მონოპოლიაა. ეს საქართველოს ეკონომიკას, როგორც შაგრენის ტყავს, ისე ანადგურებს და ამცირებს. შეხედეთ ციფრებს, შეხედეთ საგარეო ვალს. მმართველი დაჯგუფება შედუღაბებულია საერთო მრავალი დანაშაულით, მათ უკან დასახევი გზა თვითონ მოისპეს, ჩახერგეს და დაწვეს დიდი ხანია. უცხოელმა ექსპერტებმა მითხრეს, რომ ეს ყმაწვილები ახლა იბრძვიან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, მათ ძალაუფლება იმისთვის სჭირდებათ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ, რადგან უვადო პატიმრობა არც ერთ მათგანს არ ასცდება ნებისმიერი დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

"მინდა ყველამ იცოდეს, ესენი არაფერს მოერიდებიან. თუ შეაფასეს, რომ მიუხედავად მთელი ადმინისტრაციული რესურსისა, დატერორებისა, მოტყუებისა და დაგეგმილი მასობრივი გაყალბებისა, ოქტომბერში არჩევნებზე აგებენ, ოქტომბრამდე ესენი წავლენ დაჭერებზე, მასობრივ დაპატიმრებებზე - რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ყბადაღებული ბრალდებით, რომ "კრემლის აგენტებმა მოამზადეს პუტჩი რუსული ფულით". ჩხრეკისას ამოიღებენ იმ იარაღს, რასაც თვითონ მიიტანენ და ჩადებენ. შეგახსენებთ, ივანიშვილი ის კაცია, რომელიც არასოდეს არღვევს კანონს - ამ კრედოთი და მრწამსით მოდის. ასე იქცევა და ასე იცნობს მას მთელი დასავლეთი: ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევაა, რომ ადამიანი ყოველ წელს ითხოვს მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების აუდიტს მთელ თავის სტრუქტურებში - ეს აუდიტი ყოველთვის იდება. ეს აუდიტი უმაღლესი დონისაა წესრიგისა და კანონმდებლობის მხრივ. ნაციონალები ამას უსათუოდ იზამენ, თან ეს არ უნდათ - ესმით, რომ ყოველი დაჭერა და გასროლა შეიძლება მათთვის ბომბი იყოს, მაგრამ ამას მაინც გააკეთებენ, თუ დაინახეს, რომ სხვა გზა არ არის", - განმარტავს რესპონდენტი.

"ახლა ანგარიშობენ და ერთმანეთს ეუბნებიან - მე ყველა ინფორმაცია მომდის ჩემი ძველი კონტაქტების გამო. იქ არაერთი წესიერი, პატიოსანი ადამიანია - აი, 30%-ზე მეტს არ დავუწერთ ივანიშვილს და ეყოფა. ჩვენ გავალთ, ქრისტიან-დემოკრატებსაც გავიყვანთო. ვთქვათ, ამ შეგნებით ოქტომბრის არჩევნები გაიმართა, მაგრამ გახსნეს ყუთები და მიუხედავად ყველაფრისა, ხედავენ, რომ წააგეს - მაშინ განაცხადებენ, პუტჩი მოგვიწყო კრემლმაო და ამ ლოზუნგით არევენ სიტუაციას. ერთადერთი გზა გამორიცხეთ - სარკოზი რომ დამარცხდა, მიულოცა და წავიდა სახლში. დიახ, მოგებულს რომ მიულოცონ და წავიდნენ, ნაციონალების შემთხვევაში გამორიცხულია. ამათ ეს გზა მოჭრილი აქვთ. არ არის გამორიცხული, მიუხედავად შედეგებისა, ოქტომბერში გამოაცხადონ, რომ გაიმარჯვეს. ხალხმა თუ იხუვლა ქუჩაში, შეეცდებიან, გადააგორონ სროლის გარეშე - თუ გადააგორეს, ისეთ დღეში დავრჩებით, როგორშიც ვართ. თუ ვერ გადააგორეს, აქსიომად დადეთ, რომ ესენი არავითარ შემთხვევაში არ მიდიან თავიანთი ნებით და ლეგიტიმურად. ყველა შემთხვევაში გამოაცხადებენ თავიანთ გამარჯვებას და იბრძოლებენ ყველა ხერხით, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, ძალოვანი ხერხებით და მერე რა მოხდება, სხვა საკითხია", - განაგრძობს პეტრე მამრაძე.

"ეს სცენარი გარანტირებულია - მხოლოდ ასეთი ხმები კი არ გამოდის, უცხოელებმაც კი იციან "პოსტულატი", რომ ეს ადამიანები, ეს ყმაწვილები ძალაუფლებას ვერ ტოვებენ. ეს შანსი იყო 2007 წლის ნოემბერში, როცა გადადგა სააკაშვილი. ეს შანსი იყო 2008 წლის გაზაფხულზე, როცა სააკაშვილი ლაპარაკობდა დეცენტრალიზაციაზე, დემოკრატიაზე. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ ყველანი - მთელი ერი და მთელი სახელმწიფო. დღესაც კი, ამდენი გამოსვლის შემდეგ მაჩერებენ ქუჩაში - ბევრი ადამიანი მეკითხება - რა, არ წავლენ? ახლა ოქტომბერში ხომ წავლენ? ყველანი ხმას ვაძლევთ "ოცნებას" და ხომ წავლენ? აქ ძალიან დიდი მასშტაბური სისხლის სამართლის, ეკონომიკური და სხვა დანაშაულები აქვთ ერთად ჩადენილი რეჟიმის თავკაცებს, სულ ექვს-შვიდ კაცს და შემსრულებლების პირველ რიგს..." - ამბობს პარლამენტარი.

"... ივანიშვილი იხსენებს თავის საჯარო წერილში - 40 წუთში დავუსაბუთე ბოკერიას, რომ ცხინვალზე სამხედრო თავდასხმის ოპერაცია იქნებიოდა ავანტიურა და დამთავრდებოდა სრული კრახით (ეს იყო აგვისტომდე წელიწად-ნახევრით ადრე). ბოკერია კი სააკაშვილისა და მერაბიშვილის თანდასწრებით მიმტკიცებდა, რუსები გაიწევიან და შეგვიშვებენ ცხინვალშიო. როცა ეს დავუმტკიცე, - იხსენებს ივანიშვილი, - მერაბიშვილი არ მალავდა თავის აღტაცებას. მაშინ სააკაშვილმა მკითხა - კი მაგრამ, ბიძინა, რუსებმა თვითონ რომ შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ როგორ მოვიქცეთო და ივანიშვილის პასუხი: სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ ტოვებს ცხინვალს, მიესალმება თბილისის შესვლასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, მანამდე სულ რომ გითხრან გჩუქნითო, ნაბიჯი არ გადადგათ, ეს იქნება ავანტიურა და პროვოკაცია. შემდეგ წერს ბიძინა - მაშინ კი შევაჩერე თქვენი ავანტიურა, მაგრამ გავიდა წელიწად-ნახევარი და თქვენ ეს მაინც გააკეთეთო... სააკაშვილი ცხინვალთან დაკავშირებით აცხადებდა - ეს არის მოყანყალებული კბილი, რომელსაც როცა მოვქაჩავთ, მაშინ ამოვიღებთო. ასევე, მთავარი - "დანამდვილებით ვიცი, რომ კრემლს ცხინვალი აღარ აინტერესებს, რუსებს ეს არაერთხელ წამოსცდათო..." - დასძენს პეტრე მამრაძე.

"დარწმუნებული იყო სააკაშვილი (მით უმეტეს, ის არის სრულიად არაადეკვატური ადამიანი, მე მას ახლოს ვიცნობ) რომ ის პატარა ქვედანაყოფი, რაც იქ იყო (სამშვიდობოები) ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, გავიდოდა ბოლომდე. არასოდეს ვიტყვი, რომ საქართველომ ომი დაიწყო. არავითარ შემთხვევაში! სააკაშვილი რის ომის დამწყებია, გორში ნახა ხალხმა კუშნერის თვალწინ როგორ გარბოდა, მხოლოდ მისი ქუსლები ჩანდა, რის ომის დამწყებია? სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, რა დროსაც მან უგულავას ხელმძღვანელობით კორტეჟი მიავლინა თბილისიდან ცხინვალში. მანქანები დატვირთული მიდიოდა ორი ტრიბუნით, გასაშლელი სცენით, 400 დროშით, ფეიერვერკებით. 8 აგვისტოს 1-2 საათამდე ცხინვალში უნდა ჩატარებულიყო გამარჯვების აღლუმი სააკაშვილისა და სანაკოევის საზეიმო გამოსვლებით ამ აღლუმზე. სხვადასხვა ქალაქში აკრედიტებული ჟურნალისტები გაფრთხილებული იყვნენ, რომ პირდაპირი ჩართვა იქნებოდა ცხინვალიდან. მე ვყვები მათ მონაყოლს, რომლებიც ახლდნენ კორტეჟს", - აცხადებს პეტრე მამრაძე და შეკითხვას - "არ უშვებდნენ, რომ შეიძლება საჭირო გამხდარიყო ბრძოლები, უკან დახევა, გამაგრება?" - პასუხობს:

"7 აგვისტოს რომ გამოაცხადა ადმინისტრაციასა და მინისტრებში, ახლა ბოლომდე "დავადუღებთო", ეს განწყობა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანი უშვებს კორტეჟს წითელი ფიანდაზებით (ფიანდაზები დამავიწყდა)... სააკაშვილი აზროვნებს სატელევიზიო სურათების წარმოდგენით, ელდარ შენგელაიამაც თქვა ერთხელ, რომ ეს ნიჭი ნამდვილად მისცა ღემრთმა სააკაშვილს, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. ჰოდა, მოძრაობდა კორტეჟი და სანამ უბედურება ხდებოდა, 15 წუთში ერთხელ ურეკავდა უგულავას - სად ხართ, კორტეჟი ცხინვალში შედის თუ არაო. ნატო-ს სპეციალისტებმა ანგარიშში დაწერეს და აღნიშნეს (წაიკითხეთ ასმუსის წიგნი) - ქართული ჯარი განიცდიდა დიდ ზარალს იმის გამო, რომ მათ იმ მომენტში ხელმძღვანელოდნენ სამოქალაქო პირები. კერძო საუბარში მითხრეს, რომ ადგილზე მთავარი სამოქალაქო პირი - "ფელდმარშალი" იყო უგულავა, რომელსაც ახრჩობდა სააკაშვილი, როგორც მშენებლებს ახრჩობს, დროზე ააშენეთ, თორემ თქვენ იქნებით ქეთოები, მე ვიქნები კოტეო. ცხინვალთან დაკავშირებითაც ასე ხდებოდა - ურეკავდა, არ შეხვედით? რას მიკეთებთ? შეხვედით? უგულავა კი ურეკავდა მეთაურებს: აბა, მიდითო! იქ კიდევ ხელჩართული ბრძოლაა და სისხლი იღვრება თბილისის მერის "კამანდრობით"... დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ სჯეროდა ადამიანს, რომ "წამოსცდათ" მასთან რუსებს, რომ კრემლს "აღარ აინტერესებდა" ცხინვალი... შემდეგ იყო სრული კაპიტულაცია. გენერალი ბორისოვი აქედან მილიონერად წავიდა - ყოველ ღამეს თბილისში ატარებდა და მიდიოდა ვაჭრობა - ეს არ აგვიფეთქო, ის არ აგვიფეთქო, ამდენს მოგცემთო... ამის შემდეგ ყველასთვის ცხადი იყო - რამდენსაც შეებრძოლები, იმდენს გაგისწორებენ ქვეყანას მიწასთან".