ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე გვესაუბრება.
- ქალბატონო ელისო, ტყიბულის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავთ და მათ სოციალურ მდგომარეობასაც უკეთ გაეცნობოდით. რა მდგომარეობაშია დღეს ტყიბულის მოსახლეობა?
- 2 წლის წინ სააკაშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ტყიბული იქნებოდა 100%-ით დასაქმებული ქალაქი. დღეს კი იქ რეალური მდგომარეობა ასეთია: მოსახლეობის 10% დასაქმებულია შახტებში, უმძიმეს პირობებში, დანარჩენი 90% კი უმუშევარია. ჩემი მამა, ბაბუა, ბიძა მეშახტეები იყვნენ და კარგად ვიცი, რა მძიმეა მეშახტის პროფესია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 2006 წლიდან ტყიბულში შემოვიდა კომპანია "ჯი-ემ-ჯი", რომლის უკანაც, სავარაუდოდ, სააკაშვილთან დაახლოებული ძმები ბეჟუაშვილები დგანან. ამ კომპანიამ მინდელის სახელობის შახტი აამუშავა, მაგრამ ბევრი ადამიანია დაღუპული, რადგან შახტებში ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და იქ მომუშავეთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩემთვის, როგორც დეპუტატობის კანდიდატისთვის, უმთავრესია მეშახტეების უფლებების დაცვა, მათ გრძელვადიანი შრომითი კონტრაქტები უნდა გაუფორმონ და უსაფრთხოება დაიცვან. დღეს ტყიბული იქცა იაფი ნედლეულისა და იაფი მუშახელის ქალაქად. მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას - გაჩეხილი და განადგურებულია უნიკალური ჯიშის წაბლის ხეები და ამაში ჩართულია სახელისუფლებო ბიზნესი. ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ პავლე კუბლაშვილთან სწორედ ამის გამო მქონდა კონფლიქტი ორი წლის წინ, როცა მივაწოდე ინფორმაცია, ტყიბულში უნიკალური ჯიშის წაბლის ხის განადგურების შესახებ. ჟურნალისტური გამოძიებაც კი ჩავატარე. გერმანელმა ჟურნალისტებმაც გადაიღეს ფილმი, როგორ ნადგურდება საქართველოში წითელ წიგნში შეტანილი წაბლის ჯიში. ხე-ტყის ბიზნესით კი დაკავებულია თემურ უგულავა, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, იგი არის სასტუმრო "აჭარისა" და კაზინოს მეპატრონე. ეს არის "ზარალას", გიორგი რამიშვილის ბიზნეს-განშტოება.M მოკლედ, ხელისუფლება ჩართულია ტყიბულის ეკოკატასტროფაში და ამას კარის ბიზნესმენის, თემურ უგულავას ხელით აკეთებს.
ქალაქი ტყიბული დანგრეულია. შენობები - აგურ-აგურ დაშლილი და გატანილი. 2008 წლის შემდეგ ასეთი ანეკდოტიც კი ითქვა ტყიბულზე: რუსები გადმოუფრენენ ტყიბულს და იტყვიან, აქ უკვე ყოფილან ჩვენები და დაუბომბავთო. ტყიბულში ამ რვა წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სასიკეთო მხოლოდ ის გაკეთდა, რომ საჯარო რეესტრისა და პოლიციის შენობები გაიხსნა... ახლახან კი საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას მივაწოდე ინფორმაცია, რომ ტყიბულის საჯარო რეესტრში გამალებით მიმდინარეობს "აიდი ბარათების" დამზადება, აგრეთვე, მკვდარი სულების ჩაწერა. ამით ხელისუფლება ცდილობს, მის მომხრეებს ჰქონდეთ ორი ან მეტი "აიდი ბარათი". მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რომ ძმებ კუბლაშვილებს სასამართლოზე ხელი მიუწვდებათ, ამ საპარლამენტო არჩევნებს ვერ გააყალბებენ!
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნას, თითოეულ საარჩევნო უბანზე გვეყოლება ძალიან ბევრი დამკვირვებელი და ამ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი. დარწმუნებული იყოს ხელისუფლებაც და ქართველი ხალხიც, რომ ხელისუფლებას არც ერთ ჩვენს ხმას არ გავატანთ და არ მივცემთ არჩევნების გაყალბების საშუალებას. დარწმუნებული ვარ, რომ ტყიბულში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და მაჟორიტარი დეპუტატი მე, ელისო ჩაფიძე გავხდები. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ხალხში გატეხილია შიში და მათ სურთ უკეთესი ცხოვრება, რომელსაც იმსახურებენ და რომლის შესრულების რეალური შანსი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ტყიბულის მოსახლეობა მხარს უჭერს. ხალხს გაჭირვებასა და ტყუილში ცხოვრება ყელში ამოუვიდა და უკეთესი ცხოვრება სურს.
- პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ თქვენ მიმართ რამე ზემოქმედება ხომ არ ყოფილა?
- ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას შეეწირა ჩემი ძმის სამსახური და პრობლემები შეექმნა დედაჩემს. აგრეთვე, ჩემს ბიძაშვილს - მუხურის სკოლის დირექტორს. მას შეუგზავნეს შემოწმება და დღემდე გაურკვეველია მისი მდგომარეობა. პირადად ჩემზე ზემოქმედება არ ყოფილა - ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. მე იმ ადამიანს, ვისაც გვერდით დავუდექი, არასდროს ვუღალატებ. პოლიტიკაში მოვედი ბიძინა ივანიშვილთან ერთად და პოლიტიკიდანაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად წავალ.