ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია შესაძლოა "ქართულ ოცნებაში" გადავიდეს.
ამის შესახებ "ივერონს" ზუგდიდიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა და დასძინა რომ საზოგადოებაში აღნიშნული კულუარული ჭორები უკვე დიდი ხანია არსებობს.
"პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ლევან დამენიამ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას დაავალა ყველა სოფელში ზონდერ ბრიგადები შექმნილიყო, შესაბამისად უკვე ყველგან არსებობს 5-6 კაციანი ჯგუფები, კაცების და ქალების შემადგენლობითაც, რომლებიც უშუალოდ "ქართული ოცნების" წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს სიტუაციის დაძაბვას და არევას ცდილობენ ხოლმე. ამ პროცესების პარალელურად აღსანიშნავია, რომ თავად ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია აღნიშნულ საქმეებში არ ფიგურირებს, თითქოსდა მომზირალის პოზიციაშია გადასული. მეტსაც გეტყვით, უკვე დიდი ხანია არსებობს კულუარული ინფორმაცია რომ ის "ქართულ ოცნებაში" გადასვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ კონჯარიამ ზუგდიდში ქობალიას პოზიციები საკმაოდ შეასუსტა და მათ შორის ფარული დაპირისპირება მალე სავარაუდოდ ღია გახდება".- განუცხადა "ივერონს" წყარომ.
მისივე განმარტებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების და თავად ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან დაგეგმილ შეხვედრებამდე აღნიშნული ზონდერ-ბრიგადების წევრები აგრესიისთვის ალკოჰოლურ სასმელს ეძალებიან და შემდეგ უკვე სიტუაციის არევას ცდილობენ.