"დავალება იყო ასეთი: დამემყარებინა სქესობრივი კავშირი "მეცხრე არხის" თანამშრომელ მამაკაცთან..."

ხელისუფლებას "მეცხრე არხი" სერიოზულად უშლის ნერვებს. უკვე მივეჩვიეთ, რომ მათ რეგიონებში პრობლემებს უქმნიან უცნაური მედიაჯგუფები. ამ მეთოდმა დიდად არ გაამართლა, ამიტომაც ახალი მეთოდი გამოიყენეს. "მეცხრე არხის" ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აშანტაჟებენ. მისი თქმით, პირველად მას რამდენიმე დღის წინ წინ ვერაზე დახვდნენ უცნობი პირები და ჩაისვეს ავტომობილში. ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთი პირი მან სპეცოპერაცია "ენვერის" კადრებიდან ამოიცნო, სადაც შანს, რომ ამოცნობილ შანტაჟისტს ჯაშუშობაში ბრალდებული ხელბორკილდადებული პირი მოჰყავს. ნოდარ ჩაჩუამ დაშანტაჟების დეტალებზე "მეცხრე არხის" ეთერში ისაუბრა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "მეცხრე არხის" ჟურნალისტს აშანტაჟებდნენ.

"პირველი კითხვა, რაც მკითხეს ეს იყო - ვიკეთებდი თუ არა "წამალს" (ნარკოტიკს), ვიყავი თუ არა წამლის მომხმარებელი. მერე რეპლიკები იყო "ახლა წამლის კეთებაში გაგბერავთ, წამალს გაგიკეთებთ, ასევე მოდიოდა მუქარები, რომ გცემთ და ა.შ. სამი ადამიანი იჯდა მანქანაში - ერთი ჩემ გვერდით, მეორე საჭესთან და მესამე ჩემ წინ. იყო კითხვები, მიწევდა თუ არა პარტიულ ოფისებში სიარული და შემეძლო თუ არა რამე სახის ინფორმაციის გამოტანა. ასევე, მქონდა თუ არა რამე სახის ინფორმაცია ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე და როგორც მერე თვითონ განმიმარტეს, იგულისხმებოდა თათბირებზე განხილული საკითხები და რომელიმე პოლიტიკოსის გადაადგილების წინასწარი მარშრუტი", - განაცხადა "მეცხრე არხის" ეთერში ნოდარ ჩაჩუამ, რომლის თქმით, - "საუბარი იყო რამდენიმე ლიდერზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე", - აღნიშნავს გამოცემა.

"დავალება იყო ასეთი: მე უნდა დამემყარებინა სქესობრივი კავშირი "მეცხრე არხის" თანამშრომელ მამაკაცთან და მითხრეს, რომ რომ ამის გაკეთება, წესით, რამე პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მე ისინი მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა მეთქვა ტყუილები, რადგან ისინი ყველაფერს გადაამოწმებდნენ. მათ მითხრეს, რომ ამისთვის ისინი გადამიხდიდნენ თანხას, ანუ ფინანსური პრობლემები არ შემექმნებოდა. ასევე ამბობდნენ, რომ "ჩვენ ვართ სამსახური" - არ აკონკრეტებდნენ რომელი სამსახურიდან, უწყებიდან ან დეპარტამენტიდან იყვნენ - თქვეს, რომ "ჩვენ ვართ სამსახური, რომლებიც ადამიანებს უგვარებენ ძალიან ბევრ პრობლემას, მაგრამ, ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდი პრობლემას", - დასძინა ეთერში ნოდარ ჩიჩუამ. "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, რომ ტელეარხი ყველანაირად შეეცდება დაიცვას საკუთარი ჟურნალისტი - მათ უკვე მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს, მზადდება განცხადება პროკურატურაში შესატანადაც, ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია", - დასძენს გამოცემა.

"გუშინვე "მეცხრე არხის" ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასადმი სოლიდარობის ნიშნად პროკურატურასთან მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ჩიჩუას მიმართ ზეწოლის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვეს. საიას წარმომადგენელ თამარ კორძაიას განცხადებით კი, ნოდარ ჩიჩუას მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული განხოორციელდა და ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტს, საქმის გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ჟურნალისტს "წამლით გაბერვით" აშანტაჟებდნენ / "მეცხრე არხი" პროკურატურაში სარჩელი შეტანას გეგმავს.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის პირველი შემთხვევა. საია კიდევ ერთხელ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მიახდინონ ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყონ იმ პირების დასჯა, ვისი დანაშაულიც გამოძიების შედეგად გამოიკვეთება" - ნათქვამია საიას განცხადებაში. ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. იგი ვარაუდობს, რომ მომავალში ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ ზემოქმედების უფრო ფართო არსენალს გამოიყენებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი - ჟურნალისტების წინააღმდეგ ზემოქმედების ფართო არსენალს იყენებენ. ეს ხდება როგორც ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმით, ასევე პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლით. მიმაჩნია, რომ ასეთივე ზემოქმედების ფაქტი იყო ქურდობა, რომელიც სტუდია "მონიტორის" ოფისში მოხდა. ჩემი აზრით, ეს იყო მათი საქმიანობის წინააღმდეგ გამიზნული და არა იყო შემთხვევითი, რიგითი ქურდობა. შანტაჟის ის ფორმა, რომელიც დღეს გამოიყენეს, ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გაამძაფრებს ბრძოლას მედიიდს წინააღმდეგ რათა მედია საკუთარ მარწუხებში მოაქციოს. ეს არის იმის შედეგი და გაგრძელება, რომ 2009 წლის ნოემბერში გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორის მოადგილის წინააღმედ როდესაც მსგავსი ფორმის შანტაჟი განხორციელდა და უკვე წელიწადნახევარია არანაირი საგამოძიებო პროცედურები არ დაუწყია ხელისუფლებას - არადა ჟურნალისტებმა კონკრეტული ფაქტები დადეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ქორიძე.