3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ფულადი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს, "ოცნების" კარდაკარის აქტივისტებს, კახი კალაძეს და საერთოდ ყველას, ვისაც ბოლო დროს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, მათ კი ქონების დაყადაღების ამბავი გაახმაურეს. სწორედ ამას ითვალისწინებს ამა წლის 12 ივნისს ს/ს კოდექსში შესული ცვლილება.
უფრო სწორად კი, იურისტები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და შესაძლოა ხელისუფლების მიერ ქონების დაყადაღებით ისედაც დასჯილი მოქალაქე ამ ინფორმაციის გახმაურებისათვის დამატებით დასაჯონ.
უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
"ეს ჩანაწერი გულისხმობს იმას, რომ პიროვნებას პასუხსმგებლობა ეკისრება ინფორმაციის გამჟღავნებისთვის. მაგალითად, თუ პიროვნების ანგარიშს დაედება ყადაღა და ეს ინფორმაცია გაჟღერდება, ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლის ვადით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სოფო ვერძეული, საია-ს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) იურისტი.
"პრობლემა ისაა, რომ ამ მუხლში არ არის მითითებული სუბიექტთა წრე, რომელთა საშუალებით შეიძლება მოხდეს ინფორმაციის გავრცელება. სისხლის სამართლის კოდექსში არის სხვა ტიპის მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და იქ პირდაპირ წერია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვინც შესაბამისი წესით იყო გაფრთხილებული და არ დაემორჩილა კანონს.
"გამოდის, რომ თეორიულად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გაავრცელებს ინფორმაციას ყადაღის დადების, ან საბანკო ანგარიშზე მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ, შესაძლებელია დაეკისროს პასუხისმგებლობა.
"ეს არის შეზღუდვა, რომელიც ყველაზე ვრცელდება და შესაბამისად მოითხოვს მაღალი სტანდარტის დასაბუთებას, თუ რატომ არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტი იქნება თუ სხვა, პრინციპში ეზღუდება საჯარო ინფორმაციის გავრცელება.
"რაც შეეხება პირებს, რომლებიც გაფრთხილებულები არიან, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გაავრცელონ, მაგალითად, ბანკის თანამშრომლები, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაძლოა არსებობდეს ლეგიტიმური მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედებების ინტერესებიდან გამომდინარე.
"არ ვიცით პრაქტიკაში ეს მუხლი რა ტიპის მოქმედებას ჰპოვებს. ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუნდაც ჟურნალისტების მიერ ამა თუ იმ პირის ანგარიშებისა თუ ქონების დაყადაღებაზე და ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლის დანაშაულის აღძვრა ამ ნორმის გათვალისწინებით დაფიქსირებული არაა", - უთხრა "რეზონანსს" ვერძეულმა.
ექსპერტი იურიდიულ საკითხებში ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სუბიექტთა წრე შემოფარგლულია და თავად დაყადაღებულ ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით არ დასჯიან. პრობლემა კი აქ საკუთრების უფლების დარღვევა და ინფორმაციული ვაკუუმია.
"ამით ილახება იმ პირის უფლება, ვისი ქონების დაყადაღებაც მოხდა. ადამიანი ფაქტიურად ვერ გებულობს დაყადაღებულია თუ არა მისი ქონება და რის საფუძველზე. ესაა საკუთრების უფლების შელახვა.
"მაგალითად, თუ დააყადაღეს ფიზიკური პირის ბინა, მას სანამ არ დასჭირდება ამ ბინის თაობაზე რაიმე გარიგების დადება, მანამ ვერც გაიგებს, რომ ყადაღა ადევს. ისე, უბრალოდ იგი არ მიმართავს საჯარო რეესტრს ამონაწერის გასაკეთებლად.
"როცა საქმე ეხება იურიდიულ პირებს, აქ კიდევ უფრო რთულდება საქმე. იურიდიული პირის ქონება ეს არის საწარმო, ან რაიმე, რითაც ოპერირებს ეს ადამიანი. ამიტომ ყადაღის დადების შემთხვევაში, თუ პირი თავიდანვე ინფორმირებული არ იქნება, მისმა საწარმომ შესაძლოა ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიიღოს. ამდენად, ნორმა, რომ არ აცნობო პირს მისი ქონების დაყადაღება, ლახავს ყველანაირ წარმოდგენილ თუ წარმოუდგენელ უფლებებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხმალაძე.
ადვოკატისა და "ქართული ოცნების" წევრის არჩილ კბილაშვილის აზრით, ამ ცვლილების გათვალისწინებით, დღეისათვის ათობით ადამიანი შეიძლება იყოს, რომლებმაც გაუთვიცნობიერებელი ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.
"სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი გახდა, თუკი პირი გაახმოვანებს, რომ მის ანგარიშებს, ქონებას ყადაღა დაედო? ნამდვილად ღიმილის მომგვრელია. ამით ნათლად ჩანს, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს არაგონივრული ქმედება.
"იურიდიული თვალსაზრისით ამით ადამიანს უფლება ეზღუდება გაავრცელოს ის ინფორმაცია, რაც უშუალოდ მას უკავშირდება. მაშინ, როცა ეს არ არის სახელწიფო ან კომერციული საიდუმლო, ან რაიმე ინტიმური ურთიერთობა, ეს შეზღუდვა ნამდვილად უადგილოა. სამართლებლი სირცხვილია და სხვა არაფერი.
"12 ივნისს თუ შევიდა ეს ცვლილება, გამოდის, რომ დროის ამ მონაკვეთში ადამიანებმა, რომლებმაც გაახმაურეს თვაიანთი ქონების დაყადაღების ამბავი, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი კი ათობით პროვნება იქნება.
"ჟურნალისტებს ჯერ საფრთხე არ გემუქრებათ, რადგან თქვენ ხომ უშუალოდ დაყადაღებული ქონების პატრონისგან უნდა მიიღოთ ინფორმაცია?! შესაბამისად, ის დაისჯება. მაგრამ, დროთა განმავლობაში შესაძლოა ამაზეც მოგედაონ. ორაზროვანია ეს ნორმა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კბილაშვილი.