წინასაარჩევნო ფიცი ყურანზე გუბერნატორის მოადგილის დავალებით

წინასაარჩევნო ფიცი ყურანზე გუბერნატორის მოადგილის დავალებით

დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაიში მცხოვრებ მაჰმადიანებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებენ ყურანზე დაიფიცონ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენ ხმას. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველო ჩემი სამშობლოა" თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა გააკეთა განცხადება.

როგორც ბაბაევმა "რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლება ქვემო ქართლში მოსახლეობის გაკონტროლებას აპირებს.

"მას უკვე ჩვეული მეთოდები არ გასდის და მმართველ გუნდს ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან დიდი პრობლემები აქვს. სამი წელია ირგანჩაის საძოვრები დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ოჯახმა მიისაკუთრა და ისედაც ცუდ დღეში მყოფი ხალხი კიდევ უფრო უარეს ყოფაში ჩაცვივდა.

"ხელისუფლებას ნდობა დაკარგული აქვს. ეს თვითონაც კარგად იციან. ამიტომ ყურანზე დაფიცების წესს მიმართეს. სხვა დროს ასეთი რამ აქ არასოდეს ყოფილა. არც ზეწოლებს და ხალხის აბუჩად აგდებას ჰქონია ადგილი.

"8-9 წლის განმავლობაში აქ დანიშნულ დეპუტატებს მოსახლეობასთან შეხვედრები საერთოდ არ ჰქონიათ. ისინი თბილისიდან ცდილობდნენ აქ სიტუაციის გაკონტროლებას. პრივილეგიებს კი თავიანთი პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ. სამაგიეროდ, ახლა ქვემო ქართლის ჩინოვნიკები სოფლებში ძალიან აქტიურობენ. თუმცა, ეს ხალხი სოფლის მოსახლეობისთვის უკვე მისაღები აღარ არის", - ამბობს ბაბაევი. მისივე თქმით, ჩინოვნიკები პრესტიჟის დასაბრუნებლად სხვადასხვა ხერხებს მიმართვენ. ერთ-ერთი მეთოდი სასულიერო პირების დაბარება და დავალებების მიცემაა.

"მათ ეუბნებიან - ყველა ოჯახში მიდით, ყურანზე ხელი დაადებინეთ ამ ხალხს და დააფიცნეთ, რომ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენო.

"ყურანზე დაფიცება ჩვენი ტრადიცაა და ადამიანი ასე თუ დაიფიცებს, ის უნდა შეასრულოს კიდეც. ეს ჩვენთვის ძალიან მიუღებელია, მარაზმია, როცა ჩემს წმინდა წიგნზე ასეთი მანიპულაციების და მაქინაციების გაკეთებას აპირებენ.

"ამას ის ჩინოვნიკები სჩადიან, რომლებიც წლების განმავლობაში არაფერს აკეთებდნენ მოსახლეობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს ატყუებდნენ და ჯიბეებს ისქელებდნენ.

"სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ერთი ადეკვატური ნაბიჯი არ გადადგმულა. რეგიონში არ განხორციელებულა არცერთი პროექტი. გაზი და შუქი მარტო სააკაშვილის დამსახურება არ არის. გაზი "სოკარმა" გაიყვანა, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე, როცა ლენტია გასაჭრელი რომელიმე სოფელში.

"ხალხს უკვე მობეზრდა ასეთი ყოფა. სოფლების 90%-ში დასალევი წყალი რომ არ იქნება, სარწყავი არხები რომ გაჩანაგებულია და არ აკეთებენ, უმუშევრობა რომ ყელშია ამოსული, რაღა უნდა დავიჯეროთ?!

"მოსახლეობა სამუშაოდაა გახიზნული ბელორუსში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, ოჯახები რომ არჩინონ. მიწა რომ ჰქონოდათ, დაამუშავებდნენ. რატომ უნდა ეძებოს გლეხმა სამუშაო თურქეთის პლანტაციებში?!

"ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და ვფიქრობ, არჩევნებზე ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან. ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება გვინდა.

"პოლიტიკაში ბატონი ივანიშვილის გამოჩენამ ხალხში იმედი გააჩინა. ის ადამიანები, რომლებსაც მიწები ჩამოართვეს და უფლებები დაურღვიეს, არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებას ხმას არ მისცემენ", - გვითხრა ბაბაევმა.

მისივე თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე სასულიერო პირებს აგროვებს და ლექციებს უკითხავს.

"ასწავლიან არჩევნები როგორ უნდა მოიგონ და ხალხი "ნაციონალების" მხარეს როგორ გადაიბირონ. რამდენიმე ხნის წინ მსგავსი შეხვედრა რუსთავში ჩატარდა", - ამბობს ბაბაევი.

კავშირის "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ქვემო ქართლში არჩევნების წინ მონიტორინგს ატარებს, თუმცა, ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რამდენიმე რაიონში ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი შემთხვევა ყოფილიყო.

"არც ის არის გამორიცხული, რომ ასეთი დავალებების გაცემა ადგილობრივი კლანების და გაუნათლებელი ადამიანების ინიციატივა იყოს. განათლებული ადამიანი ამას არც გააკეთებს და ვერც გააკეთებს. შოკური ამბავია, ასეთი რამე როგორ უნდა ხდებოდეს, არ ვიცი", - ამბობს სტეპანიანი.

რაც შეეხება ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ სასულიერო პირებისთვის ტრენინგების ჩატარებას, სტეპანიანის თქმით, შესაძლოა, ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს.

"ტრენინგებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეგ ინფორმაცია სიმართლეა. როცა 2 წლის წინ მუსულმანთა სამმართველო შეიქმნა, იყო გარკვეული ეჭვები, რომ ხელისუფლება მის გამოყენებას არჩევნების დროს შეეცდებოდა. თუ მსგავს ფაქტს ადგილი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმა უკვე აამოქმედეს", - ამბობს სტეპანიანი.