"ძროხებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!" - "გონივრული ეჭვი": ხელისუფლება ძროხების აღრიცხვას საქონელზე გადასახადის დაწესებისთვის აპირებს?!
"ყოფილი შს მინისტრი და აწ უკვე პრემიერი ვანო მერაბიშვილი იდეების მოგონებაში მართლაც შეუდარებელია, ამ დღეებშიც მაგარი რაღაცები თქვა - მან საგანგებო განცხადება გააკეთა ძროხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ამ პატიოსანმა ცხოველმა პოლიტიკური დატვირთვა კიდევ ერთხელ შეიძინა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ძროხებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ! / საქართველოში ძროხების აღრიცხვა იწყება.
"ცოტა ხნის წინა სოფლის მეურნეობა ბაკურ კვეზერელს ებარა, თბილისში გაზრდილი ბიჭი სოფელში კარგად არ იყო გარკვეული, ჰოდა, ერთხელაც იკითხა თუ თქვა -"ქალი ძროხაო", რაშიც ჩვეულებრივ ძროხას გულისხმობდა, ხარი კი "კაცი-ძროხა" ეგონა. ოპოზიციასაც მეტი რა უნდოდა - საჭირო იყო თუ არა, სულ ამ "ქალ-ძროხაზე" საუბრობდა. აი, ვანო მერაბიშვილი კი სოფელშია გაზრდილი, მას შეცდომა არ მოსვლია, ამის მიუხედავად, ძროხებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. ხმაურიანი განცხადება ვანო მერაბიშვილმა თიანეთის რაიონში ვიზიტისას გააკეთა. მას შემდეგ რაც პრემიერი გახდა ის ხალხში გავიდა. 19 ივლისის სტიქიის შემდეგ კი სოფელ-სოფელ უწევს სიარული. სტიქიამ თიანეთიც სერიოზულად დააზარალა და პრემიერი მათ ხომ ვერ მიატოვებდა, ამ ვიზიტის ფარგლებში ის სოფელ ნაქალაქარსაც ეწვია და ძროხების საყოველთაო აღიცხვაზე გააკეთა განცხადება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვანო მერაბიშვილმა ნაქალაქარში ადგილობრივ მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო - "მე ამ დღეებში მქონდა შეხვედრა მეცნიერებთან და გადავწყვიტეთ, საქართველოში რომ აღარ იყოს მსხვილფეხა საქონლის დაავადების არც ერთი ფაქტი, დავიწყებთ მასობრივ აცრებს, რათა თურქულისა და ჯილეხის არანაირი საფრთხე აღარ არსებობდეს, აცრები გაგრძელდება უწყვეტად. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. უკვე გაცემულია განკარგულება და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ყველა ვეტექიმის მობილიზაცია, მათი აღჭურვა ახალი ინსტრუმენტებით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ახლა დავიწყეთ დანომვრა - ყველა ძროხა უნდა იყოს აღრიცხული. რაც მთავარია, ეს აცრები არის უფასო. ეს საქონელი დაზღვეულია, რომ 6 თვის ვადაში მას არ შეეყრება დაავადება. აცრები უნდა გავაგრძელოთ და თუ 3 წლის განმავლობაში უწყვეტად ავცერით საქონელი, შანსი, რომ მომავალში დაავადდეს, იქნება ნული", - განაცხადა მერაბიშვილმა, რომლის განმარტებით პირველი აგვისტოდან თურქულის, ხოლო პირველი სექტემბრიდან ჯილეხის ვაქცინაცია დაიწყება", დასძენს გამოცემა.
"პრემიერის განცხადებით, ვაქცინაციის განსახორციელებლად შეიქმნა 250 მობილური ჯგუფი, რომლებიც 53 მუნიციპალიტეტის 3000 სოფელში აცრას ადგილზე განახორციელებენ. უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამისთვის ერთ კვირაშუი იტალიიდან შემოვა თურქულის 590 000 ფრანგული წარმოების ვაქცინა, ხოლო უკრაინიდან და რუმინეთიდან - ჯილეხის 180 000 ვაქცინა. ერთი შეხედვით, ვანო მერაბიშვილს ცუდი არაფერი უტქვამს. საქონელს ვაქცინაცია ყოველთვის უტარდებოდა და ეს აუცილებელიც კია, მაგრამ, აი, ძროხების საყოველთაო აღრიცხვა რარა უბედურებაა, ეს ვარ გაიგო ერმა. ვინც გაიგო, ოპოზიცია იმათაც თავგზას უბნევს. მშობლიურ ოპოზიციას გონივრული ეჭვი გაუჩნდა, რომ ხელისუფლებას საქონლის ვაქცინაცია სულაც არ აქვს გუმანში, მათი ვარაუდით ხელისუფლებას შორსმიმავალი და ვერაგი გეგმები აქვს - ისინი ეჭვობენ, რომ ხელისუფლება საქონელზე გადასახადის დაწესებას აპირებს", - წერს სტატიის ავტორი
"ეს ვერსია რეალობას მოკლებული სულაც არ არის, რიგ რაიონებში ძროხებზე უკვე დაწესებულია ჯარიმები - მაგალიტად, გასულ წელს ჯარიმა დაუწესეს დუშეთის მოსახლეობას - საუბარია ქალაქ დუშეთზე. აქაური ძროხები ისეთი "ნაგლები" არიან, რომ ქალაქის ცენტრში გამოდიან, სკვერებში ძივენ და იქაუროობას აბინძურებენ. მათ პატრონებს საკრებულომ ფულადი ჯარიმა დაუწესა: ჯერ 10-ლარიანი კარიმა იყო განსაზღვრული, მერე 50 ლარზე ავიდნენ, ბოლოს ისევ 10 ლარზე ჩამოვიდნენ. იგეგმებოდა დაპატიმრებული ძროხებისთვის "კაპეზეს" შექმნაც, სადაც 1 ღამის გათენებისთვის ძროხის პატრონს დამატებითი თანხა უნდა გადაეხადა. რა ხდება დუშელ ძროხებთან დაკავშირებით, ზუსტად ვერ დავადგინეთ - იქაურებმა გვამცნეს, დაკავებული ძროხების გადასაყვანად სპეციალური ევაკუატორი ვერ იშოვესო და მგონი, იქაური ძროხები ისევ ლარად დანავარდობენ ქალაქის ცენტრში..." - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"პრემიერი ამტკიცებს, რომ ძროხების აღრიცხვა მათი ვაქცინაციისთვის უნდა. ხალხს არ სჯერა და ამისთვის სრული საფუძველი აქვთ - ჩვენში ბოლო დროს იმდენ რამეზე დააწესეს გადასახადი, ძროხებს თუ დაბეგრავენ, რა გასაკვირია. გახსოვთ ალბათ, პარლამენტში ვიღაცამ გამოიტანა კანონი, რომლითაც ჭების პატრონები უნდა დაებეგრა. ეს კანონი იმდენად უაზრობა იყო, მიხლ მაჭავარიანმაც კი პროტესტი გამოხატა. მერე ტყეში სოკოსა და კენკრის დაბეგვრას ითხოვდა მავანი, გადასახადი უნდა დაწესებულიყო ჯონჯოლსა და წაბლზეც. ეს კანონი ჯერ არ მიუღიათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხალხი ძალიან ბევრ ტყეში ვეღარ ახერხებს შესვლას - ვეღარ შედიან იმიტომ, რომ ეს ტყეები უცხოელებმა - ძირითადად ჩინელებმა იყიდეს... ახლა კი ძროხებთან დაკავშირებით ატყდა აურზაური, მათ აღრიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ცნობამ საზოგადოება უკვე შეაშფოთა. ისე, საინტერესოა, როდის დაიწყება ძროხების კარდაკარი - ამ დავალების შემსრულებელი ალბათ შევა სოფელში და რუპორით დაიძახებს: "ძროხებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!"