აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიტ რომნი ბრიტანეთში იმყოფება. ლონდონში ვიზიტით დაიწყო მისი ერთკვირიანი ტურნე, რომლის ფარგლებშიც რომნი ისრაელსა და პოლონეთსაც ესტუმრება. უცხოეთში მის მოგზაურობასთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის ცნობილი მიტ რომნის საგარეოპოლიტიკურ ხედვაზე.
მიტ რომნი - ბიზნესმენი და მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი - საგარეოპოლიტიკური გამოცდილებით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ჰყავს მრჩეველთა გუნდი, რომელიც 20-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს. მათ შორის ბევრი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე თავდაცვის, დაზვერვისა და დიპლომატიურ უწყებებში ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს.
თუმცა, რომნი თავის საგარეოპოლიტიკურ ხედვას ადარებს არა ჯორჯ ბუშის, არამედ რონალდ რეიგანის კონცეფციას. „ჩემი საგარეო პოლიტიკის ზოგადი სათაური ისეთივე იქნება, როგორიც რონალდ რეიგანის იყო: კერძოდ, „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, ნათქვამი აქვს რომნის.
შესაბამისად, რომნი საჭიროდ მიიჩნევს, რადიკალი ისლამისტებისაგან მომდინარე საფრთხის საწინააღმდეგოდ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურების გაძლიერებას, არმიის პირადი შემადგენლობის გაზრდას 100 000 კაცით და ალ-ყაიდის სატელეფონო ზარების „მონიტორინგს“. გარდა ამისა, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რომნის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატები შეამცირებს საგარეო დახმარებისათვის განკუთვნილ ხარჯებს. „ყველანაირ ფულად დახმარებას შევუწყვეტ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ თვითონ მიხედონ საკუთარ თავს. და არანაირი ფინანსური დახმარება არ მიეცემა ქვეყნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ეროვნულ ინტერესებს“, აცხადებს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი.
თუმცა, ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება და მიტ რომნის ჯერ მხოლოდ შეფასებებისა და განცხადებების კეთების საშუალება აქვს. ის, მაგალითად, მკაცრად აკრიტიკებს ირანის მიმართ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკას და თითქმის ყოველთვის, როცა ირანზე უწევს საუბარი, ახსენებს ხოლმე სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას.
ასე იყო წინასაარჩევნო დებატების დროსაც შარშან ნოემბერში, როცა ჰკითხეს: საჭიროა თუ არა ირანთან ომის დაწყება, რათა არ დავუშვათ მის ხელში ბირთვული იარაღის ჩაგდებაო. რომნის პასუხი ასეთი იყო: „დიახ, საჭიროა მკაცრი სანქციების გატარება, საჭიროა ამ მეამბოხეებთან მუშაობა და მათი წახალისება, რათა ამ ქვეყანაში რეჟიმი შეიცვალოს და თუკი ეს ყველაფერი ვერ გაამართლებს და ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ სხვა გზა აღარ დაგვრჩება, გარდა სამხედრო ზომების მიღებისა, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ სამხედრო მოქმედებები.“
ირანის ბირთვული პროგრამა უთუოდ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რომნის ამჟამინდელი უცხოური ტურნეს ფარგლებში, ისრაელში ვიზიტისას. ასე რომ, ამ საკითხზე მალე ისევ მოვისმენთ რომნის შეხედულებებს.
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ობამას აკრიტიკებს ავღანეთის საკითხშიც - კერძოდ, მის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღად 2014 წლის მიწურულის განსაზღვრის შესახებ. რომნი შიშობს, რომ ექსტრემისტები, უბრალოდ, დაელოდებიან უცხოელი სამხედროების გასვლას და მერე გააქტიურდებიან.
რომნი საჭიროდ მიიჩნევს ხშირ კონტაქტს ავღანეთის პრეზიდენტთან, რათა ცხადი იყოს, რა ზომებს უნდა მიმართოს ჰამიდ კარზაიმ ომისთვის ბოლოს მოღების ხელშესაწყობად. „დაველაპარაკებოდი პრეზიდენტ კარზაის. რეგულარულად, ყოველ დღე მექნებოდა საუბარი პრეზიდენტ კარზაისთან. ჩვენ ჯარისკაცები გვყავს იქ, საფრთხეში. ავღანეთში მოგვიკლეს თითქმის 1800 მამაკაცი და ქალი. ჩვენ გვაქვს რეალური ინტერესი, უზრუნველვყოთ, რომ ეს კარგად დამთავრდება და ჩვენი მისია იქ წარმატებული იქნება, რათა ავღანეთმა შეძლოს თავისი სუვერენობის დაცვა თალიბანისაგან, საბოლოოდ ალ-ყაიდისგანაც“, აცხადებს რომნი.
ახლა კი, ალბათ, ყველაზე უფრო გახმაურებულ განცხადებაზე, რომელიც მიტ რომნის საგარეო-პოლიტიკურ ხედვას ასახავს. შეგახსენებთ, რა თქვა მან რუსეთზე წელს, ტელეკომპანია CNN-ის ეთერში: „ეჭვგარეშეა, რომ ის არის ჩვენი ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მტერი. ისინი ყველა დროში მსოფლიოს ყველაზე საშინელ პირებს იცავენ“.
შესაბამისად, რომნის წინასაარჩევნო კამპანიისთვის შემუშავებულ ოფიციალურ ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსეთი არის „მადესტაბილიზებელი ძალა მსოფლიო ასპარეზზე“. იქვეა ჩამოთვლილი ასეთი შეფასების მიზეზებიც: „კრემლის გავლენა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ენერგომომარაგებაზე, მისი ბირთვული იარაღის მარაგი, მისი აგრესიული სამხედრო მოქმედების ბოლოდროინდელი ისტორია და ძალა, რომლითაც მოსკოვი სარგებლობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერთიანებული ერები“.
რომნი ამბობს, რომ „გადატვირთავს“ ობამას "გადატვირთვის პოლიტიკას" და შეიმუშავებს სტრატეგიას, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის „აგრესიულ, ან ექსპანსიონისტურ მოქმედებას“.
ამჟამინდელი უცხოური ტურნე, ცნობების თანახმად, მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს შესწევს უნარი, დამაჯერებლად იმოქმედოს საგარეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ამჟამად ის, როგორც ითქვა, ლონდონშია. ბრიტანეთის ლიდერებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, მიტ რომნი აპირებს, დაესწროს ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც 27 ივლისს იმართება.