ხიზრი ალდამოვი მიხეილ სააკაშვილს რუსეთში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

ხიზრი ალდამოვი მიხეილ სააკაშვილს რუსეთში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

26 ივლისს მოსკოვში, ”რია ნოვოსტის” პრესცენტრში, საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ხიზრი ალდამოვმა პრესკონფერენცია გამართა, სახელწოდებით : ”თბილისის საიდუმლო თამაშები კავკასიაში”. ალდამოვმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩეჩნეთში და პრომოსკოვური ადმინისტრაციის თავკაცს, რამზან კადიროვს, ბოდიში მოუხადა და დახმარებაც სთხოვა, განაცხადა, რომ ყველა ტერაქტში, რომელიც კი რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარა და ხდება, მიხეილ სააკაშვილის ხელი ურევია, მათ შორის, ბესლანის ტერაქტშიც.

ხიზრი ალდამოვის პრესკონფერენცია „რია-ნოვოსტის“ მოსკოვის ოფისში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოდან ცოტა ხნის წინ გადახვეწილმა ალდამოვმა განაცხადა, რომ ამ პრესკონფერენციის შემდეგ, შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდეს, შემდეგ კი შეკრებილ ჟურნალისტებს მთავარი სათქმელი უთხრა:

”გულწრფელად გეუბნებით, სააკაშვილს სძულს რუსეთი და რუსი ხალხი. მასთან დაახლოებულ პოლიტიკოსთა ჯგუფის წევრებიც - თარგამაძე, ბოკერია - ვერ იტანენ რუსეთს. გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, რა დაუშაონ მას და ამისათვის ხალხს ქირაობენ, ძირითადად ჩეჩნებს. თუ რუსეთის ტერიტორიაზე რამე ტერაქტი ხდება, ყველაფერს სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ყველაფერში მისი ხელი ურევია. მას აქვს ანტიტერორისტული ცენტრი, სადაც ჩეჩნები და ქისტებიც არიან, ეს მისი შექმნილი სისტემაა. რასაც უბრძანებს, ასრულებენ. ის მეთაურობს და პასუხისმგებელიც თავადაა.”

ხიზრი ალდამოვს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა სააკაშვილის ხელი ერიოს, მაგალითად, ბესლანის ცნობილ ტერაქტშიო, რაზეც მან კვლავაც გაიმეორა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩართულია ყველა მსგავსი ფაქტის ორგანიზებაში. მეტიც, ალდამოვი ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობაში დღემდე რჩებიან არაბი ბოევიკები, რომელთა ყველა ნაბიჯს, კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობას საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ კი, ანტიტერორისტული ცენტრი აკონტროლებს:

”მეკითხებით არიან თუ არა პანკისის ხეობაში შეიარაღებული მებრძოლები. დიახ, არიან და საკმაო რაოდენობით. ეს ფაქტია. მათ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.”

ხიზრი ალდამოვმა სააკაშვილი ღიად დაადანაშაულა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მკვლელობაში:

”ყველა ოპოზიციონერს კლავს, ყველას იშორებს, ვისაც მისი საწინააღმდეგო აზრი აქვს. ჟვანია, რომლის გარეშეც პრეზიდენტი ვერასოდეს გახდებოდა, მოიცილა, პატარკაციშვილი მოკლა, რადგან მან თქვა, რომ ბოლო კაპიკს დახარჯავდა სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოსაცილებლად, ამიტომ ისიც მოიშორა.”

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ხიზრი ალდამოვის ეს გამოსვლა რუსული სპეცსამსახურების სტანდარტული პაკეტია, რომლითაც, მისი სიტყვებით, რუსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს არაერთხელ გაუმასპინძლდნენ. პანკისის ხეობის ტერორიზმის ბუდედ გამოცხადება, ნუგზარ წიკლაურის თქმით, წმინდა წყლის სიცრუეა:


”ცხადია, ეს სიცრუე და ინსინუაციაა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას და რუსეთსაც, რომ თუკი ასეთი ეჭვები არსებობს, ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო მრავალეროვანი მონიტორინგის მისიები განთავსებულები იყვნენ რუსეთისა და საქართველოს საზღვრებზე - მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. რა თქმა უნდა, ამ შეთავაზებაში მათი პასუხი ყოველთვის იყო უარყოფითი, რადგან მათ მშვენივრად იციან, რომ არაფერი მსგავსი იქ არ ხდება. მათი მთავარი მიზანია პერიოდულობით საქართველოზე, როგორც ტერორიზმის მფარველ ქვეყნააზე, ინფორმაცია გაავრცელონ. სხვა მიზანი ასეთ განცხადებებს არა აქვს. ხიზრი ალდამოვის სხვა განცხადებებზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის 20 წლიან საზოგადოებრივ საქმიანობას ხაზი გადაუსვა, ახლა კი არის რუსეთის მფარველობის ქვეშ და მოქმედებს რუსული სპეცსამსახურების დავალებით.“

ალდამოვის მიერ წამოწეულ სხვა საკითხებზე ნუგზარ წიკლაურს სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს. ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკა ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან მიმართებით გამჭვირვალეა და სრულად აისახება პარლამენტის მიერ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დამტკიცებულ სტრატეგიაში. ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ალდამოვის მიერ საქართველოდან წასვლის შემდეგ გაკეთებული პირველივე განცხადებების შემდეგ მისთვის ცხადი იყო, თუ რა იქნებოდა საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელის შემდგომი ნაბიჯი, თუმცა, მსგავსი დაუსაბუთებელი განცხადებები წიკლაურისათვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:

”თუ ამდენად არასერიოზულია რუსული სპეცსამსახურების მუშაობა, რომ ამის მეტის არაფრის თქმა არ შეუძლიათ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ალდამოვის პრესკონფერენცია კი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება არაარგუმენტირებული, დაუსაბუთებელი რაღაც მასალა გამოაქვეყნო.”