კახეთში მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა, თუმცა საერთო ზარალი და მოსახლეობის მდგომარეობა ამ დრომდე შესწავლილი არ არის. ოპოზიცია ამბობს, რომ სახელმწიფომ ზარალი სწორად არ შეაფასა და ის თანხა, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს, არასაკმარისია. ხელისუფლების თქმით კი, მოსახლეობას სურსათთან ერთად კომპენსაციასაც მალე დაურიგებენ.
დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მასზე დაკისრებული ჯარიმა - 80 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადარიცხა და განაცხადა, რომ ამ მონიტორინგს კოალიცია მოახდენს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თანხა ბიუჯეტის საკუთრებაა და მათი გადასაწყვეტია, რაში დახარჯავენ.
"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის კახეთში და სამუშაოების რა ნაწილია შესრულებული.
"თავისუფალი საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტად ცენტრალური ქუჩების და უბნების რეაბილიტაცია ჩათვალა, სოფლების მოსახლეობა კი გაუსაძლის მდგომარეობაშია.
"ამ დროისთვის თელავის ცენტრალური უბნების - ერეკლე მეორის მოედნის, რუსთაველის გამზირის და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია ხდება. სოფლებში კი პროცესი შეჩერებულია.
"ჩემთან ჩამოსული იყო სოფელ "თეთრიწყლების" მოსახლეობა და მითხრეს, რომ არა თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომისიაც არ ყოფილა სოფელში, არც ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უკითხავთ მათი ამბავი. სოფელში ამ დრომდე 100%-ით გათიშულია ელექტროენერგია, პრობლემებია წყალთან დაკავშირებით, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. შიდასაუბნო გზები ჩახერგილია და მაშველიც არ ჩანს.
"კარგია, რომ ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ხალხმა დახმარება მიიღო, მაგრამ სოფლებსაც სჭირდება ყურადღება. პერიფერიებში და თელავიდან მოშორებულ სოფლებში არ ჩასულან, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ.
"თეთრიწყლების მსგავსად არ არის შემოწმებული სიტუაცია კურდღელაურშიც. გურჯაანის რიგ სოფლებშიც ამ დრომდე სასმელი წყლის მიწოდება არ აღმდგარა. ხელისუფლებამ მინიმუმ იმის მობილიზება უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობას წყალი ბიდონებით და ავზებით მაინც მიაწოდოს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება. ხელისუფლების მთელი შემოქმედება პიარ-კამპანიაზეა აგებული", - ამბობს მოსიაშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლება არსებულ მდგომარეობას სათავისოდ იყენებს და ჩატარებულ სამუშაოებს "ნაციონალურ მოძრაობას" მიაწერს.
"ნაციონალურ მოძრაობას მობილიზებული ჰყავს აქტივისტები და პროცესში არიან ჩართულები. მიდიან სოფლებში და ხალხს ეუბნებიან, რომ ამას ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" აკეთებსო. ჩვენმა მხარდამჭერმა სცადა ამის გადაღება, მაგრამ, სამწუხაროდ, დაინახეს და ამის საშუალება არ მისცეს", - ამბობს მოსიაშვილი.
კიდევ ერთ პრობლემად მოსიაშვილი კახეთში შიდა კომუნიკაციის და ინტერნეტის უქონლობას ასახელებს და ამბობს, რომ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია არ მიეწოდება.
"სატელეფონო ხაზებთან დაკავშირებით სამუშაოები თელავშიც არ არის დაწყებული. ამაზეა მიბმული ინტერნეტის ხაზიც, რაც ასეთ დროს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღებისთვის მნიშვნელოვანია. მოსახლეობის ჯგუფი ამასთან დაკავშირებითაც იყო ჩემთან მოსული. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ "მაგთის", "ჯეოსელის" და "ბილაინის" მოდემები კახეთში არც ერთ ოფისში საერთოდ არ იყიდება. მოსახლეობა ამის გამო ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებს".
მისივე თქმით, რომ ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას დასცინის და ის საკომპენსაციო თანხები, რომელიც გამოიყო, საკმარისი არ არის.
"თანხების არასაკმარისობის დადასტურება მარტივად შეიძლება. როდესაც ხელისუფლებამ დაზარალები კატეგორიებად დაჰყო და გამოაცხადა, რომ ყველაზე მაღალი კატეგორია 1500 ლარს მიიღებსო, ეს სამარცხვინოა და დაცინვაა.
"გლეხების უმრავლესობას ვენახები 100%-ით აქვს გაფუჭებული. მინიმუმ 3-4 ტონა ყურძენს კრეფდნენ და 1500 ლარით ზარალი როგორ უნდა აუნაზღაურონ? თან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებიც გაფუჭებულია. არადა მოსახლეობა, წლიდან წლამდე ამ მოსავალს ელოდებოდა. ზოგს მოსავლის დათესვა და შეწამვლა 5-6 ათასი ლარი უჯდებოდა და საბოლოოდ 7-8-ათასს იღებდა. ხელისუფლება კი ზარალს 1500 ლარით უნაზღაურებს. სიტუაცია რეალურად შეფასებული არ არის, თორემ მოსახლოებას 1500 ლარს არ შესთავაზებდა.
"აღრიცხულიც არ არის ზარალი. ჭორის დონეზე მოდის მოსახლეობამდე ინფორმაცია. ნულის ტოლია ორგანიზებულობა. გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ნაცნობობის დონეზე იღებენ. ის ჩვენია? - მაშინ 1500 ლარი გამოვუყოთ, თუ ჩვენი არ არის, მაშინ 300-ს დასჯერდეს. ამ თანხით გლეხმა სახლი შეაკეთოს, თუ თავი ირჩინოს მთელი წლის მანძილზე?
"ძალიან ბევრ ოჯახს სახლები საერთოდ დანგრეული აქვს, თავიდან ასაშენებელია, იატაკი, ჭერი, კედლები, თავიდან არის გასაკეთებელი. ეს სამარცხვინოა ნამდვილად. ამას კი სოფლის პროდუქტების გაძვირება დაერთო, ფასები თითქმის ერთნახევარჯერაა მომატებული. ადგილობრივი ბაზარზე არაფერია. ჩინური, თურქული და ირანული პროდუქცია შემოიტანეს. ასევე გაძვირდა სამშენებლო მასალებიც", - ამბობს მოსიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ხუცაიძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ რაიონის მასშტაბით სიტუაცია კონტროლდება და მოსახლეობა შესაბამის დახმარებებს უკვე იღებს.
"სურსათის დარიგება იმ მოსახლეობისთვის, ვისაც სავარგულები დაუზიანდა და დაესეტყვა, უკვე დაწყებულია. დასუფთავებითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დამთავრებულია, მაგრამ გვაქვს გამოძახებები და მობილური ჯგუფები ამ პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ.
"ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 70%-ს მიეწოდება, მაგრამ დროებითი გათიშვები დანარჩენ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მაინც ხდება. გაზის მიწოდება სრულად არის აღდგენილი. სახურავების გადახურვა დაწყებული გვაქვს და დაახლოებით სახლების 70%-ს უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქედან 40-50% დასრულებულია. ეტაპობრივად სხვა სამუშაოებზეც გადავერთვებით.
"სახლების ნაწილს კედლები აქვს დაზიანებული და მის აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ. ყველა სოფლის აღრიცხვა დამთავრებულია, მაგრამ ზარალის ზუსტი ციფრის დასადებად დაზუსტებაა საჭირო, ვინმე რომ არ გამოგვრჩეს", - ამბობს ხუცაიძე.
რაც შეეხება სოფელ თეთრწყლებში არსებულ მდგომარეობას, გამგებლის თქმით, კომისიას უკვე აღწერილი აქვს მდგომარეობა და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაწყებულია.
"კომისია სოფელში ნამყოფია და მოსახლეობის პრობლემა ვიცით. მადლობა ღმერთს, სახლებზე სახურავები გადახდილი არ არის. წყლის სათავე ნაგებობაა დაზიანებული და რეაგირება ამაზეც გაკეთებული გვაქვს", - ამბობს ხუცაიძე.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ კახეთის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ მოხდება ამ თანხის განკარგვა და რა სახით დაურიგდება ის მოსახლოებას. კოალიციაში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ჯგუფები უკვე შექმნილია და დახმარებას ყველა დაზარალებული მიიღებს.