ხათუნა ლაგაზიძე: საზოგადოების გამოღვიძება ცალსახად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

ხათუნა ლაგაზიძე: საზოგადოების გამოღვიძება ცალსახად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

რამ შეიძლება მოიტანოს არჩევნებში ყველაზე მძიმე შედეგი, რა შანსები აქვთ კოალიციის კანდიდატებს, ვინ იქნება არჩევნებში გამწევი ძალა და რამდენად სწორად შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთვის დრო და სივრცე, ამის შესახებ "ივერონს" პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, არჩევნებამდე ორი თვე დარჩა, როგორ შეაფასებდით სადღეისოდ არსებულ ვითარებას, რამდენად სწორად და გამართულად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?
- საუბარია რეალურად ორ ძირითად ძალაზე. საარჩევნო კამპანიის ტემპებით არ იგრძნობა, რომ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. ამ ეტაპზე საარჩევნო კამპანიის ტემპი გაცილებით ფორსირებული უნდა იყოს. ალბათ უნდა ველოდოთ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან სექტემბერი მაქსიმალურად დატვირთული იქნება. რაც შეეხება მათ პროგრამებს, ზოგადად ამ არჩევნების სიახლეა ის, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამომრჩევლის წინაშე სოციალური თემატიკით გამოდის. ეს ჯერ კიდევ 2003 წლის არჩევნებამდე "ნაცმოძრაობის" ნიშა იყო, როცა ისინი ყველაზე უკეთ გრძნობდნენ საზოგადოების რეალურ მოთხოვნილებებს და წინასაარჩევნო კამპანიას ამ მოთხოვნილებებზე აგებდნენ. მთელი ეს პერიოდი ოპოზიციის სისუსტე იყო ის, რომ ისინი რატომღაც აცდენილები იყვნენ საზოგადოების რეალურ მოთხოვნილებებს. ეს იყო არსებითი ფაქტორი, რის გამოც ისინი სათანადო მხარდაჭერას ვერ პოულობდნენ. ეს გარემოება ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ შეიცვალა, როცა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ სოციალური თემატიკა გახლავთ. პირველად მოხდა, როცა ოპოზიციურმა პარტიამ ხალხთან ურთიერთობისთვის საერთო ენა გამონახა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემატიკა წინ წამოწია.

- ორივე დომინანტი ძალა, თავის მხრივ, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებასა და წარმატებაში. ამ გადასახედიდან თუ შეიძლება ერთგვარი პროგნოზი გაკეთდეს, თუ როგორი თანაფარდობით შეიძლება ვიხილოთ ისინი პარლამენტში?
- აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე ორი კუთხით შეგვიძილა ვიმსჯელოთ. ერთი არის საზოგადოების რეალური განწყობები და ამ რეალური განწყობით დაიდება სხვა შედეგი, მეორე არის ის ბერკეტები, რომელიც ამ განწყობის გამოხატვაზე ზემოქმედებს, მაგრამ ამ თავისუფალი ნების სხვადასხვა ფორმით შეზღუდვის შემთხვევაში, არჩევნების შედეგებიც სხვაგვარი იქნება, ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძნელია.

- თუ არ დადგა ობიექტური შედეგი, ეს შეზღუდული თავისუფალი ნება შეძლებს თუ არა არაობიექტური შედეგის წინააღმდეგ გაიბრძოლოს?
- აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. შიდა პოლიტიკური ბრძოლა არის ქვეყნის შიდა სამზარეულო. არჩევნებზე პოლიტიკური სუბიექტების ძლიერების, ნებისყოფის, ინტელექტუალური მხარის შედეგი უნდა იყოს წარმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ საქმე გვაქვს შიდა პოლიტიკური ძალების დაპირისპირებასთან, ეს გასაგებია, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მოსახლეობის ნების იგნორირებას გარედან და გარეშე ნების მხრიდან არჩევას, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი უნდა მართავდეს ქვეყანას, ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ის, რაც ხდება შიდა პოლიტიკურ სარბიელზე. ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევებით ნამდვილად იგრძნობა იმის ტენდენცია, რომ გარედან პოლიტიკური ნების თავს მოხვევას ჩვენ ამ არჩევნებშიც ვერ გადავრჩებით. ვისურვებდი, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა საქართველოს საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ. თუ ამ არჩევნებში საზოგადოებას თავისი ნების გამოხატვის თავისუფლება წაართვეს და გარედან მისი სტრატეგიული პარტნიორის ნება თავს მოახვიეს, ეს საქართველოს საზოგადოების განწყობას ამერიკის მიმართ საბოლოოდ გააფუჭებს და ეს იქნება ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ამ არჩევნებმა მოიტანოს.

- რამდენად შესაძლებელია, რომ არჩევნებში მიუღებელმა შედეგმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს?
- ამის დიდი შანსი არსებობს, თუ ისევ NDI-ის კვლევას დავეყრდნობით, კითხვაზე არჩევნების გაყალბების შემთხვევაში გამოხვალთ თუ არა ქუჩაში, საზოგადოების 27% ამისთვის მზად აღმოჩნდა და ამომრჩევლის 27% არის დაახლოებით 700 000 დან მილიონ ადამიანამდე. ამდენი ადამიანი ქუჩაში გამოსული წარმოგიდგენიათ? ეს ხომ ყველაფერს გადაწონის და ყველაფერს წყვეტს. ასე რომ, თავისთავად საზოგადოებაში მზაობა არსებობს, მაგრამ აქაც არის მეორე ფაქტორი, რამდენად იქნება მოსურნე საკუთრივ ის პოლიტიკური ძალა, რომლის შედეგებიც საზოგადოებამ ქუჩაში გამოსვლით უნდა დაიცვას.

- ქალბატონო ხათუნა, თუ გადავხედავთ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, აბსოლუტურად ყველა პარტია არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ცალკე აპირებს. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია მათ ბარიერი გადალახონ და რატომ ვერ შედგა ერთობა, რომელიც მათ შანსებს გაზრდიდა?
- ბარიერის გადალახვა გამორიცხულია. რაც შეეხება ერთობას, რა საჭირო იყო მათგან ერთობა შემდგარიყო. ჩვენ, ყოველი შემდგომი ხელისუფლების არჩევის შედეგ იმიტომ გვაქვს პრობლემები, რომ არჩევნებზე მისვლისას მიზანს არასწორად ვისახავთ. მიზანი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებიდან გაშვება. ამომრჩეველს აღარ უნდა ის, მაგრამ არ იცის რა უნდა. აქედან გამომდინარე არანაირი სხვა ერთობის არსებობის აუცილებლობა არ არსებობდა. საერთო იდეის გარეშე გაერთიანებული პერსონები საზოგადოებისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის არაფრის მომტანი არ არიან.

- ისევ ივანიშვილის კოალიციას დავუბრუნდეთ. "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები უმრავლეს რეგიონში უკვე დაასახელა. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვთ მათ და რამდენად სწორად არიან შერჩეული?
- ამ თვალსაზრისით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ზოგადად მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატი საკუთარი რაიონის ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ უშუალოდ ამ რაიონის წარმომადგენელი დაესახელებინათ. ამ არჩევნებზე ეს ტრადიციაც დაირღვა და ბევრ რაიონში ისეთი ადამიანი დასახელდა, რომელსაც ადგილობრივები არც კი იცნობენ. ზოგადად, ეს არჩევნები ყველა პარამეტრით სრულიად სხვანაირი ლოგიკით მიდის. ვფიქრობ, აქ აქცენტი უშუალოდ პარტიის ლიდერის ავტორიტეტზე კეთდება და არა იმ მაჟორიტარების უშუალო ავტორიტეტზე, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონში დასახელდნენ. ანუ, გამწევი ძალა ივანიშვილი და საზოგადოების ოპოზიციური განწყობა იქნება, რადგან დარჩენილ დროში ადგილობრივები წარდგენილი კანდიდატის გაცნობას ვერ მოასწრებენ. 

ივანიშვილის პლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ყოველთვის ჩნდებოდა უამრავი კითხვის ნიშანი, თუ რამდენად სწორი იყო მისი მოქმედებები, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდებობდა, რომ ამ ადამიანმა სწორი არჩევანი გააკეთა და სწორი ნაბიჯი გადადგა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა, რომელიც მას რეალურად აქვს. ზოგადად პოლიტიკაში ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმის დროს უდიდეს როლს თამაშობს დროისა და სივრცის სწორად შერჩევა, როგორც ჩანს ამ კაცმა პოლიტიკაში გამოსასვლელად დრო და სივრცე სწორად შეარჩია და ეს არის მისი წარმატების მთავარი ფაქტორი.

- თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად არის საუბარი, რომ თითქოს ივანიშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხისადმი?
- ამ გადასახედიდან ასეთი კითხვის დასმის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, ამ კითხვას საბოლოო პასუხს არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მომდევნო ერთი კვირა გასცემს. ყველაზე მთავარი არგუმენტი ამ კითხვის საწინააღმდეგოდ გახლავთ ის, რომ ივანიშვილმა საზოგადოებაში დღემდე არნახული ოპოზიციური განწყობის ჩანერგვა მოახერხა. ასეთი ტიპის ოპოზიციური მუხტის დაგროვების შემდეგ შეიძლება საზოგადოება თვითრელსებზე გადაერთოს და ამ თვალსაზრისით უმართავი პროცესები მივიღოთ, ანუ საზოგადოებამ საკუთარი ნების დაცვის საჭიროება არავის აღარ ჰკითხოს. საზოგადოების გამოღვიძება ცალსახად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
- რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე "ნაცმოძრაობის" წევრები ივანიშვილის კოალიციაში გადაბარგდნენ?
- ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელი არაფერია, მაგრამ ამას თითქმის გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში დღემდე ამის ობიექტური რეალობა და მიზეზი არ არსებობს და აგვისტოს ბოლომდე ალბათ არც გამოჩნდება. სექტემბერში როგორი ტაქტიკა ექნება, როგორც ერთ, ისე მეორე ძალას, ეს ჯერ არ ჩანს. შეიძლება შემდეგ ეს ორმხრივი პროცესიც იყოს.

- არჩევნების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ კოალიციის არსებობა, ხომ არ არის მოსალოდნელი მისი დაშლა?
- ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ არჩევნების შედეგებზეა მიბმული. თუ "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა, მაშინ რღვევის ტენდენციები ნაკლებად იქნება, თუ ასე არ მოხდა, მაშინ დაირღვევა თუ არა ერთობა ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. ყველაზე მომხიბვლელი "ქართულ ოცნებაში" გახლავთ ის, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაშიც ჩვენ არ გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის თანამშრომლობა და არა ერთი მონოლითური პოლიტიკური ძალა, როგორიც აქამდე იყო.