ქართულმა ოცნებამ

ქართულმა ოცნებამ" მერყევი ელექტორატის გადაბირება შეძლო, ხოლო "ნაცმოძრაობის" ფანები კვლავ ხელისუფლების ფანებად რჩებიან

ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდის თავისებურებებზე, ძირითადი პოლიტიკური აქტორების საარჩევნო სტრატეგიებსა და ტაქტიკებზე, ასევე სავარაუდოდ, თუ რა როლს შესასრულებს პოლიტიკურ ბრძოლაში კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" დახმარება, "ინტერპრესნიუსი" პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა"-ს უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ დასახელებულიც არ არის, მაგრამ არჩევნებისთვის გააქტიურებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური სუბიექტების წყალობით კარგა ხანია, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ქვეყანა პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ იმყოფება?
- არაერთხელ გვითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლამ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალა. ივანიშვილის გამოჩენამ შეცვალა ოპოზიციური პარტიების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაც. ხელისუფლება იძულებული გახდა, საკანონმდებლო დონეზე მოეხდინა ძალიან ბევრი ცვლილება, რომელიც პოლიტიკაში ფულადი სახსრების კონტროლს ეხებოდა. მანამდე, სხვა არჩევნებზე, ხელისუფლებას ამის საჭიროება არ ჰქონდა. მანამდე კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალური იყო და თავად სახელისუფლებო პარტიაც ხშირად სარგებლობდა ამ ე.წ. საკანონმდებლო ხარვეზებით.

ცვლილებები მოხდა ძალადობის ფაქტების შემცირების კუთხითაც. ჩვენ ამგვარი ტიპის ძალადობის შესახებ თითქმის ყოველდღიურად გვესმის, მაგრამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როცა მოტაცება-გატაცებები, სხვადასხვა სახის პროვოკაციები არც თუ ისე იშვიათი იყო, ახლა ამგვარი ფაქტები მაინც შემცირებულია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგრძნობლად შემცირდა მშვიდობიანი მიტინგების დარბევები. პირადად მე, ამას პოლიტიკაში სწორედ მძიმეწონიანი ივანიშვილის გამოჩენასა და მის მიერ საქართველოსა და ქვეყნის გარეთაც სწორი ნაბიჯების გადადგმას ვუკავშირებ.

დაპირისპირების ზრდა პოლიტიკური ბრძოლის თანმდევია, მაგრამ თუ შევადარებთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ საარჩევნო ტემპეტრატურა საკმაოდ მაღალი იყო. ახლა აშკარაა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" არ ცდილობს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. ჩემი აზრით, ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ივანიშვილია და ამ პროცესს მის მიერვე შემუშავებული სტრატეგიით არეგულირებს.

- როგორ შეაფასებდით, პიარის თვალსაზრისით, ცალკე ხელისუფლებისა და ცალკე მისი ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის, "ქართული ოცნების" ტაქტიკასა და სტრატეგიას?
- საარჩევნო პიარის თვალსაზრისით, ორივე ძირითად პოლიტიკურ აქტორს - "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" საინტერესო სტრატეგია აქვს. ფაქტობრივად, გამოკვეთილია "ნაციონალების" ძირითადი მიზანი, მათ სურთ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლა. მათი მიზანი არაა მხოლოდ 50 ანაც 55%-ით გამარჯვებაა. მათ უნდათ პარლამენტში 3/4-ით, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა. ამას ის მაფიქრებინებს, რომ ისინი, გარდა პარტიული ხმებისა, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ მაჟორიტარობის კანდიდატებს. ხელისუფლება თბილისში და თბილისის გარეთაც დეპუტატობის კანდიდატებად ძირითადად მენეჯერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულ ადამიანებს არჩევს. მართალია, ამის შესახებ ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგარამ ამის კარგი მაგალითია ისნის რაიონში იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაძის დასახელების პერსპექტივა. სხვათა შორის, ამ რაიონში კამპანია მან უკვე დაიწყო. ხელისუფლების მეორე სტრატეგია ამგვარია - ისინი არ დაუშვებენ, რომ კამპანიის მსვლელობისას მათზე უფრო პოპულისტური განცხადებები რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთოს. ხელისუფლების ამგვარ ქმედებას ხელს ისიც უწყობს, რომ რეალურად საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული კულტურა და ტრადიცია იმისა, რომ ამომრჩეველმა შეუსრულებელი დაპირებების გამო აღარ მისცეს ხმა ამა თუ იმ პარტიას.

ივანიშვილის სტრატეგიაც პარლამენტში უმრავლესობით მოსვლაა. თუმცა, გაუგებარი დარჩა, რა პარამეტრებითა და ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა კოალიციის მიერ ამა თუ იმ პოზიციაზე დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების დაყენება. ჩემი აზრით, "ნაციონალების" პიარი მთლიანად სოციალურ დაპირებებზეა აწყობილი, ხოლო "ქართული ოცნების" პიარი, ძირითადად, "ნაციონალების" შეცდომებზეა აგებული. პრინციპში, აქამდე "ნაციონალების" პიარი მუშაობდა. "ქართული ოცნების" რეიტინგი კი გაიზარდა, მაგრამ "ნაციონალების" მხარდამჭერთა კლება მერყევ ელექტორატში მოხდა და არა - "ნაციონელების" ფანებში. "ქართულმა ოცნებამ" მერყევი ელექტორატის გადაბირება შეძლო, ხოლო "ნაცმოძრაობის" ფანები კვლავ ხელისუფლების ფანებად რჩებიან.

- პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას ხელისუფლების სახელით ორიოდე კვირის წინ საკმაოდ საინტერესო სამომავლო წინასაარჩევნო გეგმები წარუდგინა. ექსპერტთა უმრავლესობამ ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამა "ქართული ოცნების" პროგრამის პოლიტიკურ პლაგიატად შეაფასა, მაგრამ საზოგადოებაში მას სერიოზული განხილვა მოჰყვა. ახლა დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია ამომრჩეველი უფრო მეტად ხელისუფლების თუ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს დაიჯერებს . . .
- ამომრჩეველი იმ შემთხვევაში დაიჯერებს დაპირებებს, თუ მოხდება თითოეული იმ პუნქტის ამომრჩევლისთვის განმარტება, რომელიც ორივე მხარემ საზოგადოებას საპროგრამო თეზისების სახით წარუდგინა. სხვათა შორის, არც ერთ მათგანს ჯერ საზოგადოებისთვის წინასაარჩევნო პროგრამა არ წარუდგენია. ამომრჩეველი იმ შემთხვევაში დაიჯერებს დაპირებას, თუ იქნება ძალიან კარგად განმარტებული თითეული ციფრი, მომავალი ხელისუფლების სამომავლო გეგმები. სხვა შემთხვევაში არ დაიჯერებს. კვლევის შედეგებმაც გვაჩვენა, რომ საქართველოში დღეს პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა ძალიან დაბალია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ კახეთის რეგიონში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებაზე ხელისუფლების მხრიდან ენერგიული და მყისიერი რეაქცია "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ იმუშავებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დაპირებების სრულად შეუსრულებლობას შესაძლოა, უკურეაქციაც მოჰყვეს . . .
- თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პროცესს დავუკვირდებით, სტიქიის ლიკვიდაციისთვის პირველად დასახელებული თანხა 100 მილიონს არ აჭარბებდა. ხელისუფლებამ დროულად აუღო ალღო პრობლემას და გამოცხადდა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 162 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაახლოებით 15-20 აგვისტომდე გაირკვევა, რამდენად შეძლო ხელისუფლებამ ამ კრიზისთან გამკლავება. როგორც გაირკვა, დახმარების გაცხადებულ ოდენობას არც ადგილობრივ და არც ქვეყნის მოსახლეობაში განსაკუთრებული კმაყოფილება არ გამოუწვევია. მყისიერმა რეაქციამ სახელისუფლო პარტიაზე ძალიან კარგად კი იმუშავა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ დაზარალებულთათვის უფრო მეტი თანხა ვერ გამოყო დაეს თანხა კონკრეტულ გლეხამდე არ მივიდა, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება კახეთში "ნაცმოძრაობის" რეიტინგზე აშკარად ცუდად იმოქმედებს. ჯერჯერობით ხელისუფლებას ფინანსების მობილიზების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, ვნახოთ, როგორ შეძლებს ხელისუფლება კახეთში მის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას. ფაქტობრივად, ამ საკითხში ხელისუფლების რეპუტაცია ბეწვის ხიდზე ჰკიდია. ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება ფინანსების მობილიზებას და დაზარალებულების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

- თქვენი აზრით, როგორი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს კახეთის მოსახლეობაში "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურებას, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 80 მილიონი ლარის გადარიცხვას?
- რაც მედიასაშუალებებით ამ საკითხზე გამოხმაურება ვნახეთ, ჯერჯერობით დადებითია. ივანიშვილმა სწორი გათვლა გააკეთა, როცა განაცხადა - თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ორ თვეში, ანუ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ საკითხს "ქართული ოცნება" საბიუჯეტო სახსრებით გააკეთებსო. ამ შემთხვევაში მას დაპირებების მიცემით არც კანონმდებლობა დაურღვევია, მაგრამ ისიც ცალსახად დააფიქსირა, რომ დაზარალებული მოსახლეობის მიტოვებას არ აპირებს. კახეთის მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც სულერთი უნდა იყოს რეალურად ვინ დაეხმარება, ივანიშვილის განცახდებას წესით დადებითად უნდა ემოქმედა.

სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, ივანიშვილის მხრიდან 80 მილიონი ლარის გადარიცხით შეიქმნა სიტუაცია, როცა კახეთში სტიქიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პირობებს ხელისუფლებას ივანიშვილი კარნახობს. 80 მილიონი ლარის გადარიცხვის შემდეგ უნდა შეიცვალოს დახმარების ის ოდენობები, რომელიც ხელისუფლებამ უკვე დაანონსა. თუ ამას საარჩევნო თვალსაზრისით განვიხლავთ, ორივე შემთხვევაში - იქნებიან თუ არა კმაყოფილი და იმ შემთხვევაშიც, თუ კახეთის მოსახლეობა დახმარებებით უკმაყოფილო იქნება, პოლიტიკურადაც და მორალურადაც "ქართული ოცნება" მოგებული დარჩება - კმაყოფილების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მათ დაკმაყოფილებაში ივანიშვილის ფინანსებიც დაიხარჯა. თუ უკმაყოფილები იქნებიან, ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, რაც "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს.

- მიუხედავად იმისა, რომ ენ-დი-აი-სა და აი-რა-ის სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებაში დიდი ნდობით არ გამოირჩევიან, ენ-დი-აი-ს კვლევის ეკლექტიკურობის და, ხშირ შემთხვევაში, ალოგიკურობის მიუხედავად, გამოკითხვები "ქართული ოცნების" მზარდ რეიტინგსა და "ნაცმოძრაობის" რეიტინგის გარკვეული კლების დინამიკას აფიქსირებს. თქვენი აზრით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობამ და პოლარიზებამ იმატა, თუ რასთან გვაქვს საქმე?
- კვლევების შედგებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდია უკმაყოფილება. კვლევებში კარგად ჩანს, რომ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომელიც საზოგადოებას 2003 წელს ჰქონდა. საზოგადოებას 2012 წელს ისევ ის პრობლემები აწუხებს, რაც 2003 წელს ჰქონდა. უფრო მეტიც, უმუშევრობის ზრდის დონის, ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობის გამო საზოგადოებაში უკმაყოფილება გაზრდილია. იმის გამო, რომ კვლევა რეალურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, ვერც ერთ მხარეს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ კვლევები ნდობას არ იმსახურებს. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ კვლევის მეთოდოლოგიაზე, მაგრამ იმ ფაქტებს და ციფრებს ვერ გავექცევით, რომელიც საზოგადოებაში რეალურად არსებობს და საკმაოდ კარგადაც ასახავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. საზოგადოება თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ეს არის ის, რაც წითელი ხაზივით გასდევს როგორც აი-რაი-ს, ისე ენ-დი-აი-ს კვლევებს.

- თქვენი აზრით, როგორია დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების, იგივე ქდმ-ს, "ახალი მემარჯვენეებისა" და ედპ-ს წინასაარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა? და კიდევ, თქვენი აზრით, ამ პარტიების სასარგებლოდ რამდენად მუშაობს სახელისუფლო ტელევიზიებად მიჩნეული არხების საინფორამაციო გამოშვებებში თავისი ინიციატივებისა და აქტივობების რეგულარული გაშუქება?
- რასაკვირველია, საინფორმაციო გამოშვებებში ამ პარტიების რეგულარულად გამოჩენა საზოგადოებისთვის იმის შეხსენება გახლავთ, რომ ეს პარტიები არსებობენ და საქმიანობენ, თუმცა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფი პარტიების პიარ-სტრატეგიები. რეალურად, ჩვენ ამ პარტიის წარმომადგენლებს ვხედავთ იმ ადგილებში, სადაც ჩემი აზრით, მათი ელექტორატი არ ცხოვრობს. მე მათ ვურჩევდი, აქცენტი უფრო მეტად გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და წინასაარჩევნოდ ნაკლები ყურადღება გაამახვილონ სოფლის მოსახლეობაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი ელექტორატი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. ისიც ვიცი, რომ მათ ამ მიმართულებით ბევრი სათქმელი აქვთ. თუ ისინი ტელევიზორშიც უფრო ხშირად სწორედ ამ პრობლემების წინ წამოწევით გამოჩნდებოდნენ, მათ თავის სავარაუდო ამომრჩეველთანაც უფრო სწორი კომუნიკაცია ექნებოდათ.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით აი-რაი-ის უკანასკნელი სოციოლოგიური კველევის შედეგებს?
- სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ფრაგმენტული მონაცემები გვაქვს ამ კვლევაზე. სრულყოფილი მონაცემების გაცნობის შემდეგ გვექნება ამ საკითხზე უფრო დეტალურად მსჯელობის საშუალება. რადგან არა გვაქვს კვლევის სრული პრეზენტაცია, ძნელია იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია მარტის კვლევაში კითხვაზე - "ქვეყანა სწორი გზით მიდის თუ არა"? 60%-იანი მაჩვენებელი, ხოლო ახლა 54%., ანუ 6%-იანი კლება. პირადად მე, ამგვარად საკითხის დასმა სადაოდაც მიმაჩნია, ვინაიდან დაკონკრეტებული არაა, თუ ვინ რას მიიჩნევს "სწორი გზით სვლაში." ამიტომ, ძნელია იმის თქმაც, თუ რამ გამოიწვია ამ პარამეტრის შემცირება.

ამ კვლევებში გამოჩნდა ისიც, რომ ადგილობრივ დონეზე არსებობს პრობლემები. გარდა უმუშევრობისა, გამოიკვეთა პრობლემები, რომლითაც ხელისუფლება ამაყობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ რეგიონის მაცხოვრებლები ისევ და ისევ უგზოობას უჩივიან და ეს საკითხი უმუშევრობის შემდეგ აქტუალობის თვალსაზრსით მეორე ადგილზეა. შემდეგ მოდის ჯანდაცვა და გაზიფიკაცია.

თუმცა, რაც გამოქვეყნდა, ვთქვათ, იგივე პარტიების რეიტინგებში, ახალი არაფერია. აი-რა-ის კვლევამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად მხოლოდ სამი პარტია "ნაცმოძრაობა", კოალიცია "ქართული ოცნება" და ქდმ შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში. თუ მანამდე განიხილებოდა "მემარჯვენე" ორიენტაციის პარტიების, ქდმ-ს, "ახალი მემარჯვენეებისა" და ედპ-ს გაერთიანება, უკანასკნელი კვლებებიდან გამომდინარე "ქრისტიან-დემოკრატებს" ასეთი გაერთიანება ხელს არ უნდა აძლევდეს. სწორი სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, "ქრისტიან-დემოკრატები" შეიძლება პარლამენტში შევიდნენ და იქ თავისი ფრაქციაც ჰქონდეთ.