"ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 43% "ნაციონალურ მოძრაობას", 24% - კოალიცია "ქართულ ოცნებას", 7% - "ქრისტიან-დემოკრატებს" მისცემდა ხმას. 21%-ს კი შეკითხვაზე პასუხი არ აქვს - პარტიების მიხედვით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის "აირაის" კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა. მართალია, კვლევის ეს ნაწილი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. სააგენტო "პირველისგან" კი ცნობილი გახდა, რომ 53% სასამართლო სისტემას ენდობა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური (კონტროლის პალატა) 35%-იანი ნდობით სარგებლობს, რაც უნდობლობის მაჩვენებელზე მეტია..." - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "აირაის" კვლევაში საზოგადოება სასამართლოსა და კონტროლის პალატას ენდობა / რამაზ საყვარელიძე: "მათ იციან, რომ ხელისუფლება ამ შედეგებს ენდობა და ამიტომაც აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკივონ".
"66% მინისტრთა კაბინეტს უცხადებს ნდობას, ქართულ მედიას ენდობა რესპონდენტთა 64%, ისევ ყველაზე მაღალი - 94%-იანი ნდობით სარგებლობს ეკლესია. ასევე მაღალი მაჩვენებლები აქვთ ქართულ არმიასა და პოლიციას. აღსანიშნავია, რომ "ენდიაის" მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში კონტროლის პალატის შესახებ შეკითხვა არ დასმულა და ამ უწყების მიერ ბოლო დროს აქტიურ საჯარიმო ქმედებათა გამო მასზე შეკითხვის დაუსმელობამ ჟურნალისტების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. თუმცა "აირაის" კვლევაში კონტროლის ქმედებებს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი - 23% უცხადებს უნდობლობას. პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს კვლევა აბსოლუტურად არალოგიკურია, მით უმეტეს, როდესაც გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა 1%-საც არ აღწევს და თან ამ სასამართლო სისტემის მიმართულებით დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაკრიტიკებენ", - აღნიშნავს გამოცემა,
"ჩვენს სასამართლოს დასავლეთი არ ენდობა, სასამართლო ხელისუფლების გავლენის ქვეშ არისო და მაპ-ი არ მოგვცეს და აღმოჩნდა, რომ თურმე მოსახლეობა ენდობა! ეს შედეგები ლოგიკური გახდება ერთი ინფორმაციის ფონზე - ივანიშვილის გამოჩენისას კვლევა რომ მოეწყო და მონაცემებს შორის შეჯიბრი ატყდა, იაგო კაჭკაჭიშვილმა "ენდიაისა" და "აირაის", როგორც წამყვან სუბიექტებს ერთობლივი მეთოდოლოგიის შემუშავება და ერთმანეთის შედეგების გადამოწმება შესთავაზა - პატიოსანი ადამიანი ასეთ წინადადებას უნდა დასთანხმებოდა, მათ კი უარი თქვეს. შეიძლება ვინმემ თქვას, იუკადრისაო, მაგრამ ეს მხოლოდ საბაბი იქნება. ეტყობა დამაჯერებლობა მათთვის მთავარი მიზანი არ არის. მათ იციან, რომ ხელისუფლება ამ შედეგებს ენდობა და ამიტომაც აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკივონ და ხელისუფლების კრიტიკა დაიწყონ. თუკი "მაესტროს" მიერ გავრცელებული პარტიული რეიტინგები სწორია, იქ მმართველ პარტიას 43% უჭერს მხარს, იმ დროს, როდესაც მინისტრთა კაბინეტს - 66%. მათ შორის სხვაობა 23%-ია და ეს 23% სად გაქრა?!" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ხელისუფლებამ და "ქრისტიან-დემოკრატებმა" პოზიტიური და იმედიანი შეფასებები უკვე გააკეთეს. გიორგი თარგამაძეს "აირაის" კვლევის შედეგები შთამბეჭდავად და ოპტიმისტურად მიაჩნია. ის აღნიშნავს, რომ მის მოძრაობას ყველაზე მეტი მხარდამჭერი იმერეთში ჰყავს, ამბობს, რომ კვლევებში 20%-ზე მეტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს და სწორედ ეს 20% მიაჩნია იმ ნაწილად, საიდანაც მათ პარტიას ამომრჩევლის მიზიდვის დიდი შანსები აქვს. კვლევის შედეგების შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი დღეს გააკეთებს, თუმცა ოფიციალური გუნდურ შეფასებამდე ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი კმაყოფილებას არ მალავს და ამბობს, რომ პარტიების რეიტინგში "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მომდევნო პოზიციაზე მყოფ ოპოზიციური ძალისას თითქმის ორჯერ აღემატება და ეს შედეგები დიდად არ განსხვავდება ბოლო კვლევების შედეგებისგან", - დასძენს გამოცემა.
"კოალიცია "ქართული ოცნება" ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძემ განაცხადა, ჯერ პოზიციებს შეაჯერებენ და კვლევის შედეგებს ამის შემდეგ შეაფასებენ. ცნობისთვის, "აირაის" დეკემბრის კვლევების მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს" - "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 36% უჭერდა მხარს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას 32%, 4,3% - "ქრისტიან-დემოკრატებს. ამავე კვლევის მიხედვით, 2013 წლისთვის პრემიერ-მინისტრად ივანიშვილს 26% ისურვებდა, 24% - სააკაშვილს. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ციფრებით მანიპულირება არ უნდა დავიწყოთ, რადგან წინასაარჩევო კამპანია საწყის ფაზაშია და არჩევნებამდე განწყობები კიდევ შეიცვლება. თუმცა "ძალიან ძნელია იმის თქმა, ასახავს თუ არა ეს კვლევები საზოგადოების რეალურ განწყობას", - წერს სტატიის ავტორი.
"რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მსგავსი კვლევები ხალხის განწყობაზე რამე გავლენის მოსახდენად არ ეწყობა, ეს უფრო დასავლეთისთვისაა გათვლილი. "მათ მონაცემებს ძალიან ხშირად ციტირებას ხელისუფლება უკეთებს - აი, სასამართლოს ნახევარზე მეტი ენდობა, მმართველ პარტიას ორჯერ მეტი, ვიდრე ოპოზიციურ ძალასო და ეს ციტირება უცხოელებთან სჭირდებათ - მაგალითად, არჩევნებზეც "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას მიიღებს და მათ ექნებათ იმის მტკიცების შესაძლებლობა, რომ სოციოლოგიურ კვლევებშიც ასე იყო და ე.ი. არჩევნები არ გაყალბებულაო", - ამბობს საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარალელური კვლევები უნდა მოაწყოს და გამოაქვეყნოს", - დასძენს სტატიის ავტორი.