ოპოზიცია გაერთიანებაზე უარს ამბობს

ოპოზიცია გაერთიანებაზე უარს ამბობს

არჩევნებამდე 2 თვით ადრე ოპოზიციაში გაერთიანებაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. "თავისუფალი საქართველო", "ტრადიციონალისტთა კავშირი" და "თეთრები" ყველა ოპოზიციურ ძალას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების მიზნით, თანამშრომლობას სთავაზობენ, ოპოზიცია კი ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს.

ოპოზიციის გაერთიანების მცდელობის შესახებ საგანგებო განცხადება გუშინ ახლად ჩამოყალიბებულმა ე.წ მესამე ცენტრმა გააკეთა და მედიის წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტიც გააცნო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სიებში ზედაპირულადაც კი ჩანს კონკრეტული დარღვევები, სახელისუფლებო პარტიამ აბსოლუტურად უკონტროლო გახადა პარტიის ფულადი შემოსავლები და ხარჯები, აშკარად ტენდენციურია არაერთი საერთაშორისო კვლევის შედეგები, სერიოზულად დამაფიქრებელია რეალური ოპოზოციური ძალების დაქსაქულობა და დაპირისპირება.

ამის გათვალისწინებით აღნიშნული პარტიები პირველ ეტაპზე რეალურ ოპოზიციურ ძალებს სთავაზობენ, დაიწყონ კონსულტაციები, რათა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობის მუხლი მაჟორიტარი დეპუტატებისთვის 30%-იანი ბარიერის დაწესების თაობაზე და მიღწეული იყოს 50%-იანი ბარიერის დაწესება.

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამის პასუხად ამბობს, რომ "თავში მუშტის ქნევა უკვე გვიანია". არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი "შრომის პარტიის" წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.

"მათი პოზიცია გარკვეულწილად გასაგებია, თუმცა მთელი ეს წინასაარჩევნო პერიოდი უნდა გვეფიქრა ამაზე და გვებრძოლა. ახსოვს ალბათ საზოგადოებას გასულ წელს "ლეიბორისტული პარტიის" აქციები - მთელი იმ დროის განმავლობაში ხომ ზუსტად ამას ვითხოვდით, ვამბობდით, რომ არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთო.

"მთელი რიგი საკითხები გვქონდა დაყენებული, რითაც საარჩევნო გარემოს გაომჯობესება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ივანიშვილმა მთელი ეს პერიოდი ბერას კონცერტებში და უაზრო შეკრებებში დაკარგა. ამან გამოიწვია ყოველივე ის, რამაც გაამკაცრა საარჩევნო გარემო, რაც შესაბამისად არჩევნების გაყალბების საფუძველს იძლევა.

"მაჟორიტარებზე შეთანხმება კი არ უნდა მოხდეს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეგ სისტემა, რადგან მაჟორიტარებია სწორედ ის "ოქროს კვერცხი" სააკაშვილისათვის, რომლითაც ის უმრავლესობას შექმნის პარლამენტში.

"თავში მუშტების ქნევა გვიანია, კოორდინაცია მთლიანად საარჩევნო მთელ რიგ საკითხებზე უნდა მომხდარიყო, თორემ, ახლა ვინ სად შეუთანხმდება და, როგორ ივაჭრებს, არსებით სურათს არ შეცვლის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში გუგავა.

ამასთან ე.წ. მესამე ცენტრის პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირში მიაღწევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის გარეთ გასული საქართველოს მოქალაქეების მიერ დეპუტატის არჩევას ან სრულად დაიცავს ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლებას.

"თავისუფალი საქართველო", "ტრადიციონალისტები" და "თეთრები" მიმართავენ ხელისუფლებას, საჯარო გახადოს იმ მოქალაქეების სია, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გავიდნენ ქვეყნის გარეთ და დღემდე არ დაბრუნებულან.

ისინი ასევე მიმართავენ ევროკავშირს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეთა იმ სიების მოპოვებაში, რომლებმაც გადაკვეთეს თურქეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ამერიკის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები და შემდგომ აღარ გასულან ამ ქვეყნებიდან.

ასევე ითხოვენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არჩევნების მეორე დღესვე შესაძლებელი გახდეს იმ ამომრჩეველთა საჯაროობა, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე. როგორც ჟურნალისტებს კახა კუკავამ განუცხადა, ის რეპრესიები და ფინანსური სანქციები, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართავს, ეჭვს აღარ ტოვებს, რომ ხელისუფლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპირებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, თავი დაანებონ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ზრუნვას და ყველას ვიწვევთ თანამშრომლობისთვის, რათა გადავარჩინოთ თავისუფალი არჩევნების შანსი", - აღნიშნა კახა კუკავამ.

ოპოზიციაში ყველა ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. მიაჩნიათ, რომ ეს უკვე დაგვიანებულია.

"ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება იმიტომ, რომ თუ ვინმეს უნდოდა ამის გაკეთება რეგიონ-რეგიონებში არ ივლიდა და არ დაასახელებდა საკუთარ კანდიდატებს, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნებას" ვგულისხმობ, ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ეს შეთანხმება შედგეს.

"არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ შეთანხმებასთან დაკავშირებით, კი შევთანხმდებით იმ შემთხვევაში თუ რამე მექანიზმს შემოგვთავაზებენ, თუმცა ისეთი, რომელიც კანონში ცვლილების შეტანას არ ითხოვს, რადგან ამის განხორციელება უკვე შეუძლებელია", - განუცხადა "რეზონანსს" "ქდმ-ს" ერთ-ერთმა წევრმა ლევან ვეფხვაძემ.

ოპოზიციის გაერთიანება შეუძლებლად მიაჩნიათ "ახალ მემარჯვენეებსაც" ამის საფუძველს კი მათ ძველი გამოცდილება აძლევს, როდესაც ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა.

"ვფიქრობ, ცოტა რთული იქნება ამ ეტაპზე იმ მოთხოვნის შესრულება. რადგან, რასაც ეს ძალები გვთავაზობენ, ამის გამოცდილება და მცდელობა საზოგადოებას უკვე ახსოვს, როგორც წესი ასეთ დროს ჭირს შეთანხმება. მით უფრო "ქართული ოცნების" და ჩვენი მხრიდან, როდესაც კანდიდატების უმეტესობა დასახელებული გვყავს.

"აქედან გამომდინარე ამ შემოთავაზებას სკეპტიკურად ვუყურებ. რაც შეეხება, არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებას, ვფიქრობ, ოპოზიციის გაერთიანება ამის პრევენცია ვერ იქნება. ამისთვის საჭიროა სულ სხვა მექანიზმის შემუშავება.

"მთავარი კი ის არის, რომ მოვახერხოთ მოქალაქეების გამოყვანა არჩევნებზე, რადგან ყველაზე სერიოზულად არჩევნების გაყალბებას მოსახლეობის აქტიურობა შეაჩერებს. ამიტომ ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრისას მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ", - გვითხრა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.

ამ შემოთავაზებას კი დადებითად აფასებს "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი ელისო ჩაფიძე და მათ მაჟორიტარებთან დაკავშირებით ივანიშვილის შემოთავაზებასაც ახსენებს.

"როგორც ცნობილია, მსგავსი ინიციატივით ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა. ოპოზიციამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არჩევნების გაყალბება. მაგრამ ეს თანამშრომლობა არ ნიშნავს ერთ კოალიციაში შესვლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ კონკრეტულ რეგიონში და ერთმანეთს არ გავუწიოთ კონკურენცია.

"რაც შეეხება ბატონი შაშიაშვილის კონკრეტულ შეთავაზებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მისი ერთი განცხადება წავიკითხე, სადაც ის საუბრობდა, რომ ქუთაისში გარკვეული ხმების მოპოვება შეუძლია. ამ შემთხვევაში მას ჯენტლმენური ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს ოპოზიციის იმ კანდიდატს, რომელსაც თავისი კანდიდატურა უკვე დაყენებული აქვს, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს ვგულისხმობ.

"ამის გაკეთება იმისთვისაა საჭირო, რომ არ გაიყოს ოპოზიციის ხმები. ასეთი ფაქტი ამომრჩეველზე დადებითად არ იმოქმედებს, მაგრამ თვითონ პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ მათ მიერ ჩადენილი ქმედება საერთო საქმეს ხელს შეუშლის თუ პირიქით შეუწყობს.

"საუბარი უნდა იყოს კეთილგანწყობილი და გარკვეული წინაპირობების დაყენება გამოირიცხოს. მე პირადად, სანამ ტყიბულის მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას დავაყენებდი, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მივედი, რათა გამეგო, თუ ვინ ჰყავდათ ამ რეგიონში მათ ძლიერი კანდიდატები და ვიყავი თუ არა მათ კანდიდატზე უფრო მეტად მისაღები. სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ამ წინადადებას დავთანხმებოდი თუ არა", - გვითხრა ჩაფიძემ.