რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან?

რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან?

სოსო ცისკარიშვილი - "ხელისუფლების უკიდურესად ხისტი და პრიმიტიული პოლიტიკა არ იძლევა საშუალებას, ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს"

"აშკარაა, რომ ქვეყანაში წყალი იმღვრევა. დაწყებული კანონმდებლობის უკანონობად ქცევიდან, დასრულებული ამ უკანონო კანონების ინტერპრეტაციის უკიდეგანო თავისუფლებით, ხელისუფლებას საქმე მიჰყავს არა რამე ტიპის პოლიტიკურ ხედვათა დაპირისპირებისკენ, არამედ სავსებით მკაფიო სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. აშკარაა მცდელობა, პროცესები გავიდეს ქუჩაში, სადაც ხელისუფლება მართლაც ძლიერია იმ ყველაზე პრიმიტიული ინსტრუმენტით ხელში, რასაც ძალადობა ჰქვია. სხვა რამე ხერხი თავის არსენალში "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. ხელისუფლების უკიდურესად ხისტი და პრიმიტიული პოლიტიკა არ იძლევა საშუალებას, ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან?" / "ბეჟაშვილის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, იდიოტის როლში აყენებს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს".

"ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თავისი სასიყვარულო ისტორიებით სახელიც გაიტეხა და თავიც, მის დამქირავებელ პატრონს უკვე აღარ აინტერესებს და აღარც სჭირდება. მან თითიდან გამოწოვილი რამ დაასახელა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად. თურმე ის ყოფილა ყველაზე გულმხურვალე კახელი და მას ყველა კახელზე მეტად ადარდებს მშობლიური კუთხის ბედი. ბეჟაშვილის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, იდიოტის როლში აყენებს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, ვისგანაც ერთი საგულშემატკივრო სიტყვაც ვერ მოვისმინეთ კახეთში დატრიალებული სტიქიის შემდეგ. ბეჟაშვილის ამ ნაბიჯის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ადეიშვილი მგონია, რომლისთვისაც კახეთი კი არა, მთელი სამყაროც არ არის საკუთარ თანამდებობაზე დიდი ღირებულება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ამხანაგი მინისტრის, უფრო ზუსტად, "ნორჩი ლენინელი" გოგა ხაჩიძის ქცევა, მართლაც სცილდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმას და უფრო ისტერიკული ნევროზის გამოვლინებას ჰგავს, თანაც - საჯაროდ. მისი ქცევა ნამდვილად არ წაადგება ისედაც საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ ფონს. ვფიქრობ, მეტად სიმპტომატური შემთხვევაა "ნაციონალურ-ნევროზული" მდგომარეობისა, ეს სიტყვების თამაში არ გეგონოთ, ჩვენდა სამწუხაროდ, რეალობაა. გული მწყდება, რომ ხაჩიძემ ამგვარ ვითარებაში ჩაიგდო თავი, არადა, მის კეთილ თვისებებზეც მსმენია ბევრი რამ. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მაგალითია, როგორ ნადგურდება პიროვნება "ნაციონალური" წნეხის ქვეშ", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"დაკვირვებით წავიკითხე "ემნისტი ინტერნეიშენელის" დოკუმენტი, რითაც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს "ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა, და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები", - ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კარგად რომ არის ინფორმირებული, ამ გამოხმაურებიდანაც ჩანს, რაც საქართველოში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის რიგი წარმომადგენლების მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ამ სექტორში არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს უშინდებიან. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სამწუხაროდ მიმაჩნია ის, რაც ამ ორიოდე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მოხდა: სრულიად გაურკვეველი მიზეზით, ბოკერიას რომელიღაცა ბოკვერმა სამსახურიდან გაათავისუფლა ქალბატონი ნინა ხატისკაცი", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი. 

"ეს ისეთი ფაქტია, რომელზეც დუმილი ავნებს ჩვენს საზოგადოებას. ჟურნალისტების პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, კონკრეტულად დადგინდეს იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს ეჭვი, რომ ეს არის მარკ მალენი, რომელიც ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ყოფილა და რომელიც წლების წინ ენ-დი-აის ოფისს ხელმძღვანელობდა საქართველოში. ეს თუ ასეა, სირცხვილი მას. რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან, რომელმაც მაია მიმინოშვილი მოხსნა? - არაფრით. ეს ის მარკ მალენია, რომელსაც ობიექტურობაზე პრეტენზია აქვს და ცდილობს, ინტერნეტსივრცე საკუთარი გონებამახვილური შეფასებებით დაიპყროს. გამოდის, ის "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი მხარდამჭერია, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, საჯაროდ ახსნას თავისი პოზიცია", - მიიჩნევს პოლიტოლოგი. 

"რაც კახეთში ეს უბედურება მოხდა, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ ჩასახლდა ნაციონალურ არხებში, ის თუ მისი მთავრობის წევრები პიარკამპანიას აგებენ ადამიანების უბედურებაზე, კახეთში აგური არ გადაადგილებულა, იქვე სააკაშვილიც რომ არ გამოჩნდეს ტელეკამერებთან ერთად. კარგია, რომ ხელისუფლება აქტიურია, მაგრამ შეიძლება სულ ტელეკამერები მოგყვებოდეს უკან? ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, დაეხმაროს სტიქიისგან გაჭირვებულებს. თანაც სასაცილოა გაუთავებლად ლაპარაკი, რომ თურმე არსებობს ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. უპასუხონ ერთ მარტივ კითხვას: რა დარჩენია ბიძინა ივანიშვილს საბჭოთა კავშირში ისეთი ძვირფასი, რომ იქ დაბრუნება უნდოდეს? იქნებ, ბაბუა ჰყავდა რომელიმე უნივერსიტეტის რექტორი, ან იქნებ ბიძა ჰყავს მაღალჩინოსანი კა-გე-ბე-შნიკი ან იქნებ, დედამისს აქვს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ხელში ლარად ჩაგდებული?" - დასძენს სოსო ცისკარიშვილი. 

"ვის უფრო უნდა უნდოდეს საბჭოთა კავშირში დაბრუნება: საბჭოთა პრივილეგირებული ოჯახის პირმშოს, რომელსაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ნებისმიერ ფასად სურს მისი შენარჩუნება თუ ადამიანს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს არაფერი გააჩნდა. ხელისუფლების ლაპარაკსა და მოქმედებებში ლოგიკის მოძებნას ტყუილად დავიწყებთ: ეს არის ლენინიზმის სულით განმსჭვალული პოლიტიკური ძალა, თანაც დროდადრო პუტინისეული გამოვლინებებით. რუსული "ედინაია რასია" და ქართული "ნაციონალური მოძრაობა" თავიანთ სულიერ მამად გულში ვლადიმერ ილიჩ ლენინს მიიჩნევენ. ისიც მაინტერესებს, რატომ არაფერს ამბობს ჩვენი ხელისუფლება სირიაში მიმდინარე სისხლისღვრაზე. სააკაშვილი არც ეგვიპტის, ლიბიისა და ტუნისის ამბებზე იღებდა ხმას, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭომ, მათ შორის რუსეთმაც, არ მიიღო რეზოლუცია მუბარაქის წინააღმდეგ. მოკლედ, ვიდრე პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა მედგრად დგანან სირიის ბარბაროსის მხარდასაჭერად, ჩვენი ხელისუფლებაც მანამდე ჩუმად იქნება!" - აცხადებს პოლიტოლოგი და შეკითხვას - "ანუ გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი პუტინის პოზიციას ითვალისწინებს?" - პასუხობს:

"ითვალისწინებს კი არა, ემორჩილება და მართლაც განიხილავს ვარიანტს, რომ თუ სავარძლის შენარჩუნებაზე მიდგა საქმე, პუტინის ევრაზიულ კავშირში ამოყოს თავი. დღეს ამაზე კატეგორიულ უარს ამბობენ, მაგარამ, აბა, ასე დადგეს საკითხი - ქვეყნის ევროინტეგრაცია თუ თქვენი სავარძლებიო, მაშინვე საკუთარ სავარძლებს აირჩევენ და ევრაზიულ ტლაპოში აღმოჩნდებიან".