ნინა ხატისკაცის შეკითხვები ”საერთაშორისო გამჭვირვალობას”

ნინა ხატისკაცის შეკითხვები ”საერთაშორისო გამჭვირვალობას”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლება არის საკადრო ცვლილება, რომელიც შიდაორგანიზაციულ უთანხმოებას უკავშირდება და მას პოლიტიკური ზეწოლის ან სხვა საფუძველი არ გააჩნია, - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ნინა ხატისკაცს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისათვის. თუმცა თავად ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ ის მიზეზები, რაც მან ხელმძღვანელობისგან მოისმინა, თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საკმარისი არ არის და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამატებით განმარტებას მოსთხოვს.

 ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელსაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი ხელმძღვანელობდა, საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ითვალისწინებდა. მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის გამოცემამდე, 20 ივლისს, ნინა ხატისკაცი სამსახურიდან დაითხოვეს. მას ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ მარკ მალენმა აცნობა და უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ”საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მუშაობის პერიოდში მას არ მიუღია არც საყვედური, არც რაიმე გაფრთხილება. იყო საკითხები, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა სამსახურიდან დათხოვნა ხატისკაცისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა:

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა - ჩემთან მოსულიყო მარკ მალენი ან ეკა გიგაური და ჩემთვის სამსახურიდან განთავისუფლების ამბავი ეცნობებინა. ამის საფუძველი ვერც მათთან ლაპარაკის შემდეგ გავიგე და არც მანამდე არსებულა. არანაირი შენიშვნა ან გაფრთხილება არ მიმიღია, რომ ჩემი საქმიანობით ვინმე უკმაყოფილი იყო ან რამე უნდა შემეცვალა. ცხადია, იყო საკითხები, რომლებზეც ვამბობდით, რომ ასე რომ გაკეთებულიყო საქმე და არა სხვაგვარად, აჯობებდა, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესი მგონია, ეს არ ყოფილა დაპირისპირების მიზეზი არასოდეს.”

საგულისხმო ფაქტია: ნინა ხატისკაცი არ უარყოფს, რომ ბოლო პერიოდში ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - კომუნიკაციამ იკლო. მისივე თქმით, მისი ელექტრონული მისამართი არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული მიმოწერიდანაც ამოიღეს - მაგალითად, როგორიც იყო კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა შესახებ მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებდა. კითხვები გაჩნდა და დაახლოებით ერთი თვის წინ ხატისკაცმა ხელმძღვანელობას შეხვედრა სთხოვა. შეხვედრა მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ შედგა, როცა ნინა ხატისკაცმა განმარტება მოითხოვა და ამ შეხვედრაზე მოისმინა კიდეც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები. თუმცა ხატისკაცი აცხადებს, რომ დასახელებული მიზეზები სიმართლე არ არის და რომც იყოს, ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის არ კმარა. ამიტომ ნინა ხატისკაცი ფიქრობს, რომ კითხვები უნდა დაისვას:

”მე უნდა მოვითხოვო ორგანიზაციისგან განმარტებითი გადაწყვეტილება ჩემი განთავისუფლების შესახებ, რომელშიც ახსნილი იქნება იმ მიზეზების ჩამონათვალი, რამაც მათ ეს გადაწყვეტილება მიაღებინა. ის მიზეზები, რაც მათ მე შეხვედრაზე ზეპირად მითხრეს, მართლა უსაფუძვლოა - მაგალითად, ის, რომ როცა წავედი სამუშაოდ ჩვენს ბათუმის ოფისში, დღენახევრით ადრე გავაგებინე მათ, თუმც კი არანაირი შინაგანაწესი არ გვაქვს, როდის უნდა შევატყობინოთ... ასეთ თემებზე თუ არსებობდა რაიმე შენიშვნა, ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა და ის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როცა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით, - და მე არ მგონია, რომ ამ საქმეში ძალიან უმნიშვნელო როლი მქონდეს, - მაფიქრებინებს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან უდროო დროს და გაუაზრებლად მიიღეს.”


ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პროექტი დატოვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმაც, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს კახეთში ახორციელებდა. გელა მთივლიშვილის პროტესტის მიზეზი, მისივე სიტყვებით, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გახდა:

”როცა უკვე არჩევნები კარზეა მომდგარი, ანგარიში თითქმის მზადაა და უნდა გამოქვეყნდეს, ბოლო და ინტენსიური სამუშაოები დაგვრჩა და უცებ ნინას ათავისუფლებენ. ნინა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რაც კი არჩევნები ჩატარებულა, მუდამ მთავარი მონიტორი იყო და ყველა მნიშვნელოვან დასკვნასაც ის აწერდა ხელს და ამ არჩევნებზე ასე უნდა ყოფილიყო. მარტო ამ მონიტორინგის შედეგად, ანგარიშში შესატანად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 200-ზე მეტი სერიოზული ფაქტი გვაქვს მოგროვილი, რომელიც ამ ანგარიშში უნდა შესულიყო. როგორც ვიცი, ეს ანგარიში აგვისტოში უნდა გამოსცენ. ვნახავთ, თუ მოხვდება მასში ყველა ეს ფაქტი.”

ხომ არ უნდა ვეძებოთ ხატისკაცის გათავისუფლების მიზეზები ბოლო დროს მის მიერ მედიისათვის მიცემულ მწვავე კომენტარებში და უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ”ორგანიზაციული უთანხმოება”? - ამ კითხვაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლების ყველა განცხადება ემთხვევა ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” პოზიციას. ეს პოზიცია კი იმ გამოკვლევებს ემყარება, რომლებსაც ”საერთაშორისო გამჭირვალობა” დროდადრო ამზადებს. მენეჯმენტთან დაკავშირებულ შიდა უთახნმოებას კი ეკა გიგაური ასე ხსნის:


”ეს საკითხები შეეხება ორგანიზაციის განვითარებასთან, პროექტების მართვასთან დაკავშირებულ ცალკეულ შეხედულებებს. დეტალები საზოგადოებას, არა მგონია, აინტერესებდეს. ეს ყველა ორგანზიაციაში ხდება და ამავე მიზეზით ”საერთაშორისო გამჭვირვალობიდან” ადრეც არაერთი ადამიანი წასულა სამსახურდან. რაც შეეხება ნინას მოსაზრებებს, არასოდეს არც მისი, არც ჩემი, არც ერეკლე ურუშაძის თუ სხვათა მოსაზრებები არ ყოფილა კერძო, პირადი მოსაზრებები და ისინი ყოველთვის ემთხვეოდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ოფიციალურ პოზიციას. ძალიან მიკვირს, რომ ამ ფაქტს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა.”

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

”გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით."

სხვადასხვა საკითხზე კატეგორიულ აზრთა სხვადასხვაობას ან მისი აზრის შეზღუდვის მცდელობის ფაქტებს ნინა ხატისკაციც უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა, რომელზეც ”საერთაშორისო გამჭვირვალობისგან” პასუხს მოითხოვს.