რატომ ებრძვიან და რისი სურვილი უათმაგდება მაკა ასათიანს

რატომ ებრძვიან და რისი სურვილი უათმაგდება მაკა ასათიანს

"მაესტრო" ყველა ოჯახში" - ასე ერქვა ტელეკომპანია "მაესტროს" პრომოაქციას, რომელიც ანტენების დაყადაღებით დამთავრდა. იდეა, რომ მოსახლეობისთვის სატელიტური თეფშები დაერიგებინათ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "გლობალ ტვ"-მ იმავე იდეის განხორციელება დაიწყო, მისი ანტენები დააყადაღეს და ამის შემდეგ "მაესტროს" პრომოაქციაც ჩაიშალა. ამ ფაქტს ინტერნეტსივრცეში "თეფშების რევოლუცია" უწოდეს. უფრო დაწვრილებით კი, რა მოხდა და რატომ არის სატელიტური თეფშები საბაჟოზე შეჩერებული, მამუკა ღლონტი გვიამბობს.

- ბატონო მამუკა, პირველად როდის გაჩნდა მოსახლეობისთვის ანტენების დარიგების იდეა?
- ეს იდეა მას შემდეგ ჩაისახა, რაც ტელეკომპანიისთვის ახალი შენობა შევიძინეთ და დიდი სტუდიები გავაკეთეთ. დამფუძნებლებს შორის დაისვა კითხვა, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუ არ ნახავს მოსახლეობა? დღეს "მაესტროს" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი და დიდი სატელევიზიო სტუდიები აქვს. ამაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ბუნებრივი პროცესია, რომ თუ ტელეკომპანიაში ექვს მილიონიან ინვესტიციას განახორციელებ და ის მხოლოდ საკაბელო ქსელით და თეფშების მეშვეობით ვრცელდება, რამდენიმე ათასი თეფში შემოიტანო და გაავრცელო.

- ეს იდეა თქვენ "მეცხრე არხზე" ადრე გაგიჩნდათ?
- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა ის, რომ "გლობალ ტვ"-მ თეფშების გავრცელება დაიწყო, მოგვეწონა, რადგან ამით თანხას დავზოგავდით. მათი დაყადაღების შემდეგ აქცია "მაესტრო" ყველა ოჯახში" დავიწყეთ. მით უმეტეს, რომ არჩევნები ახლოვდება და მაყურებელი დაინტერესებულია ჩვენნაირი ტელევიზიით. თანაც, 2015 წლიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავდივართ და ეს გახდებოდა აბონენტების მოგროვების წინაპირობაც.

- კი მაგრამ, "გლობალ ტვ"-სთვის შექმნილი პრობლემების შემდეგ, არ გიფიქრიათ, რომ თქვენც ანალოგიურად მოგექცეოდნენ?
- რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლება ასეთ უმსგავსობებზე წავა, ისეთი ობიექტური გადაცემებიც აღარ უნდა გავაკეთოთ, რომელიც მათ ბევრ დანაშაულში ამხელს. ამის გამოც შეიძლება ზიანი მოგვაყენონ, მაგრამ გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? ეგ არგუმენტი არ არის იმდენად მძლავრი, რომ უარი გვეთქვა გაფართოებაზე.

- რეალურად რამდენი ანტენა დაიდგა ამ აქციის ფარგლებში?
- არც ერთი ანტენა არ დაიდგა. ყველა მათგანი საბაჟოზე გაჩერდა.

- რა არის მათი არგუმენტი, რას გაბრალებენ?
- აბსურდული არგუმენტი აქვთ, დოკუმენტურად დაუსაბუთებელი. სასაცილო ბრალდებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მომავალში დანაშაული უნდა ჩაგვედინა. წარმოიდგინეთ, თქვენთან მოვიდნენ და დანები და ჩანგლები წაგართვან, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ვინმე მოკლათ. რაც მთავარია, სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია მსგავსი მუხლი, დანაშაულის ჩადენამდე ვინმე დასაჯო.

- რა დანაშუალი შეიძლება ჩაედინათ სატელიტურ თეფშებს, თუნდაც მომავალში. ალბათ ის, რომ შეიძლებოდა რომელიმე პოლიტიკოსს ხელისუფლების შეცვლაში დახმარებოდა?
- ხელისუფლება, ეუთოს მონიტორინგის შუალედური დასკვნის მიხედვით, ყველაზე დაბალანსებულ ქართულ ტელეკომპანიას აბრალებს, რომ კავშირი აქვს პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვითომ თვალთმაქცური გარიგება დავდეთ ბიძინა ივანიშვილთან და ამომრჩევლის მოსყიდვას ვაპირებდით. ვითომ ის ადამიანები, რომლებიც თეფშებს დააყენებდნენ, მოსახლეობას ეტყოდნენ, რადგან ჩვენი თეფში დაგიყენეთ, ხმა უნდა მისცეთ ბიძინა ივანიშვილსო. ამაში დაგვწვა ხელისუფლებამ, აქ "დაგვერხა" (იცინის).

- დღეს მოსახლეობას აღარ აქვს სატელიტური თეფშების შეძენის საშუალება, რადგან ლილოს ბაზრობაზეც დაკეტილია მათი სარეალიზაციო ჯიხურები...
- ეს მეორე ძალიან საინტერესო მომენტია. კარგი, "მაესტრო" დამნაშავეა და მომავალში დანაშაულის ჩადენას აპირებდა, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა რა დააშავეს, ისინიც ამაში არიან მხილებულნი? ლილოს ბაზრობაზე მეწარმეებს აუკრძალეს საბითუმოდ ვაჭრობა. თეფშს საერთოდ ვერ იშოვით და თუ ნახავთ, რომ ვინმე ყიდის, რამდენიც უნდა გადაუხადოთ, ერთ პიროვნებას ერთ ცალზე მეტს არ მიჰყიდის.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხალხი დადის და იმ ოჯახებს, სადაც თეფშები უყენიათ, უმოწმებენ, როდის დაიდგა...
- ეგ არ გამიგია, მაგრამ ლილოს ბაზრობაზე რაც გითხარით, ამის ფარული ჩანაწერებიც არსებობს. ისიც ვიცი, რომ ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია რაც "გლობალის" თეფში აქვს დაყენებული, სამჯერ თუ ოთხჯერ სახურავზე კაბელი გადაუჭრეს. დადიან და სადაც "გლობალის" თეფშია, კაბელს ჭრიან. არ ვიცი, ამას მასობრივი ხასიათი აქვს თუ არა, მაგრამ რამდენიმე ახლობლისგან ვიცი, რომ ასეთი პრობლემები შეექმნათ.

- და რაში ხედავთ გამოსავალს?
- პირველი და მთავარი ეს არის სამართლებრივი გზა. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ქართულ სასამართლოში ამოიწურება, ევროპის სასამართლოს მივმართავთ. აუცილებლად მოვიგებთ და ხელისუფლებას სარფიან ჯარიმასაც დავაკისრებთ. მეორე, ეს არის საპროტესტო აქციები, რომელშიც უკვე მედიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

- საპროტესტო აქციები ბოლო დროს ყველაზე ნაკლებად აშინებს ხელისუფლებას...
- ეგრე არ არის, ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთ განცხადებებში "მაესტროს" თემაც წამოსწიეს. ეს თემა წინა პლანზე წამოვა არჩევნების შეფასების დროსაც და არ მგონია, ხელისუფლებას მედიის შეზღუდვამ რაიმე სარგებელი მოუტანოს.

- ინტერნეტსივრცეში ამ ფაქტს უკვე უწოდეს "თეფშების რევოლუცია", როგორ ფიქრობთ, ამის გამო შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოვიდეს?
- თეფშების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ გაყალბებული არჩევნების გამო ალბათ გამოვა. ძალიან არ მინდა, ასე მოხდეს, მით უმეტეს, არ მინდა რევოლუცია. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მოძალადე ადამიანები, ვინც ახლა მედიაზე ძალადობს, მიმაჩნია, რომ რევოლუცია საქართველოს უკან დახევს. ეს ჩემზე, ჩემს შვილებზე, მეგობრებზე, ქვეყანაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამიტომ მინდა, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და დაე, გაიმარჯვოს იმან, ვინც რეალურად გაიმარჯვებს. ნაციონალებმაც რომ გაიმარჯვონ, თუ არჩვენები ნორმალურად ჩატარდება, მე მათი მილოცვის გარდა არაფერს გავაკეთებ, მაგრამ თუ არჩევნები გააყალბეს და ეს კიდევ შერჩათ, რა გამოდის - უკუნიდან უკუნისამდე იქნებიან. მიმაჩნია, რომ ყველა არჩევნები, გარდა პირველისა, ნაციონალურმა მოძრაობამ გააყალბა.

- ბატონო მამუკა, ამბობენ, რომ "მაესტროს" ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, თუმცა რეალურად მაკა ასათიანი ფლობს ტელევიზიის დიდ წილს...
- მაკა "მაესტროს" 25%-ის მფლობელია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წევრს, დავით დარჩიაშვილს უყვარს ასეთი გამოთქმა, დაველოდოთ გამოძიებას. მეორე გამოთქმა, რომელიც ასევე ნაციონალებს უყვართ, ეს არის: არ ვიცი, არ გამიგია, არ მინახავს. მოდით, ასე გიპასუხებთ, არ ვიცი, არ გამიგია, არ მინახავს - ეს ერთი და მეორე, თუ რამე ეჭვი არსებობს, დაიწყონ გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. დოკუმენტები მხოლოდ იმაზე მეტყველებენ, რომ მაკა ასათიანი აფინანსებს "მაესტროს".

- რის გამოც საქართველოში მოქმედ მის სხვა ბიზნესსაც შეექმნა პრობლემა...
- მაკა ასათიანს დააკისრეს მილიონამდე ჯარიმა, წაართვეს 40%-იანი წილი "მერსედესის ცენტრიდან", რაღაც აბსურდული საბაბით. ეს ადამიანი ძალიან ზარალდება იმის გამო, რომ მას აქვს ბიზნესი, რომელსაც ჰქვია ტელეკომპანია "მაესტროს" წილი.

- მაკა რას ამბობს თქვენთან პირად საუბრებში, პრობლემების გამო უკან დახევის სურვილი ხომ არ უჩნდება?
- ქართველებს ერთი კარგი თუ ცუდი თვისება გვაქვს. ყოველთვის, როცა მოგხვდება, უფრო ბრაზდები და წინ მიდიხარ, ზუსტად ეს ხდება მაკას შემთხვევაშიც. ყოველი ზეწოლის შემდეგ მაკას უათმაგდება სურვილი, კიდევ უფრო მეტად განავითაროს "მაესტრო". ამ მხრივ ყველაფერი ხუთიანზეა.

- არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება "მაესტროს" მაუწყებლობას შეექმნას საფრთხე ან ტელევიზია დააყადაღონ?
- მე შემიძლია ვისაუბრო კორიდაზე ხარი საით გაიქცევა, ან მესი როგორ მოატყუებს მეტოქეს, პენალტს რომელ მხარეს დაარტყამს ფეხბურთელი, მაგრამ ადამიანების ნაკრები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, აბსოლუტურად, ყოველგვარი თამაშის წესების გარეშე, არაპროგნოზირებადია.

- არაპროგნოზირებადი ხელისუფლება გვყავს?
- რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ, "მაესტროსთვის" თეფშები იგივეა, რაც ჟურნალ-გაზეთებისთვის ქაღალდი. თქვენ რომ ქაღალდი დაგიყადაღონ, ხომ ვერ დაბეჭდავთ ჟურნალს. "მაესტროსაც" იგივე გაუკეთეს, თან რაღაც აბსურდს გვაბრალებენ და გვეუბნებიან, დანაშაულის ჩადენას მომავალში აპირებდითო. თეფშები უფასოდ უნდა დაგერიგებინათო. უფასოდ როგორ დავარიგებდით, ჯერ ერთიც არ გამოგვიტანია საბაჟოდან. ახლა როგორ შეიძლება ამ ადამიანებზე გავაკეთო პროგნოზი, რას იზამენ.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ "ჟურნალისტებზე", რომლებიც ბოლო დროს, "ინფო 9"-ს ჟურნალისტებს დასდევენ და უცნაურ კითხვებს უსვამენ. თქვენი აზრით, ვინ არიან ეს ადამიანები?
- თუ ორგანიზაციულად იურიდიულ პირს ავიღებთ, "რუსთავი 2", "იმედი", პოლიცია, პროკურატურა, ეს ადამიანები, ზონდერები, ქალბატონი მოგელაძე, ერთად აღებულნი არიან ნაციონალური მოძრაობა. თუ პიროვნულად ფიზიკურ პირს ავიღებთ, ესენი ყველანი ერთად არიან - მიხეილ სააკაშვილები.

- ეს ჟურნალისტები ვინ არიან, ბატონო მამუკა?
- გითხარით უკვე, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილები. მას აქვს უნარი ნიღაბი გაიკეთოს და ხან იქ იყოს, ხან - აქ. იურიდიულად კი არიან ნაციონალური მოძრაობა.

- რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ასეთი სახით ჟურნალისტების გამოჩენა?
- ვერ გეტყვით, კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი ადამიანების ჯგუფი. მაგალითად, ნიკა რურუა, რომელიც საყვედურს ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, ოპერას დაფინანსება შეუწყვიტაო, ამ დროს ადამიანს ყველაფერი დაუყადაღეს, ამავე დროს გოგი გვახარიაზე ამბობს, რომ "აბიჟნიკიაო". ამის შემდეგ როგორ შეიძლება რამეზე ვისაუბროთ. ჩემი აზრით, ესენი უკვე ფაშიზმში გადავიდნენ. პირობითად ვამბობ, დავუშვათ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ვიეტნამთან ან ამერიკასთან შეერთება უნდა და ეს იდეა არ მოსწონს ხელისუფლებას, მზად არის, ეს 99% ამოხოცოს, დაპატიმროს, ან საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსოს. საშუალება რომ ჰქონდეთ, გააკეთებდნენ. მიაჩნიათ, რომ მხოლოდ თვითონ არიან მართლები და არაფრით არ შეიძლება რამე შეეშალოთ.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ივანიშვილი, როგორც თქვენ უწოდეთ, ფაშისტური რეჟიმის დამარცხებას, თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე?
- ბიძინა თუ არ შეძლებს, მაშინ სხვა გააკეთებს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ეს როდის მოხდება და რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ამ რეჟიმის ნგრევას. უზარმაზარი იმპერიები დაინგრა და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც პატრულს ბენზინს ვეღარ უსხამს, პენსიებს ვეღარ არიგებს, გზებს ვეღარ აგებს, რადგან ფინანსები აღარ აქვთ, დიდხანს როგორ იქნება? არ ვიცი, რომც გაიმარჯვონ, რას აპირებენ, რით უნდა მართონ ქვეყანა.

- ქალაქში პატრულის მანქანების შემცირებაზე გაჩნდა ჭორი, რომ ხელისუფლებას არ უნდა წინასაარჩევნოდ ხალხი ზედმეტად გააღიზიანოს...
- კარგი, მაშინ გზებზე რატომ დგანან. თან პატრულს თუ ამხელა ნდობა აქვს, როგორ შეიძლება ხალხი გააღიზიანოს? თუ პატრული პოპულარულია და მომწონს, მაშინ მიხარია, რომ ვხედავ, დაცული ვარ. ხშირად დავდივარ თბილისიდან დასავლეთ საქართველოში. ან გზაზე დგანან, რომ ბენზინი არ დაწვან, ან ნელა მოძრაობენ, რომ ხალხის ყურადღება მიიქციონ. უკვე დაიწყეს გზებზე "ლატკების" დადება, რასაც შევარდნაძე აკეთებდა, იმიტომ, რომ გამოხრული აქვთ ყველაფერი.

- ივანიშვილი რომ აღარ აფინანსებთ, ამიტომ გაუჭირდა ხელისუფლებას?
- მარტო ამის გამო არა, იმ წლების გამო, როდესაც ფულს ხრავდნენ. მათი ბინები, სახლები, მანქანები ხომ ცნობილია. რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მას მერე ფულს ჭამენ.

- რას იტყვით ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც "მაესტროს" ეთერში გავიდა. რა გაიგეთ ახალი პრემიერ-მინისტრისგან, გარდა იმისა, რომ საკმაოდ დადებითად მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი...
- მე ვფიქრობ, რომ მერაბიშვილის საქმე ძალიან ცუდად არის. ის კი არ დააწინაურეს, არამედ ხელისუფლების გარეშე დატოვეს. პრემიერ-მინისტრი საქართველოში მარიონეტია და მას რეალურად არც ერთი მინისტრი არ ემორჩილება. თანაც, ისევ სააკაშვილი ჩანს პირველ პლანზე, ისევ მიშა დადის და რატომ იკლავს თავს, მერაბიშვილი ხომ დანიშნა პრემიერად?!. რაც შეეხება მის თავშეკავებას ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ეს დადებითი მომენტია, რაღაც ადამიანური აქვს შერჩენილი, რასაც ვერ გადააბიჯა. "მაესტროში" სტუმრობას კი სწორედ იმას ვუკავშირებ, ცდილობს, არ დაწვას ხიდები, რომელიც მას შეიძლება საინფორმაციო წყაროსთან დასჭირდეს.