მღვდელი და პოლიტიკა - წინასაარჩევნო საკვირაო ქადაგებები

მღვდელი და პოლიტიკა - წინასაარჩევნო საკვირაო ქადაგებები

ნიშნავს თუ არა მღვდლების მხრიდან, საკვირაო ქადაგებებზე პოლიტიკური მოწოდებების გაკეთება სინოდის გადაწყვეტილების წინაამღდეგ წასვლას? რა შეიძლება გამოიწვიოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირებამ და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ქადაგებებმა? ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები ქადაგებისას პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და მრევლს პირდაპირ მოუწოდებენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ. ეს ყველაფერი საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება.

"სინოდის დადგენილება ამბობს შემდეგს: ჩვენ საჯაროდ არ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც შესაძლოა გახდეს დაპირისპირების მიზეზი. ამის თანახმად, მოძღვარმა არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური მოწოდებები.

"მაგრამ მღვდლებიც არიან ჩვეულებრივი პიროვნებები, საქართველოს მოქალაქეები და მათაც აინტერესებთ ქვეყნის ბედი. შესაბამისად, მათ, როგორც ამომრჩევლებს, აქვთ თავიანთი სიმპატიები კონკრეტული პარტიების მიმართ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი.

ამის მიუხედავად, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება.

ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს პირდაპირ მოუწოდა კოალიცია "ქართული ოცნებისათვის" დაეჭირათ მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტაძარში არშეშვებით დაემუქრა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ექსპრესნიუსი" ავრცელებს.

"რეზონანსი" ამ ფაქტის შემსწრე ერთ-ერთ ქალბატონს დაუკავშირდა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მაგრამ წარმოშობით ქარელიდანაა და კვირას აღნიშნულ ქადაგებას ესწრებოდა.

"შვილო, მე ღვთისმოშიში ვარ და არ მინდა საერთოდ რაიმე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ამ ზაფხულს ჩამოვედი აქ და, შესაბამისად, აქაურ ეკლესიაში ვესწრები წირვებს.

გაოგნებული ვარ. მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა. იმედი მაქვს ამით ღვთის წინაშე ცოდვას არ ჩავდივარ, მაგრამ არასწორია, როცა საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებაზე პოლიტიკურ მოწოდებებს ისმენ", - უთხრა "რეზონანსს" ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლის წევრმა ინგა ქამუშაძემ.

ქარელის შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე მსგავსი განცხადება, ოღონდ სულ სხვა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, შავნაბადას მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა შიო გაბრიჭიძემ გააკეთა.

"ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არ ვნახო აქ შემოსული. მე არანაირი ეშმაკები აღარ ვნახო მომავალ წირვაზე. ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი, არის ეშმაკი", - განაცხადა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაზე მონასტრის წინამძღვარმა.

პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ შავნაბადას შემთხვევა ადრე მოხდა და მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

"ზოგიერთი მღვდელი თუ მღვდელმთავარი, ვიდრე სასულიერო პირს ეკადრება, იმაზე მეტად არის განწყობილი ხელისუფლების საამებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასულიერო პირს შეიძლება ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა, მისი განცხადებების გამო არ უნდა მოხდეს მრევლის დაყოფა.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მღვდლის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს არი ეკლესიის პოზიცია", - განმარტავს "რეზონანსთან" საუბრისას მამა მიქაელი.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არქიმანდრიტმა შიომ მიიღო გაფრთხილება. თუ რას მოიმოქმედებს საპატრიარქო იგივე ფაქტების განმეორების გამო, მამა მიქაელისთვის უცნობია.

"მე მღვდელმსახურებას ვერავის ვერ დავუშლი და ავუკრძალავ. მღვდლების მხრიდან მსგავსმა საქციელებმა სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნამდვილად ვერ გიპასუხებთ ამაზე. ეს სინოდის კონპეტენციაში შედის და მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვარ ინფორმირებული, თუ აქვთ მათ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული", - უთხრა "რეზონანსს" მამა მიქაელმა.

მისი თქმით, მას ქარელში მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს და შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გააკეთებს.

"სინოდის დადგენილების წინაამღდეგ წასვლა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ განცხადებებს და მოწოდებებს გააკეთებენ, მაგრამ თუ როგორც რიგირთი ადამიანები, ისე გაეცნობიან საარჩევვნო პროგრამას, ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ.

"არ მსმენია, რომ რომელიმე მღვდელს თავისი კათედრა პოლიტიკური მოწოდებებისთვის ან განცხადებებისთვის გამოეყენებინოს, მან შეიძლება უბრალოდ შეაფასოს მიმდინარე მოვლენები", - უთხრა "რეზონანსს" პატრიარქის მდივანმა.

"საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის აღმშენებლობაში, თუმცა ოფიციალურად, რელიგია პოლიტიკისგან გამოყოფილია. ამის მიუხედავად ჩართულობა მაინც არსებობს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს საზოგადოებას ოდითგანვე მოსდევს სამღვდელოების მიმართ ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ნდობა, არ შეიძლება მოძღვრის მიერ კეთდებოდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მოწოდებები. დაუშვებელია ასეთი მწვავე პოლიტიკური ვითარებისას სამღვდელოება იმის ნაცვლად, რომ მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებდებს, პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდეს. ამან შესაძლოა უფრო დაუპირისპიროს საზოგადოების წევრები ერთამენეთს.

"ასევე მარტივი შესაძლებელია, რომ მოძღვრის მიერ გაკეთებულმა მოწოდებამ მხარი დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას", მრევლში აგრესია გამოიწვიოს და შესაბამისად განაწყოს ამ პოლიტიკური ძალის მიმართ; მაგრამ დასაშვებია მერყევი და ნეიტრალური ადამიანების შემთხვევაში გავლენა მოახდინოს მათ შეხედულებაზე. იგივე შემიძლია ვთქვა მოძღვრებზე, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ თავის მრევლს.

"სამწუხაროა, რომ ეკლესიაში არიან ანაფორას ამოფარებული პირები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკურ მოწოდებებს და ამით, იგივე ტოლერანტობას, რასაც გამუდმებით გვიყიჟინებენ, თვითონვე უარყოფენ.

"საბედნიეროდ ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომელსაც, "ენდიაის" კვლევების თანახმად, საზოგადოების 92% უჭერს მხარს, და რომელიც მოგვიწოდებს, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ დავუშვათ დაპირისპირება. მიმაჩნია, რომ საზოგადოება ამ შემთხვევაში მხოლოდ პატრიარქის მოწოდებას უნდა დაემორჩილოს", - ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი.