კარალეთში მომხდარმა სკანდალურმა დაპირისპირებამ აქტუალურობა გასულ კვირასაც არ დაკარგა. მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ "ქართული ოცნების" წევრებს სოფლის შესასვლელში ჩხუბით ჯერ ჯოხიანი მამაკაცი შეეგებათ და შემდეგ უამრავი ადამიანი შეგროვდა. სწორედ მაშინ მოხდა კახი კალაძესა და კარალეთის გამგეობის წევრ გიორგი გოჩაშვილს შორის შელაპარაკება. გოჩაშვილმა კახის გარდაცვლილი ძმის ტრაგედია შეახსენა და მასში ბრალი დასდო, რასაც ყოფილი ფეხბურთელის მხრიდან შეგინება მოჰყვა.
ეს ინციდენტი საბოლოოდ სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. დაშავდნენ ჟურნალისტებიც, მათ შორის რამდენიმე საავადმყოფოშიც მოხვდა. კარალეთში კახისთან ერთად მსახიობი ბესო ზანგურიც იმყოფებოდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარტიაში არ გაწევრიანებულა, მაგრამ "ქართული ოცნების" აქციებს ესწრება და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. ბესოსთან საუბარი პოლიტიკური შეხედულებებით დავიწყეთ. როგორც თვითმხილველი, საინტერესო დეტალებსაც მოგვიყვა კარალეთის ინციდენტზე.
- ბესო, საუბარი "ქართულ ოცნებაში" თქვენი სტატუსით დავიწყოთ...
- პარტიაში არ გავწევრიანებულვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვარ და იმ სიმართლის გვერდზე ვდგავარ, რასაც "ქართული ოცნება" ემსახურება. სულით ხორცამდე მათი მხარდამჭერი ვარ და ყველგან წავალ, სადაც ისინი იქნებიან. ასეთ მაგარ და ჭეშმარიტ საქმეს ქვეყანაში არსებული დიქტატურის და ძალადობის დროს ბევრი ვერ აკეთებს.
- ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?
- დიახ, ყველაფერი ამ ადამიანისგან წამოვიდა. თხუთმეტი წელი არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებით. უამრავი ტაძარი ააშენა, მიხედა ეკონომიკას, კულტურას, გაჭირვებულ ადამიანებს.
- ის მსახიობებსაც გეხმარებოდათ...
- დიახ, ის დღესაც ეხმარება მსახიობებს. სახელმწიფო რაზეც დგას, რელიგია, ეკონომიკა, ჯარი, პოლიცია, კულტურა, ყველა სფეროს უანგაროდ დაეხმარა. დიახ, მინდა, ჩემი პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც პატივს სცემს პატრიარქს, ჯარს, პოლიციას, დაეხმარება უბრალო ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია მუშაობა.
- ამ შემთხვევაში ფინანსური მხარე გაქვთ მხედველობაში?
- ფინანსური მხარე ბენდუქიძესაც აქვს და კიდევ ბევრი ბიზნესმენი ვიცი, მაგრამ ამასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს აღმოაჩნდა უდიდესი სულიერება და ქვეყნის სიყვარული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- წეღან ახსენეთ პატრიარქის პატივისცემა, დღევანდელი ხელისუფლება პატრიარქს არ სცემს პატივს?
- როცა ქალაქის მერი საკუთხეველში შერბის და თავს უფლებას აძლევს პატრიარქს დაუყვიროს, ამ შემთხვევაში ერმა უნდა ამოიღოს ხმა. ნერვები მეშლება, ხალხი იმ დონემდე გაზულუქდა, რომ ელოდება, როდის მოუწოდებს პატრიარქი ძალადობისკენ. ამას პატრიარქი არასოდეს გააკეთებს. ქართველ ერს ერთმანეთში აერია რელიგია და ძალაუფლება. ღმერთის მადლით, დღეს ცოცხლად შობილი ხორციელი წმინდანი გვყავს პატრიარქის სახით.
- ბესო, მსახიობების ხელფასები ახსენეთ, რომელსაც ივანიშვილი მათ დღემდე უხდის, თუმცა დღეს სამსახიობო წრეც ორად დაიყო - ოპოზიციის და მთავრობის მხარდამჭერებად. რამდენად ამართლებთ მათ საქციელს, ვინც რეალურად ივანიშვილს უპირისპირდება, მაგრამ მისგან დახმარებას იღებდა...
- არ მინდა, კოლეგებს გადავწვდე... ბრეხტი ამბობდა, რომ თეატრი არის ყველაზე პოლიტიკური ადგილი, სადაც სულ ბრძოლაში უნდა იყო ხელისუფლებასთან. ადრე მეფეებს მასხარები ჰყავდათ, რომლებიც ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდნენ და მეფე ამაზე იცინოდა. ეს არის თეატრი... არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ივანიშვილის გზა სწორია და არიან ადამიანები, რომლებმაც ეს იციან, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, ვერ ამბობენ. ამის გამო ვერ გავამტყუნებ. დღეს საქართველოში 1937 წელი დგას, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ჰყავს პრობაციონერი, პატიმარი, ან ბიზნესი აქვთ და დამოკიდებული არიან ამ მთავრობაზე.
ხელისუფლების სათავეში სხედან ადამიანები, რომლებიც სისხლით მოვიდნენ. ბაჩო ახალია, ვანო მერაბიშვილი, თუნდაც მისი მეუღლე. მე მინდა ყველგან ვახსენო სანდრო გირგვლიანის ტრაგედია, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა. ვიცი, რომ თითოეული ზონდერის ნიღბის ქვეშ ერთი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანი დგას, რომელსაც ხელის დარტყმის მეტი არაფერი შეუძლია. მე ხელის შებრუნება შემიძლია, მაგრამ მერე თუ ათი ერთად დამესევა და მომკლავს, არც ეგ არის პრობლემა, ორი ბიჭი მეზრდება და ისინი გასცემენ პასუხს. მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც მათი ეშინიათ, უბრალოდ ვეტყვი, რომ მალე ძალიან შერცხვებათ შვილების წინაშე თავიანთი ცხოვრების გამო.
- თქვენ რისკავთ?
- ყველა თავისი საქმისთვის უნდა ცოცხლობდეს. მე მსახიობი ვარ და ამ ხელისუფლებამ მოკლა ყველაზე მაგარი რამ, რაც ჩემში არსებობდა, ეს არის რუსთაველის თეატრი. რობერტ სტურუა გააგდეს და რუსთაველის თეატრი საქორწინო და საკონცერტო დარბაზად გადააქციეს. არც ერთის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რუსთაველის თეატრი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო და როდესაც მას შეეხნენ, მე უკვე ყველაფერზე წავალ, ოღონდ არა უგუნურად, ბოროტად, არამედ ნიჭიერად. ამ მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უნიჭოები არიან, ყველაფერს უნიჭოდ აკეთებენ და არ გამოსდით.
- რატომ, ხშირად პირიქით გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიჭიერი რეჟისორია.
- სააკაშვილი ნიჭიერად ისმენს მითითებებს საკუთარი გარემოცვისგან. ეს ადამიანი არასოდეს აგებს პასუხს და არც სთხოვენ. თუ დააკვირდებით, ყოველთვის ანეკდოტურ სიტუაციებში იხსენებენ, ან ყურცქვიტას ეძახიან, ან მიშკას, მაგრამ გაიხსენეთ, მისი გარემოცვის მიმართ როგორი აგრესიაა, ახალაია, მერაბიშვილი... ესეც მისი ერთგვარი პოლიტიკაა. ადამიანი, როგორც პიროვნება, ვერ შედგა.
- ის ხომ პრეზიდენტია...
- პრეზიდენტი მეც ვიყავი რობერტ სტურუას სპექტაკლში, მაგრამ ეგ თამაშობს ახალციხელი ვანო მერაბიშვილის სპექტაკლში.
- თქვენი სპექტაკლი სტურუამ დადგა და სააკაშვილის სპექტაკლს მერაბიშვილი დგამს?
- მისი გარემოცვა, ვანო, ბაჩო, სულ ეგეთი ტიპები უდგას გვერდით... გადახედეთ ნაციონალებს, უბედურია ის ქვეყანა, სადაც ქალი ბედნიერი არ არის - თქვა ბრეხტმა. იმ დღეს "ქართულ ოცნებასთან" ერთად ვიყავი ნიქოზში. ერთ ქალს ვეუბნები, როგორ ხართ, რამე ხომ არ გჭირდებათ-მეთქი. - არა, ძალიან კარგად ვარო, - დამიყვირა. ღმერთმა სულ მასე გამყოფოთ-მეთქი და, რატომ იწყევლებიო. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ცოტა მეგოიმება, 19 წლის გოგონა რომ უკვე მანდატურია. წადი რა, ბიჭს შეხვდი, ან რამე სხვა პროფესია აირჩიე.
- ალბათ თაყვანისმცემლებსაც ხვდებიან, სამსახურის შემდეგ...
- ცოტა უცნაურია, 19 წლის გოგო რომ მანდატურია და თავისზე სამი წლით პატარა ბიჭებს ლექციებს უკითხავს, როგორ არ უნდა დაარღვიოს წესრიგი. იცით, რა ჩამოყალიბდა ერში? - ძალიან დაგოიმდნენ, ერი გაგვიბანძდა თვალსა და ხელს შუა. მე არ ვარ ერის მამა და ილია მართალი, მაგრამ ვიცი, ვინ იყო ილია ჭავჭავაძე.
- ბესო, კარალეთის ინციდენტზე ვისაუბროთ, სადაც კახი კალაძეს ახლდით. შეგიძლიათ ამის შესახებ მოგვიყვეთ?
- დიახ, თავიდან სოფელ ვერხვებში ავედით, სადაც ეკლესიაა და ომში გარდაცვლილი ძმები რომელაშვილების მემორიალი მოვინახულეთ, სანთლები დავანთეთ. იქ პატარა ინციდენტი მოხდა და იქიდანვე გადარეკეს ამ ზონდერებმა. მაგრამ ვერხვებში მათი შეურაცხყოფა გავატარეთ, თუ გინებაზე არ გადადიოდნენ, არც ვპასუხობდით, ხელის შეხების უფლება არც გვაქვს. შემდეგ ქვევით ჩამოვედით, კარალეთში უნდა შეგვევლო და სოფლის დასაწყისში ჯოხიანი კაცი გამოვარდა, რომელსაც ამ ჯოხზე ლურსმნები ჰქონდა გაყრილი. ჟურნალისტ გოგონას, რომელიც ამას იღებდა, ვიღაც ქალმა სახეში დაარტყა. ჯერ ხელით სცემეს ჟურნალისტები, მე ამ დროს ვაშველებდი.
მერე ვთქვით, რომ დასახლებაში გაგვევლო. ამ დროს ის გიორგი გოჩაშვილი მოვიდა, რომელიც კახის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა იცნო და უთხრა, მე და შენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს და გაჩერდიო. გოჩაშვილმა დაცვის წევრს ხელი დაარტყა და ყურსასმენი ჩამოახია. დაცვა მაინც არ გატოკდა. მერე ცოტა წინ წავედით და ვერაფრით აგვიყოლია, კახის წინ დაუდგა და უთხრა, არ მინდა, რაღაც ისეთი გითხრა, სტუმრად ხარო, კახიმ, მითხარი რა ხდება, აქ ყველა რაღაცას ამბობსო. უცებ ეუბნება, შენ ის კაცი არ ხარ, ძმა რომ მოაკვლევინე და ფული არ გადაიხადეო... დედას გეფიცებით, ახლაც ვაცხადებ, რომ ვერ მივწვდი, თორემ დღეს მეც 15-დღიან პატიმრობაში ვიქნებოდი. ამის შემდეგ დაიწყო... ქალები, კაცები, მოგვდევდნენ და პირდაპირ სახეში გვესროდნენ ქვებს.
- ეს ქვები წინასწარ ჰქონდათ მომზადებული?
- არა, ეს უბედურები ქვებში ცხოვრობენ, თაკარა მზეში, პატარა გეტოებში, მაგრამ იქ იყო ბევრი ადამიანი, რომლებიც ტიროდნენ და არ ერეოდნენ კონფლიქტში. რამდენიმემ ცივი წყალიც მოგვაწოდა, მაგრამ ისინი გზამდე გამოგვყვნენ. როგორც 26 მაისს მოხდა, ბოლომდე რომ ჩაქოლეს ადამიანები.
- ბესო, ხაშურის რაიონში მომხდარ კონფლიქტშიც ხომ არ მოჰყევი, როცა გოგა ხაჩიძის ოჯახის წევრებსა და იქ ჩასულ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა?
- არ მინდა მაგ ადამიანზე ლაპარაკი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ და მათზე არ ვისაუბრებ. არავინ არ არის გოგა ხაჩიძე, რომ მისი დის ან მამის კონფლიქტს ხაზი გავუსვა, ასევეა თამარა ჩერგოლეიშვილი.
- როგორც ვიცი, რობერტ სტურუა თბილისში დაბრუნდა...
- დიახ, ჩამოვიდა. მოსკოვში სპექტაკლი დადგა, რომელშიც უკვე გრანპრი აიღო. სადღაც წავიკითხე, ხათუნა ოჩიაური ამბობდა, შემოქმედებითი კრიზისი აქვსო, სტურუაზე რომ ამას იტყვის და მით უმეტეს, ხათუნა ოჩიაური.
- მართალია, რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მმართველის პოსტიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ოფიციალურად თეატრში ხომ მაინც დარჩება რეჟისორად?
- არა, ნუ გერევათ, რობერტ სტურუა გააგდეს. ეს იმიტომ თქვეს, რომ გაეჩერებინათ "ვითომ" აღელვებული რამდენიმე მსახიობი. მთელ დასს არ ვგულისხმობ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი.
- ახლა ხდება რაიმე საინტერესო რუსთაველის თეატრში?
- არაფერიც არ ხდება, სატანიადა ზეიმობს, უნიჭოების დოღი. არაფერი არ ხდება ფასეული.
- სტურუას გაშვების შემდეგ დაგაკავათ ვინმემ ახალ სპექტაკლში, ან თუ გაქვთ რაიმე შეთავაზება, ხომ არ იბლოკება ბესო ზანგური?
- ბატონმა რობერტმა მთელი ცხრა წელი ისე გამზარდა, სულ მზად ვიყავი, რომ ოდესმე ასეთი რთული პერიოდის გადატანა მომიწევდა და მომზადებული შევხვდი.
- თქვენს პროტესტს თუ გავიხსენებთ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომზადებული იყავით...
- დიახ, ჯერ არ გადამიტანია და სანამ ჩემსას არ მივაღწევ, არ გავჩერდები. საერთოდ ვიტყვი ჩემს პროფესიაზე უარს...
- რუსეთის ერთ-ერთი თეატრიდან შეთავაზება გქონდათ, მაგრამ უარი თქვით წასვლაზე. რატომ, აქ დაგრჩათ ბრძოლა მოსაგები?
- თეატრი მსახიობისთვის ოჯახია. როცა კაცი ოჯახს ტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ სამი ცოლი მყავდა, ცოტა კარგად, ღირსეულად, სუფთად უნდა დატოვო. მე არ დავტოვებ რუსთაველის თეატრს მანამდე, სანამ ისეთი არ იქნება, როგორმაც მე მან მიმიღო.
- ხომ არ უშლის ერთმანეთს ხელს თქვენი სამსახიობო და პოლიტიკური ცხოვრება?
- მე არ ვარ პოლიტიკურად აღგზნებული ადამიანი, უბრალოდ, რეალობას ვერ გავურბივარ. პოლიტიკა არ მაინტერესებს. პირდაპირ ვხედავ ყველაფერს, იმან ის მოკლა, დაიჭირა. საქართველო პოლიტიკურად აგზნებულმა ადამიანებმა და მით უმეტეს, ასეთმა ქალებმა დაღუპეს. ეს ზვიადის დროიდან დაიწყო, ისე აღეგზნო და გაღიზიანდა ერი სიყვარულით, რომ სხვა რამეებში გადავიდნენ.
- რომელიმე პარტიიდან შეთავაზება არ გქონიათ?
- დიახ, ყველა პარტიიდან, "ნაციონალური მოძრაობიდანაც". წარმოიდგინეთ, რა მაგარი მასალა ვიქნებოდი. მე რომ ახლა ნაციონალი ვიყო, რა ვიქნებოდი?
- კარგი დემაგოგი იქნებოდით...
- სერიოზული (იღიმება). მადლობა მითხრან მიშა თავხელიძემ და გიგა ნასარიძემ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არ წავედი, თორემ მაგათ სახელს არავინ ახსენებდა.
- ბოლო დროს მოდური გახდა ცნობილი ადამიანების მაჟორიტარებად წარდგენა. დარწმუნებული ხართ, რომ შემოდგომამდე რომელიმე რაიონის მაჟორიტარად არ დაგასახელებენ?
- თუ დამასახელებენ, დიდ მადლობას ვეტყვი, მინდა ეს პირდაპირ განვაცხადო. ერს მინდა მივმართო, შეხედონ, სად დგას ის ხალხი, ვინც საქართველოში ელიტად ითვლება.
- მათ სახელისუფლები ფრთა ჩარეცხილ ინტელიგენციას უწოდებს, თუმცა თქვენ ჩასარეცხად ჯერ ასაკი არ გიწყობთ ხელს...
- ამაზე მეტად რაღა უნდა ჩამრეცხონ, სტურუა გააგდეს რუსთაველის თეატრიდან, სპექტაკლები აღარ იდგმება. შემოდგომაზე აუცილებლად გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი გახდება.
- ბატონი ბიძინა პირადად ხომ არ გაიცანით?
- ამ თემაზე არ მსურს საუბარი.