შაშკინის სამი "ტოტალური" პრინციპი. ქართველი მეომრის "შეხვედრა" თალიბებთან. მოსკოვი გუდაუთის საოკუპაციო ბაზას აძლიერებს
"თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დიმიტრი შაშკინმა შესაშური სიჩქარით სიახლეები შესთავაზა შეიარაღებულ ძალებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იწყება მუშაობა ახალ კონცეფციაზე, რომელიც 3Т-ს პრინციპზე იქნება აგებული. პირველი გახლავთ "ტოტალური ზრუნვა" (Total Care), რომელიც თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე სახელმწიფოს ზრუნვასა და სამხედროებისთვის სხვადასხვა სოციალური დახმარების შეთავაზებას გულისხმობს. მეორე პრინციპი "ტოტალური ტრენინგი" (Total Training) გახდება, რომელიც ჯარის გაწვრთნასა და მომზადებას ითვალისწინებს, რათა არმია უკეთესად იყოს მომზადებული NATO-ში ინტეგრაციისთვის. "ტოტალური თავდაცვა" (Total Defence) ახალი კონცეფციის მესამე პრინციპია, რომელიც რეზერვის არსებობასა და გაძლიერებას მოიცავს, რამაც თავის მხრივ უნდა გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დონე. სიტყვით, რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ ჟღერს და ახალი თავდაცვის მინისტრის ინიციატივა რაღაცნაირად ემსგავსება კიდეც ხელისუფლების მორიგ პიარკამპანიას - "უფრო მეტი სარგებელი ხალხს". თუმცა, როგორ იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული, ბევრ კითხვას აჩენს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (20 ივლისი - 2 აგვისტო, 2012) სტატიაში სათაურით სამი "ტოტალური" პრინციპი შაშკინისგან / "თავდაცვის ახალი მინისტრი ახალი კონცეფციის მომზადებას იწყებს, ხოლო არმია ახალ სლოგანს ირჩევს - "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ".
"მაგალითად, "სამი "ტოტალის" პირველ პრინციპში - "ტოტალური ზრუნვა" არაფერია ნათქვამი ვეტერანებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზე, არადა, რამდენიმე დღის წინ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, რომელიც მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში იყო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს გადაეცა. ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო სახელმწიფო შეღავათები - მინიმალური... გარდა ახალი კონცეფციის მზადების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გავრცელებისა, თავდაცვის მინისტრმა ქართულ არმიას ახალი სლოგანიც - "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთი ადამიანს არ მივატოვებთ" - შესთავაზა. ამ სლოგანმა საზოგადოების ნაწილში გააჩინა ერთგვარი პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომთან, როდესაც ბრძოლის ველზე არაერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი მიატოვეს, რომელთა გადმოსვენება მხოლოდ ერთი-ორი კვირის შემდეგ მოხერხდა და ისიც საქართველოს სამღვდელოებისა და პირადად უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის თაოსნობით. ახალი სლოგანი მისაღებია და აუცილებელიც, ოღონდ ის მაშინ შეიძენს აზრს, როცა ცხოვრებაში განხორციელდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართველი მეომარი ჰილმენდის პროვინციაში თალიბების თავდასხმაში მოჰყვა. საბედნიეროდ, გადარჩა, თუმცა მძიმე კონტუზია მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში ყურთასმენა დაქვეითებული ჰქონდა. მაშინ იმავე კოლონაში მყოფი სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ერთ-ერთი ქართველ მეომარს ხელებში ჩააკვდა", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით ქართველი მეომრის "შეხვედრა" თალიბებთან.
"მაინტერესებდა, რა ხდებოდა ავღანეთში, რომ იქიდან ჩამოსულებიდან უკან დაბრუნებაზე ძალიან ცოტა მეომარი ფიქრობდა. 22 წლის ვიყავი მაშინ და ბევრი რამ სხვანაირად, უფრო სწორად, ბავშვურად მესმოდა... ჰილმენდის გარდა, ნიმრუზისა და ყანდაარის პროვინციები ყველაზე საშიშად ითვლება. სამივე პროვინცია, მათ შორის ჰილმენდიც, ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს და პაკისტანს ესაზღვრება. ამასთან, ნიმრუზი და ყანდაარი ჰილმენდის მეზობლად მდებარეობს და ყველა იმ გზისა და საცალფეხო ბილიკის გაკონტროლება გვიწევდა, საიდანაც თალიბებს ნარკოტიკი გაჰქონდათ და იარაღი შემოჰქონდათ. სამივე რეგიონი ერთმანეთთან საცალფეხო ბილიკებით არის დაკავშირებული. თალიბებისთვის არ არსებობს უგზოობის პრობლემა. მთაგორიან ადგილებშიც ღამეც კი თავისუფლად დადიან. განსაკუთრებით საშიშნი მაშინ არიან, როცა პაკისტანიდან ნარკოტიკზე გადაცვლილი იარაღი შემოაქვთ. გზადაგზა იარაღს სინჯავენ და მათთვის ამ დროს კოალიციის ჯარისკაცებთან "შეხვედრა" პირდაპირ მისწრებაა", - იხსენებს 26 წლის ირაკლი.
"ერთ-ერთი ასეთი ორგანიზებული ჯგუფის განეიტრალების დავალება მივიღეთ... მთვარის შუქზე ჯერ ერთი ლანდი შევნიშნეთ, შემდეგ მეორე და მივხვდი, რომ რამდენიმე ათეულ თალიბთან მოგვიწევდა შეტაკება. ზურგზე ყველას რაღაც ტვირთი ჰქონდა აკიდებული. ჯერ ამერიკელები გადავიდნენ იერიშზე. იქიდან საპასუხო ცეცხლი სულ რამდენიმე წამში გაგვიხსნეს. მაშინ მივხვდი, რამდენად პროფესიონალურად იყვნენ მომზადებული ამერიკელი სამხედროები და შემშურდა. აუცდენლად ისროდნენ. ეტყობოდათ, რომ კარგი ფსიქოლოგიური მომზადებაც ჰქონდათ გავლილი. ამ მხრივ ჩვენც გავიარეთ წვრთნა, მაგრამ ამერიკელებმა მართლაც მასტერკლასი აჩვენეს. თუმცა მაინც გაგვიჭირდა და საჰაერო მხარდაჭერა მოვითხოვეთ", - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი და განაგრძობს:
"ქართველი ბიჭებისგან მსმენია, რომ ავღანელები ძლიერი მეომრები არიან, მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე, ვერ დავეთანხმები, - ძირითადად ხელის ყუმბარსატყორცნები ჰქონდათ და ისე დაბნეულად ისროდნენ, თავისიანებსაც არ ინდობდნენ. მაშინ ვნახე, როგორ გამოჭრა ყელი ხელ-ფეხში დაჭრილს მისიანმა, შემდეგ იქაურობა მოათვალიერა და თავი აიფეთქა. ამერიკელებისთვის ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა, ტყვედ თითქმის არასდროს ბარდებიანო, მითხრეს... ბაზაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებით მივხვდით, რომ თალიბების ნაწილმა თავს უშველა".
"რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკელი სამხედრო ნაღმზე აფეთქდა... მინდოდა, მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება აღმომეჩინა, მაგრამ დამიძახა, საქმეს მიხედე, ემოციას ნუ აჰყვებიო. როგორც კი მეორე მანქანა მოვიდა, დაჭრილს მივვარდი, მძიმედ სუნთქავდა, ერთი კი გამიღიმა, კარგი ბიჭი ხარო და სული დალია... ის სურათი მედგა თვალწინ. ბრძოლის დროს იმ ამერიკელმა მითხრა, მე მანქანისკენ წავალ და შენ დამაზღვიეო... ხომ შეიძლებოდა, იგივე მე გამეკეთებინა და კიდევ ერთი გმირულად დაღუპული ესტუმრებოდა პატარა საქართველოს. არ მიმაჩნია, რომ სამშვიდობო მისიაში ჩვენი წვლილი არ უნდა შევიტანოთ, მაგრამ მაინც არის შეკითხვები, რომლის დასმაც, ალბათ, უფრო სამხედრო ექსპერტების პრეროგატივაა", - ამბობს ავღანეთში ნაბრძოლი ქართველი მეომარი და შეკითხვას - "მაინც რა კითხვას დასვამდით?" - პასუხობს:
"იქ არაერთი ჩემი ტოლი და ჩემზე პატარა ასაკის ქართველი მეომარი ვნახე. ცხადია, მათი სამხედრო მოტივაცია სხვანაირია. ჰილმენდის პროვინცია ერთ-ერთი საშიშია და, ალბათ, ჯობს, უფრო დამჯდარი და გამოცდილი სამხედროები მიდიოდნენ. დიახ, ნებისმიერი მეომრისთვის იქ ყოფნა დიდი გამოცდილებაა, თუნდაც იმიტომ, რომ ტყვიის ზუზუნს ეჩვევი, მაგრამ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ ვნახე და არ მიკვირს იმ ჯარისკაცების, ვინც ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ სამხედრო სამსახურს თავს ანებებენ. მე დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ვიცოდი, რომ აქედან წასვლის შემდეგ ფსიქოლოგიურად უფრო გამიჭირდებოდა".
"აგვისტოს ომის მეოთხე წელიწადს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარების აქტიურობამ მოიმატა, - გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს ახალ საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებაზე გადასვლა, სასწავლო ცენტრებში ერთ სწავლებას მეორე ცვლის, მდინარე ენგურზე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შენდება სასაზღვრო დასახლებები, საზღვაო აკვატორიას რუსი საზღვაო მესაზღვრეები და სამხედრო მეზღვაურები აკონტროლებენ და ა.შ. აშენდა სამხედრო ბაზის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ყაზარმებს, საცხოვრებელ სახლებს, საბრძოლო ტექნიკის პარკს, სხვადასხვა დანიშნულების საწყობებს, სამხედრო ჰოსპიტალს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებსა და სხვა ობიექტებს აერთიანებს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით მოსკოვი გუდაუთის საოკუპაციო ბაზას აძლიერებს.
"სამხედრო ბაზის დაქვემდებარებაში შევიდა "ბომბორას" სამხედრო აეროდრომი, წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონები, ოჩამჩირის ყურის ნაწილი, კოდორის ხეობაში შექმნილი საყრდენი წერტილები, ენგურჰესის მახლობლად მდებარე ბაზა, აგრეთვე, ზღვის სანაპიროზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რუსეთის სამხედრო უწყებების სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები. ბაზის ფუნქციონირება 49 წლით განისაზღვრა და არენდის ფულის გადახდაც გათვალისწინებული არ არის... საქართველოს "აგრესიის" შესაჩერებლად მე-7 ბაზის ქვედანაყოფები პოზიციებს ენგურის სანაპიროსთან და კოდორის ხეობაში მორიგეობით იკავებენ, პერიოდულად აფხაზურ ფორმირებებთან ერთობლივ წვრთნებსაც მართავენ. შარშან აგვისტოში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მაშინდელმა სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ზელინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსდა საჰაერო თავდაცვის სისტემა С-300-ის ერთი კომპლექსი. აშკარად ჩანს, რომ საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზის რესურსები, შემადგენლობა, შეიარაღება, მზადების ინტენსივობა დასავლეთ საქართველოში მოქმედებებსა და სავარაუდოდ იმავე ამოცანების შესრულებაზეა გათვლილი, რასაც 2008 წლის აგვისტოში რუსი მედესანტეები აკეთებდნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"აზერბაიჯანი არ აპირებს "კალაშნიკოვის" ავტომატებზე უარის თქმას და მიმდინარე წლის ბოლოსთვის АКМ-74М საკუთარი წარმოების დაწყებას გეგმავს. 2012 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანში აწყობილ 60 უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს... რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანატოლი ბონდარუკმა რუსეთის არმიის გიუმრის 102-ე ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელა: ბაზის შემადგენლობაში მყოფი 18 ავიაგამანადგურებელი Миг-29-დან მწყობრშია მხოლოდ ორი საბრძოლო და ამდენივე სასწავლო-საბრძოლო. მოუგვარებელია რუსეთში თვითმფრინავების სარემონტოდ გატანისა და სომხეთის მხრიდან რუსი სამხედროების ანაზღაურების საკითხები. დაახლოებით 50 რუსი ოფიცერი სამსახურის ვადების ამოწურვის შემდეგ საცხოვრებლის უქონლობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით კავკასიური მოვლენების მიმოხილვა.
"სომეხ მშვიდობისმყოფელთა 35-კაციანი ქვედანაყოფი 6 ივლისს კოსოვოში გაემგზავრა და ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში სამსახურს შეუდგა. სომეხი "ცისფერი ბერეტები" ქალაქ უროშოვიცეს მახლობლად ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განთავსდნენ. სომეხი მშვიდობისმყოფელები კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციას 2004 წლის 12 თებერვალს შეუერთდნენ და 2012 წლის დასაწყისში მონაწილეობა შეაჩერეს... სომხეთი შეიძლება შეუერთდეს რუსეთ-ყაზახეთის საჰაერო თავდაცვის რეგიონულ სისტემას და ამასთან დაკავშირებული დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.