"საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ახლახანს გამოცემული ბრძანებით, საქართველოდან წასული ემიგრანტების უმრავლესობა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რასაც ემიგრანტები დისკრიმინაციის მცდელობად აფასებენ და საქართველოს ხელისუფლებისგან ამ ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართველი არალეგალები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ / იმ არალეგალებს კი, ვინც 2 წლის განმავლობაში არ დადგება საქართველოს საკონსულოში აღრიცხვაზე, საქართველოს მოქალაქეობა საერთოდ ჩამოერთმევათ.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2012 წლის 11 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას "საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ", რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე ის პირები ვერ დადგებიან, რომლებსაც ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან არ ექნებათ. 22 ივლისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრატები - დემოკრატიული საქართველოსთვის" ორგანიზებით "ათენის სადისკუსიო კლუბის" შეხვედრა გაიმართა. ემიგრანტების განცხადებით, ისინი არალეგალობის გამო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას ვერ შეძლებენ, რის გამოც ავტომატურად კანონდამრღვევები ხდებიან. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს ბრძანება ემიგრანტების მიმართ დისკრიმინაციის მცდელობაა და მისი გაუქმება მოითხოვეს. ანალოგიური მოთხოვნით ისინი 26 ივლისს ათენში, საქართველოს საელჩოსთან აქციასაც გამართავენ. არაოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში 160 000 საქართველოს მოქალაქეა, რომელთაგან მხოლოდ 40 000 იმყოფება ლეგალურად. იურისტები და ემიგრანტთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ დაბრკოლებები ემუქრება იმ მილიონნახევარ ადამიანს, რომელიც საქართველოდანაა გასული", - აღნიშნავს გამოცემა.
"იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე დადგეს აღრიცხვაზე და გაიაროს საკონსულოში რეგისტრაცია, მისთვის სავალდებულო ხდება საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარმოდგენა - სხვა შემთხვევაში ის საკონსულო აღრიცხვაზე ვერ დადგება. საზღვარგარეთ მყოფი ადამიანისთვის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნაა. მან რეგისტრაცია საკონსულოში ან საუბნო საარჩევნო კომისიაში არჩევნებამდე 21 დღით ადრე უნდა გაიაროს. საზღვარგარეთ ცნობის მოთხოვნა საცხოვრებელი ადგილიდან ადვილი არ არის - ამიტომ ემიგრანტებისთვის მთავარი დაბრკოლება ეს იქნება, რაც მოგვაჩნია, რომ მათი უფლებების შეზღუდვააა და მისასალმებელი ნამდვილად არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საიას იურისტი ლელა ტალიური.
"ამ ბრძანების მიღებამდე საკონსულო აღრიცხვას როგორც ლეგალები, ისე არალეგალები გადიოდნენ. ცნობის მოთხოვნა მათ გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ ცნობას არ ითხოვს. ცნობა ასევე არ მოეთხოვებათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ამ ბრძანების გამოცემამდე რეგისტრაცია უკვე გაიარეს. საკონსული აღრიცხვაზე ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან კანონში წერია, რომ თუ საქართველოს მოქალაქე 2 წელზე მეტხანს იმყოფება საზღვარგარეთ, ის საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგეს - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველია", - განმარტავს ლელა ტალიური.
"მე უფრო ხელისუფლების შიშს ვხედავ, რომ ის ემიგრანტების ხმებს ვერ გააკონტროლებს, ამიტომ მათ შეზღუდვები დაუწესა: როგორც ვიცი, ემიგრაციაში მყოფი ქართველები გააქტიურდნენ და არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ ხმებს ვეღარ გააკონტროლებდა და ამ ბრძანების გამოცემაც, ვფიქრობ, ამან გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოდან დაახლოებით მილიონნახევარზე მეტი ადამიანია გასული. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გასული ქართველების თუ არაქართველების რაოდენობა მილიონნახევარს ბევრად აღემატება და შესაძლებელია, 2 მილიონსაც სცილდებოდეს. ციფრებით მანიპულირება, ვფიქრობ, ამომრჩეველთა რაოდენობის გასაზრდელად სჭირდებათ, თუმცა ხელისუფლება მიხვდა, რომ მათ ხმებს ვერ გამოიყენებს, ამიტომ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებასაც ართმევს", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ემიგრანტების ყოფილი ომბუდსმენი ნინო ცხოიძე.
"ძალიან ცუდ დღეში ვართ იტალიაში. საკონსულო ითხოვს დოკუმენტს საცხოვრებელი ადგილიდან. აქ უმეტესობა არალეგალია, ვისაც საბუთი აქვს, იმათ კარს უხურავენ - ფაქტობრივად ესენი ხალხის დაშინებით არიან დაკავებულები. აქ არის რამდენიმე ორგანიზაცია,ამას არ დავმალავ, ერთ-ერთია "ჯალეთი", რომელიც დაახლოებულია გიული ალასანიასთან. 19 ივლისსს გვქონდა შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, გვინდოდა მოგვემზადებინა პეტიცია, რომ სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები - ეს გაიგო საელჩომ და ატყდა ერთი ამბავი. არადა, აქ 60 000 ქართველია", - აცხადებს იტალიაში მცხოვრები ბექა გოგოსაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გიული ალასანიამ ემიგრანტების დასაშანტაჟებლად "ზონდერბიგადები" შექმნა?!
"ჯალეთის" ხელმძღვანელი არის ნათია ზაზაშვილი, გიული ალასანიას ახლობელი და თვითონ გიული აფინანსებს. 19 ივლისს ჩვენ რომ შეხვედრა გვქონდა, ამავე დღეს ჩამოსულან დიასპორის მინისტრი პაპუნა დავითაია და კონსული ვახტანგ ანდღულაძე. ქართველებმა ვერაფერი ვერ გავიგეთ, შესულან ეკლესიაში, გადაუღიათ სურათები, თავიანთი მომხრეები ნახეს და წავიდნენ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მეიფე აბრაამი აშკარად შეკრულია "ნაციონალებთან". ნახეთ, - ფოტოზე როგორ მოძღვრავს პაპუნა დავითაია თავდახრილ მამა ანდრიას - ამ მამაოს პირადად ვიცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ თავადვე ამბობს: ნახეთ, რა დღეში მაგდებენ, თავს ზემოთ ძალა არა მაქვსო. მეუფე აბრაამი ღიად უჭერს მხარს "ნაციონალებს", უკვე ბინძურ კამპანიაში ჩართეს. ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი მივმართოთ პატრიარქს, რათა შეაჩეროს ეს ყველაფერი - ქართველებს აშინებენ, აშანტაჟებენ საქართველოში დეპორტაციით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა გოგოსაშვილი.
"ქართული ოცნება" იტალიაში არაფერს არ აკეთებს, პატარ-პატარა აქციებს მარტო ჩვენ ვმართავთ. "ნაციონალებს" აქვთ თავიანთი წრე, რომში არაერთხელ ჩამოვიდნენ გიგი უგულავა და პაპუნა დავითაია. ნათია ზაზაშვილმა მათ გადასცა 5 ათასი კაცის სია. ამის შემდეგ აქაც ემუქრებიან ემიგრანტებს, საქართველოდან ურეკავენ, ვისაც პატიმარი ახლობლები ჰყავთ და ეუბნებიან, არჩევნებზე ხმა ჩვენ უნდა მოგვცე, თორემ საქმე სხვანაირად იქნებაო. უმეტესობას აიძულებენ, მინდობილობა გადასცენ ნათესავებს საქართველოში, ზეწოლით ახდევინებენ 50 ევროს - მოკლედ, მასობრივად მიდის საქართველოში გადამისამართება. ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს "ჯალეთი", რომლის ფუნქციას ჯალათობაა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ანუ გიული ალასანია?" - პასუხობს:
"კი, ვიმეორებ, ამ ორგანიზაციას აფინანსებს პირდაპირ გიული ალასანია. საქართველოდან ვინც კი ჩამოდის, მინისტრი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, ყველა მანდ მიდის - ზაზაშვილი ამას არც მალავს. აი, ასეთ დღეში ვართ და გვინდა როგორმე ხმა მივაწვდინოთ პატრიარქს".