ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გათავისუფლების შესახებ განცხადებებს აწერინებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო განვითარების ცენტრი" ავრცელებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ცესკო აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ჯერ შექმნილი არ არის, შესაბამისად, არავინ გაუთავისუფლებიათ.
არჩევნებისთვის საუბნო კომისიები არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ კომლექტდება, მაგრამ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ადამიანი (მას ვინაობის გამხელა არ სურს) ამბობს, რომ ის ოლქიდან კონკრეტულ უბანზე კომისიის წევრად დანიშნეს და ტრენინგებსაც ბათუმში, ე. წ. თურქული ლიცეუმის შენობაში უტარებენ.
"დილით დამირეკეს და მთხოვეს, თურქულ ლიცეუმში მივსულიყავი. ჩავთვალე, რომ ისევ ტრენინგი ტარდებოდა. ლიცეუმის შესასვლელთან ასობით ადამიანი იდგა, მაგრამ ეს არ იყო უჩვეულო მოვლენა, რადგან სხვადსხვა ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის სწორედ აქ ტარდება.
"თავიდან ეს გავიფიქრე, მაგრამ იმ დღეს ყველა საუბნო კომისიის წევრები ვყოფილვართ თურმე დაბარებული. თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შედიოდა კონკრეტულად ჩვენთვის გამოყოფილ კაბინეტში", - ამბობს გათავისუფლებული პიროვნება, თუმცა ვერ ასახელებს იმ ადამიანს, ვინ სთხოვა, წინასწარ მომზადებულ განცხადებაზე ხელი მოეწერა.
მისი თქმით, განცხადებაში ეწერა: "გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ ბათუმის საუბნო კომისია #-ში დაკავებული თანამდებობიდან".
მოქალაქე ამბობს, რომ განცხადებას თარიღიც ჰქონდა მითითებული, მაგრამ რიცხვის გამოკლებით, ანუ განცხადებაში ეწერა "ოქტომბერი, 2012 წელი"."რიცხვი არ ჩაწეროთ, ამას ჩვენ გავაკეთებთ" - მკაცრად მოითხოვა ჩემგან ამ პირობის შესრულება ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც განცხადებაზე მხოლოდ ხელის მოწერა მთხოვა.
"სანამ ხელმოწერას გავაკეთებდი, ვიკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. მითხრა, რომ ბევრ შეკითხვას ვსვამდი და ასე იყო საჭირო. მანვე "დამამშვიდა": საუბნო კომისიაში თქვენს წევრობას საფრთხე არ ემუქრება და კუთვნილ ანაზღაურებას - 600 ლარსაც მიიღებთო.
"ხელმოწერა მის მიერ მოწოდებული კალმით შევასრულე. ჩემი განცხადება ცალკე ფაილში კალამთან ერთად მოათავსეს", - ყვება იგივე პიროვნება.
მისი აზრით, ამ შინაარსის განცხადებაზე მას და კიდევ ასეულობით მოქალაქეს ხელი დუმილის შესანარჩუნებლად მოაწერინეს:
"თუ ხმას ამოვიღებთ და რამეს გავაპროტესტებთ, ამ განცხადებას აგვაფარებენ ცხვირწინ და გვეტყვიან, თქვენ ოჯახური პრობლემები გქონიათ და შინ მიბრძანდითო".
"ემსახურე საქართველოს" ლიდერი და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე "მთელ კვირასთან" საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მსგავს განცხადებაზე ასობით ადამიანს ხელი ძალით მოაწერინეს.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბათუმში უამრავ ადამიანს, ვინც საჯარო სამსახურშია დასაქმებული და ამასთანავე არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა ყოფილიყვნენ და ამის შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმებული ჰქონდათ, განცხადებები დააწერინეს, სადაც ისინი თითქოს უარს ამბობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე.
"ეს განცხადებები მათ გამზადებული დაახვედრეს და ხელი იძულებით მოაწერინეს. აღსანიშნავია, რომ განცხადებაზე თარიღი დასმული არ იყო, რაც მარტივი ასახსნელია - არ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საარჩევნო უბნებში მოხვდნენ.
"პირადად ათ ადამიანთან გადავამოწმე ეს ინფორმაცია (სამწუხაროდ, გვარებს ვერ ვიტყვი), რომლებიც ქალაქის მერიაში მუშაობენ და ათივე მათგანმა დაადასტურა, რომ ასეთ განცხადებებზე ხელი მოაწერინეს.
"ეს პიროვნებები ადრე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ და კომისიის წევრები წინა არჩევნებზეც იყვნენ. როგორც ჩანს, ახლა მათში ეჭვი შეიტანეს და ამიტომ უშვებენ", - ამბობს დუმბაძე.
მისივე თქმით, წინა არჩევნებისას მსგავსი შემთხვევა, რომ კომისიის წევრობიდან ათეულობით ადამიანი გაეთავისუფლებინოთ, არ ყოფილა.
"ეს ცხადია, ამ ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა. სააკაშვილის მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ ნდობა მოსახლეობაში კი არა, საარჩევნო კომისიებშიც არ აქვს. ამიტომ ფიქრობს, რომ ადამიანების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა გამოწუროს და მიიღოს ისეთები, რომლებიც მისი ერთგულები იქნებიან.
"ადამიანები, რომლებიც 2008-2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო კომისიებში იყვნენ, ბევრი "ქართულ ოცნებასთან" არის ასოცირებული და თანამშრომლობენ კიდეც ჩვენთან. ამის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰქონდა და მათ არ ენდობა, რაც გათავისუფლების მიზეზი შეიძლება იყოს".
ამასთანავე, დუმბაძე აღნიშნავს, რომ ბათუმის მერიის რამდენიმე თანამშრომელს, გარდა იმ განცხადებისა, სადაც უარს ამბობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე, ხელი იძულებით შვებულებებზეც მოაწერინეს.
"მერიის რამდენიმე თანამშრომელს ველაპარაკე და ორმა მათგანმა ისიც დაადასტურა, რომ განცხადება არა მხოლოდ კომისიის წევრობისგან გასათავისუფლებლად დააწერინეს, არამეს იძულებული გახადეს, 1 აგვისტოდან უვადო შვებულება აეღო.
"აშკარაა, რომ სააკაშვილი ცდილობს, ფონს მაქინაციური გზებით გავიდეს. სახალხო რესურსი არა აქვს, მხარდამჭერები არ ჰყავს.
"კარდაკარის პრინციპით მომუშავე ადამიანებს ყოველდღიურად მოაქვთ ინფორმაციები არა მარტო ბათუმის, არამედ აჭარის სოფლებიდანაც, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა არ აქვს. იმდენად დაისადგურა შიშმა "ნაციონალებში", რომ იმ ადამიანებსაც არ ენდობიან, ვინც შესაძლოა მათი მხარდამჭერი იყოს".
დუმბაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, შვებულებებისთვის განცხადებების დაწერა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობს, მათი გათავისუფლების წინაპირობა იყოს.
"არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები საერთოდ გაუშვან სამსახურიდან. ეს ერთგვარი პირობაც შეიძლება იყოს, თუ გარანტიას არ მიიღებენ, რომ ისინი "ნაციონალების" ერთგულები დარჩებიან ბოლომდე, ამ შემთხვევაში გაათავისუფლებენ", - ამბობს დუმბაძე.
"მთელ კვირასთან" საუბარში ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ჯერ შექმნილი არ არის, ამიტომ ის ინფორმაცია, რომ ვინმე კომისიის წევრობიდან გაათავისუფლეს, აბსურდულია.
"კონკრეტულად ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ჯერ არ შექმნილა, ამას თავისი ვადები აქვს, არჩევნებამდე 46-50 დღით ადრე იქმნება და ვადა კანონითაა განსაზღვრული. როცა კომისია არ არის შექმნილი, უბნის წევრი როგორ უნდა გაათავისუფლონ?" - ამბობს აზარაშვილი.
მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის არანაირი ტრენინგი არ ტარდება.
"ჯერ კომისია შექმნილი არ არის და ოფიციალურად არც მისი წევრები არსებობენ, ტრენინგები ვერანაირად ვერ ჩაუტარდებათ", - ამბობს აზარაშვილი.