კოალიცია "ქართული ოცნებისა'' და ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი, რომან კუსიანი კოალიციაში შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს და 150 000 ლარის გადახდა დააკისრეს. სასამართლო პროცესზე, მოგვიანებით კი "ვერსიისთვის'' მიცემულ ინტერვიუში, რომან კუსიანმა ყოფილ თანაგუნდელს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის, იგივე სახელგადარქმეული კონტროლის პალატის უფროსს, ლევან ბეჟაშვილს ბრალი აქეთ დასდო - ბეჟაშვილმა "ნაციონალურ'' მოძრაობას 500 000 დოლარი შესწირაო. დღევანდელი და ძველი კანონმდებლობითაც, ეს სერიოზული კანონდარღვევაა და შემოწირულობაც იმაზე ხუთჯერ და ათჯერ მეტია, რაც ბეჟაშვილის მიერ იმ პროცესზე დაჯარიმებულ "კოალიციელებს'' ჯამშიც არ გამოსდით. "ვერსია'' ამ ფაქტით დაინტერესდა და საინტერესო დოკუმენტაცია მოიპოვა.
N1. "ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ'' - თბილისში, ვაშლიჯვარში, ზონა 2 ა-ში, მეორე კორპუსში მდებარე N18 ბინაში, რომლის საერთო ფართი 83,77 კვ მეტრია, საცხოვრებელი ფართი კი 41 კვ მეტრი, სააქციო საზოგადოება "თი ბი სი ბანკს'', საკრედიტო მომსახურების სახით ლევან ბეჟაშვილის მამაზე, ჯუმბერ ბეჟაშვილზე 500 000 დოლარის ოდენობის სესხი აქვს გაცემული. სესხის მთელი "ღირსება'' მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი 40 კვმ-ში არ არის. კრედიტის პირობები იმდენად ლიბერალურია, რომ ეჭვის საფუძველს ესეც იწვევს - ხელშეკრულება 2006 წლის 29 დეკემბერსაა დადებული, კრედიტის დაფარვის ბოლო თარიღი კი 2031 წელია, ანუ ბანკი ბეჟაშვილების ოჯახს 25 წლის ვადას აძლევს ვალის გადასახდელად, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა კი მხოლოდ და მხოლოდ 10 დოლარია.
N2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, განცხადება N316302 განცხადება - 2011 წლის 21 ივნისს, ლევან ბეჟაშვილმა 1 სამუშაო დღის ვადაში, შუადღის 2 საათიდან საღამოს 10 საათამდე სარეგისტრაციო წარმოება გააუქმა. ბეჟაშვილი ჯერ პარლამენტის დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 2008 წლის 15 ივლისიდან კი კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდა და ამ თანამდებობების პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, რაც ასევე სამართალდარღვევაა.
N3. 2011 წლის 30 აგვისტოს, პრეზიდენტის N10/08/04 განკარგულებით, ლევან ბეჟაშვილი 610 კვარდატული მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის მფლობელი ხდება სამგორში. დოკუმენტებს "ვერსიას'' რომან კუსიანი აწვდის: "არ ვდავობ იმაზე, რატომ ჩამითვალეს ეს 30 000 კანონდარღვევად, რატომ დამსაჯეს და ა.შ. უბრალოდ, ვამბობ ერთ რამეს - მოგელაძეს ამოფარებულ ბეჟაშვილს, რომელიც უნდათ, ნათია მოგელაძის სამსახურით გააკეთილშობილონ და ისე გამოიყვანონ, ვითომ ის არაფერ შუაშია, სხვისი გასამართლების მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს! ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკურ დევნას პარტიებსა და მათ მხარდამჭერ ადამიანებზე არ უნდა ახორციელებდეს მაშინ, როცა თვითონაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამართალდამრღვევი, უფრო დიდი მასშტაბებით. ეს არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც, თანამდებობის პარალელურად, შეუძლია იყოს ინდ/მეწარმეც, როცა რაღაც საქმისთვის დასჭირდება, ეს თანამდებობა გამოიყენოს და მერე ისევ გააუქმოს ინდ/მეწარმეობა. ბეჟაშვილს შეუძლია, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, "თი-ბი-სი'' ბანკი აიძულოს, ვაშლიჯვარში, სადღაც ზემოთ, მდებარე 41 კვადრატულში 500 000-დოლარიანი სესხი მისცეს და ამის მერე კიდევ უფრო დიდი სამართალდარღვევა ჩაიდინოს - ლევან ბეჟაშვილს 2006 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროს, თავისი დედაპარტიისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის 500 000 დოლარი აქვს გადარიცხული. როგორც ჩანს, მთელი ამ "დამსახურებებისთვის'', პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საჩუქრად გადასცა მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვაზე. პრეზიდენტის მხრიდან ეს პირდაპირი მნიშვნელობით ქრთამია. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რამდენად აღრეულია სისტემებს შორის ურთიერთობა. სხვათა შორის, ლევან ბეჟაშვილი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც არათუ უკანონობად თვლიდა ლარიანი საჩუქრის მიღებას ნინო ბურჯანაძისგან, არამედ მორალურადაც ვერ ამართლებდა და მისთვის შინაგანად აუხსნელი იყო, როგორ უნდა მიეღო ადამიანს ასეთი საჩუქარი ერთ ლარად.
როგორც ჩანს, ბატონმა ბეჟაშვილმა განწყობა შეიცვალა!'' ბატონ ბეჟაშვილს დოკუმენტურად კიდევ ერთი დარღვევა უფიქსირდება. 500 000 დოლარი, რომელიც უეცრად მის ახლობელს, ამ შემთხვევაში, მამას უჩნდება, აუცილებლად უნდა აისახოს მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციაში. არასახვა, ან ნაწილობრივ ასახვა - კანონდარღვევაა. "ვერსიამ'' სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის 2006, 2007 და 2008 წლის დეკლარაციები ამოიღო იმის დასადგენად, ასახა თუ არა დეკლარაციაში კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ნახევარი მილიონის ოდენობის სესხი. 2006 წლის დეკლარაციაში სესხი საერთოდ ვერ მოხვდა. 2007 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კი მოხვდა ამ ფორმით - საკრედიტო ხელშეკრულებას აფორმებს ჯუმბერ ბეჟაშვილი (მამა) ხელშეკრულების საგნად 80 000 დოლარია მითითებული. საკრედიტო ხაზის გამოყოფის ვადად კი - 10 წელი. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, სესხი სხვა ოდენობისაა და "თი-ბი-სი ბანკის'' მიერ გაცემულ ოდენობას კარგად ჩამოუვარდება, ასევე სხვადასხვაა კრედიტის დაფარვის ვადაც და ბეჟაშვილს ის მთელი 15 წლით აქვს შემცირებული, რომ არავინ მოგვედაოს, იქნებ, სხვადასხვა სესხზეა საუბარიო, ამისთვის ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ნომრისა და თარიღის იდენტობა გადავამოწმეთ. თანხაში განსხვავების მიუხედავად, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საუბარია ერთსა და იმავე ხელშეკრულებაზე, ნომრით - 548226, იპოთეკის ხელშეკრულება ნომრით - 694 188-1 და სესხის გაცემის თარიღი - 2006 წლის 29 დეკემბერი. დავინტერესდით ბანკის პოზიციითაც და ძალიან მარტივად, "თი-ბი-სის საინფორმაციო ცხელი ხაზის ნომერი - 27-27-27 ავკრიფეთ, სადაც, უბრალოდ, ვიკითხეთ, იყო თუ არა შესაძლებელი ნახევარმილიონიანი სესხის უზრუნველსაყოფად 40 კვმ ფართობის ჩადება. ხანმოკლე დიალოგს "თი-ბი-სი''-ს ოპერატორ ქალბატონთან უცვლელად გთავაზობთ:
- თუ მაქვს 40 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი და მინდა, გამოვიტანო სესხი 500 000 დოლარის ოდენობით, ამ ფართს სესხის უზრუნველყოფაში ჩავდებ?
- მაგრამ 40 კვადრატული 500 000-ისთვის არ იქნება საკმარისი. ფართის ღირებულება თქვენი სესხის თანხაზე მეტი უნდა იყოს.
- ანუ ეს ფართი 500 000 დოლარისთვის არ არის საკმარისი?
- არა, არა, ნამდვილად არა. თვითღირებულება სამომხმარებლო სესხის ოდენობაზე მეტი უნდა იყოს და ფართის ღირებულება რომ გაიგოთ, ამისთვის იგი ექპერტმა უნდა შეაფასოს, ან ე.წ. ბროკერმა და უნდა დაადგინოს ქონების რეალური ღირებულება''. მოკლედ, ბანკის საინფორმაციო სამსახურმა გარკვევით გვითხრა, რომ მე, თქვენ და სხვა "უბრალო მოკვდავებს'' ამ არარეალური ოდენობის კრედიტს 40 კვადრატულში არავინ მოგვცემს. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რაც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ფატი მამიაშვილმა გვიპასუხა - ლევან ბეჟაშვილი ამ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს და საერთოდაც, იქნებ, ხელთ რომ დოკუმენტი გიჭირავთ, მასში საუბარი სხვა ლევან ბეჟაშვილზეაო. პიროვნების გადამოწმების უმარტივესი მეთოდი კი აუდიტის სამსახურსაც და ყველა დაინტერესებულ მოქალაქესაც ერთ-ერთ საიტზე შეგვიძლია მივასწავლოთ. თუ გვარი და ადამიანის პირადობის მოწმობის ნომერი იცით, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ვებგვერდზე (www.sia.gov.ge ) შესვლა, საიტზე ატვირთულ ამომრჩეველთა სიის საძიებო სისტემაში გადასვლა და მხოლოდ გვარისა და პირადი ნომრის ჩაწერა გჭირდებათ იმისთვის, რომ პიროვნებაზე სრული მონაცემები მიიღოთ - საცხოვრებელი ადგილით დაწყებული, დაბადების თარიღით დასრულებული. იმაში კი, ალბათ, აუდიტის სამსახურიც დაგვეთანხმება, რომ ორი ლევან ჯუმბერის ძე ბეჟაშვილი, დაბადებული 1974 წლის 9 ნოემბერს, პირადი ნომრით 01010002603, მცხოვრები ნუცუბიძის ფერდობზე, მეორე მიკრო-რაიონში, მეოთხე კორპუსში, 17-ე ბინაში არ არსებობს! აქვს თუ არა უფლება, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსს, წარსულში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, კომერციული ბანკი დაავალდებულოს, მისი ოჯახის წევრს არარეალური საკრედიტო პირობები გაუფორმონ? აქვს თუ არა უფლება კონტროლის პალატის უფროსს "ქართულ ოცნებაში'' შემომწირველებს თანხის ხუთმაგი ოდენობა დააკისროს ჯარიმის სახით, ოღონდ თვითონ პარტიული შენატანის თამასა ნახევარ მილიონ ლარამდე აწიოს? აქვს თუ არა უფლება ხელისუფლების მაღალჩინოსანს ინდ/მეწარმე იყოს და მართლა საფუძვლიანი ეჭვი გააჩინოს, რომ პოლიტიკურ გავლენას სამეწარმეო საქმიანობაში იყენებს?! დოკუმენტების შეფასება იურისტს, საარჩევნო სამართლის სპეციალისტს კახა კახიშვილს ვთხოვეთ, რომლის აზრით, მთავარი მაკონტროლებლის, ლევან ბეჟაშვილის სამართალდარღვევებით უკვე პროკურატურა უნდა დაინტერესდეს: - გადარიცხვა იმ წლებში მოქმედი კანონითაც დარღვევა გამოდის, რადგან შემოწირულობის ზედა ზღვარი მაშინაც მოქმედებდა ისევე, როგორც ახლა. როგორც რომან კუსიანი აცხადებს, ბეჟაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კამპანიისთვის 500 000 დოლარი გადაურიცხა, რაც სერიოზული დარღვევაა და დაჯარიმებას მოითხოვს.
- საინტერესოა, ამ თანხის წარმომავლობაც. თანხა მაღალჩინოსნის მამას "თი ბი სი'' ბანკისგან სესხად 41 კვადარტული მეტრის სანაცვლოდ აქვს აღებული. შეძლებდა თუ არა ამას რიგითი მოქალაქე?
- ამონაწერში საჯარო რეესტრიდან წერია, რომ მიწის დაუზუსტებელი ფართობი არის 541 კვადრატული მეტრი, საიდანაც 83 არის საერთო, ხოლო 41 საცხოვრებელი ფართი. ეს 541 მეტრი არის დაუზუსტებელი ფართობი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუზუსტებელ ფართში ბანკი თანხას საერთოდ არ იძლევა და ასეთი ფართი გარანტიადაც არ უნდა მიიღოს, ვინაიდან საქართველოში საბანკო პოლიტიკა ისეა განსაზღვრული, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში, კრედიტად აძლევენ ქონების საფასურის ნახევარს, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი ქონების მესამედს, ეს ფართი მინიმუმ, მილიონნახევარი უნდა ღირდეს, რაც არარეალურია. ეს კი ის შემთხვევაა, როცა, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ გარანტიის საფუძველზე, 500 000 დოლარის მიცემა დიდ რისკს წარმოადგენდა, ამიტომ საინტერესოა, რატომ და რის საფუძველზე გარისკა ბანკმა და აიღო ამხელა ვალდებულება, როცა, სხვაშემთხვევაში, ამ ქონების საფასური შეიძლება 20 000 ლარიც არ ყოფილიყო?! ეს ყველაფერი უკვე პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
- ამას გარდა, ბეჟაშვილმა სესხის არა მთელი ოდენობა, არამედ მხოლოდ ნაწილი - 80 000 დოლარი ასახა. არის თუ არა ესეც დარღვევა?
- სამართალდარღვევათა ოქმში არ წერია, ამდენს თუ დამალავ, ამდენია ჯარიმაო, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების ასახვისა და თანხის დამალვის გამო ადამიანი ჯარიმდება! ბეჟაშვილის შემთხვევაში კი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, არ გახმაურებულა.
- კიდევ ერთი მომენტია - ბეჟაშვილი 2008 წლის 15 ივლისიდან კონტროლის პალატის თავმჯდომარეა, მანამდე პარლამენტის იურიდიული კომიტეტს ხელმძღვანელობს, ამის პარალელურად, კი, რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ინდ/მეწარმეა და ამ საქმიანობას თავს მხოლოდ 2011 წლის ივნისში ანებებს. ეს ორი საქმიანობა ერთად რამდენად კანონიერია?
- დოკუმენტში ნამდვილად ჩანს, რომ სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია 2011 წლის ივნისში, ანუ მანამდე ბეჟაშვილი ინდ/მეწარმეა, რაც უკვე თავისთავად, დარღვევას წარმოადგენს. თუმცა, კანონში რეალური სანქციები არსადაა დაწესებული, ვიდრე ბრუნვას არ გაარკვევ. თანამდებობრივი დანაშაული დადგინდება მაშინ, როცა ვარკვევთ, რა ბრუნვა ჰქონდა და რა სახის მეწარმეობას ეწეოდა. აქ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე გადიხართ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი ამ ბიზნესს ლობირებდა, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარე. მოკლედ, ეს არის "აბსურდი'', რომელიც "ვერსიამ'' დაადგინა, თუკი აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსი, წარსულში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კახეთის ყოფილი გუბერნატორი და საერთოდაც, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საინტერესო ფიგურა ან თუნდაც მამამისი - სესხის ამღები და შემდეგ ნაცმოძრაობის გულმხურვალე გულშემატკივარი, სურვილს გამოთქვამს გარკვეული განმარტებები მოგვცეს, სამომავლოდ მას უფრო წაადგება, ვიდრე საზოგადოებას, თორემ ნაცნოძრაობის ჩინოვნიკთაგან იმდენი დაუსჯელი კანონდარღვევა გვინახავს, ალბათ არც ეს ნახევარი მილიონი იქნებოდა დიდად გასაკვირი - ისე, სხვას 30 ათას ლარს რომ ედავები, თავად სადავო ნახევარი მილიონი ნამდვილად არ უნდა გქონდეს! ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ჩასაქოლად ქვა იმან უნდა ისროლოს, ვინც ნაკლებ ცოდვილია!