"პრეზიდენტმა თავისი ფონდის ანგარიში უნდა წარმოადგინოს"

"როგორი კომენტარებიც უნდა გააკეთონ ხელისუფლებამ თუ მისმა მომხრეებმა, ბიძინა ივანიშვილმა მაინც მომგებიანი და სწორი ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, შესაძლებელია, შორეული პერსპექტივისთვის სტრატეგიულიც. კი, შესაძლოა ამას ვინმემ ისე შეხედოს და ვინმემ კიდევ ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი ამბობს, როცა ხელისუფლებას უჭირს, მე მზად ვარ დასახმარებლადო. თუმცა ხელისუფლება გაჭირვებასაც არ აღიარებს და ამბობს, რომ ბიუჯეტს შეცვლის და სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავს, თანხებს გადაანაწილებს და ა.შ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტისა და სხვა სახელმწიფო ფონდების საკითხი დღეს ღიად რჩება. ფონდებში არსებული თანხები სწორედ ასეთი კატაკლიზმების შედეგების აღსაკვეთად უნდა გაიხარჯოს, მაგრამ უცნობია, ფონდებში არის ფული თუ არა. გამოდის, არ არის და ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს განცხადებას დახმარების თაობაზე", - აცხადებს პოლიტოლოგი კოტე ჟღენტი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პრეზიდენტმა თავისი ფონდის ანგარიში უნდა წარმოადგინოს" / "ჯარიმა ჯარიმა ყოფილა და დახმარება - დახმარება" / "მერია თბილისობისთვის 25 000-ლარიან საწნახელს ამზადებს?!"

"სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, მისი განცხადების მეორე ნაწილს რომ არ აქცევენ ყურადღებას: მან თქვა, რომ 10 მილიონს გადარიცხავს განსაზღვრულ ანგარიშზე და როდესაც ხელისუფლება დაითვლის და დაასახელებს ზარალის საერთო ოდენობას, მაშინ დანარჩენსაც დაფარავს. ამიტომ ივანიშვილის ეს ნაბიჯი ნებისმიერ შემთხვევაში წაუგებელია და რა კომენტარიც უნდა გაკეთდეს, ეს მისთვის სასარგებლო სვლაა. მე ერთი რამის მეშინია - როცა ივანიშვილმა ამ თანხის გაღების შესახებ განაცხადა, მისმა მომხრეებმა სურვილი გამოთქვეს, ჩასულიყვნენ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში და გადაემოწმებინათ, მივიდა თუ არა გაღებული თანხა დაზარალებულ მოსახლეობამდე. ვშიშობ, თუ რეგიონებში მართლაც გავლენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, როგორც ეს სხვა ადგილებში მოხდა, იქაც დახვდებიან ხელისუფლების მომხრე ჯანმაგარი, "ვაჟკაცი" ბიჭები და პროვოკაციის საფრთხეც გაჩნდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჟღენტი.

"რასაკვირველია, საზოგადოებას აქვს უფლება და უნდა მოითხოვდეს კიდეც იმის განსაჯაროებას, რისთვის იხარჯება თანხები პრეზიდენტის ფონდიდან, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში სწორედ ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არსებობს, როგორიც ბუნებრივი კატაკლიზმებია. მართალია, იქ შეიძლება იყოს მუხლები, რომელთა თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია თანხები კონფიდენციალური სახელმწიფო მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ამისთვის ცალკე, სპეციფიკური ფონდები არსებობს. რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტის ფონდს, თუ პრეზიდენტს სურს დამტკიცება, რომ ყველაფერი წესრიგშია და თანხები არამიზნობრივად არ დახარჯულა, არ დახარჯულა ისეთ რამეებზე, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაშინ ანგარიში უნდა წარმოადგინოს. მაგრამ მეეჭვება, ასე კარგად და სუფთად იყოს საქმე. ასე რომ არ იყოს, თანხების ხარჯვის სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნებას საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ვერავინ დაასწრებდა. თავის დროზე პრეზიდენტმა ნათლად განმარტა, რომ ფონდი სწორედ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა. დღეს უნდა გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას, იმიტომ არ იხარჯება ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთათვის თანხები, რომ სახელმწიფო და ხალხის საჭიროებისთვის დაიხარჯაო. ამის დამადასტურებლად კი, ცხადია, სათანადო დოკუმენტაციის გამოქვეყნებაც მოუწევს. თუმცა ვიმეორებ, ეჭვი მეპარება, ეს თანხები ისეთი რამეებისთვის იყოს დახარჯული, რის განსაჯაროებასაც თამამად შეძლებენ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"პარტიების ქცევის წესების დეკლარაცია უცხოელებისთვის განკუთვნილი პიარნაბიჯია. უცხოეთის სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს აჩვენებენ, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლადო. მაგრამ თქვენც კარგად მოგეხსენებათ და საზოგადოებასაც, რომ იქ იყო ორი ნაწილი და მერე დაემატა არასამთავრობოებისა. თავიდან ასე იყო: რას იღებს თავზე ხელისუფლება და რას - ოპოზიცია? ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რა ვალდებულებასაც ხელისუფლება იღებს, მესამედიც რომ შეასრულოს, არჩევნები უზადოდ გაიმართება და არც რამე განსაკუთრებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება საჭირო, რომ მთავრობამ თავისი უპირველესი მოვალეობა შეასრულოს, მოვალეობა, რასაც მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლება და დემოკრატიული არჩევნები ჰქვია. მაგრამ საქმეც ის არის, რომ რაკიღა ხელისუფლება ამ ყველაფერს დღემდე არ ასრულებდა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ოპოზიციურ პარტიებსა და არც საზოგადოების დიდ ნაწილს, ბუნებრივია, არ სჯერა, რომ ამ ყველაფერს მაინცდამაინც რომელიმე დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გააკეთებს", - განმარტავს პოლიტოლოგი

"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ახალ დევიზს - "მეტი სარგებელი ხალხს!" მანამდე სხვა დევიზები იყო, როგორიცაა "საქართველო სიღარიბის გარეშე", "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" და ა.შ. ასეთ დოკუმენტებს პირველი არჩევნებიდან მოყოლებული თითქმის ყველა არჩევნების დროს ადგენდნენ და მათში ჩამოთვლილი იყო პრაქტიკულად ერთი და იგივე საკითხები, მაგალითად, უმუშევრობის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვ. აღარაფერს ვამბობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობაზე კონკრეტული თვეებისა და დღეების დათქმით. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი არ შესრულებულა. თუ რამ გაკეთდა, მხოლოდ უმნიშვნელო და ისიც დიდი პიარგათვლებითა და ზარ-ზეიმით. ამაზე თავად ახალი ლოზუნგიც მეტყველებს - "მეტი სარგებელი ხალხს!" გამოდის, ხალხი აქამდე ვერ ხედავდა მთავრობის მიღწევებს და სწორედ ახლა გადაწყვიტეს, ეს ხალხს დაანახონ! რაც შეეხება კორუფციისა და დანაშაულის დამარცხებას, ჩემი აზრით, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ მიზნით ბევრი რამ კი გაკეთდა, მაგრამ დამარცხებაზე ლაპარაკი ნაადრევია", - დასძენს კოტე ჟღენტი და შეკითხვას - "საქართველოში აკრედიტებული ელჩები ხელისუფლებას მოუწოდებენ, "მასტ კერის" ვალდებულების არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის გავრცელების შესაძლებლობა განიხილოს..." - პასუხობს:

"ამაზე მოკლე პასუხი მექნება - ჩანს, მიუხედავად მრავალი განცხადებისა არჩევნების დემოკრატიულად და სანიმუშოდ გამართვის შესახებ, ხელისუფლება მაინც აპირებს ხელოვნურად და უხეშად არჩევნების შედეგების განსაზღვრული წილის მითვისებას და ცხადია, ხელს სულაც არ აძლევს, რომ მართვადი ტელეკომპანიების გარდა სხვა ტელეკომპანიებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას".