"სააკაშვილი თავისი მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებების გამო ქართველის ხალხისგან ბევრად მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე არის ნაგავი"

"მინდა მივმართო ზონდერებს - მათი არაადამიანური, დანაშაულებრივი ქმედებები დაფიქსირებულია და ისინი, ვინც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოდიან, აუცილებლად გასამართლდებიან და დაისჯებიან. ყველა ზონდერი ქართველის ხალხისა და კანონის წინაშე აგებს პასუხს. ფეხით შემოვიარე გორის რაიონის სოფლები. ყველგან ჰყავდა ხელისუფლებას თითო-ოროლა პროვოკატორი, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრების ჩაშლას, თუმცა მათ თავად მოსახლეობა სცემდა პასუხს. მთელ რიგ შემთხვევებში ირკვეოდა, რომ ეს პროვოკატორების ადგილობრივები არ იყვნენ და ან თუ იყვნენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრები გახლდნენ. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ და თავად განსაჯეთ..." - აცხადებს კახი კალაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახი კალაძე: რა პროვოკაციებიც უნდა მოგვიწყოს ხელისუფლებამ, ისეთი მძლავრი სახალხო-ეროვნული მოძღაობა დაიწყო, რომ "ქართული ოცნებისა" და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის გამარჯვება გარდაუვალია!

"სოფელ ახალდაბაში ყოფილი გამგებლისა და მისი ვაჟიშვილის აგრესიულმა ქმედებამ გამოიწვია დაპირისპირება. მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარობაში იმყოფებოდა. შვილმა ჟურნალისტი სცემა კიდეც და ვიდეოკამერა დაუმტვრია. სოფელ ნაწრეტში ქარელის რაიონის პოლიციის უფროსის ლაშა გოგნიაშვილის ბიძა გელა გოგნიაშვილი პროვოცირებდა და მოგვმართავდა უშვერი სიტყვებით. სოფელ ნიქოზში კი გამგებელმა, ვინმე ილია მინდიაშვილმა დაგვახვედრა თავისი მეუღლე და ცოლისდა, რომლებიც გაჰკიოდნენ ბოლო ხმაზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს. კარალეთში ნაციონალმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა მოახდინა მის დაქვემდებარებაში მყოფ ზონდერთა მობილიზება, რომლებნიც ლურსმნიანი ფიცრებით, ბასრი საგნებით ადა ქვებით შეიარაღებულები თავს დამესხნენ პირადად მე და კადრებში კარგად ჩანს, როგორ მისდევდნენ და ესროდნენ ქვებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდა წარმომადგენლებს. ზონდერებმა სასტიკად სცემეს ჟურნალიტები, დაუმტვრიეს და ჩამოართვეს ვიდეოკამერები ქვებით და ხელკეტებით დააზიანეს ჩვენი მანქანები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას კახი კალაძე.

"აღარაფერს ვამბობ იმ საზიზღარ პროვოკაციაზე, რაც ერთმა ადამიანმა იკადრა. ჩემი და ოჯახის ლანძღვა-გინების შემდეგ, მიცვალებულსაც მიაყენა შეურაცხყოფა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ პოლიტიკურ ოპონენტს ასე ებრძოლო. არსებობს ზნეობა, მორალი, კაცობა და ამის შემდეგ არის პოლიტიკა, თუმცა ნაციონალებს რა ზნეობასა და კაცობაზე უნდა ელაპარაკო. რატომ ღმერთი არ გაიცინებს, როდესაც ბასიშვილი ჩემზე ამბობს, ზონდერები ჰყავსო, ანდა ბასიშვილი რომ მითითებებს გასცემს, კალაძე დაიჭირეთო, ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! რაც შეეხება პალიკო კუბლაშვილს, მოგეხსენებათ ხელისუფლებას ჰყავს ხერხემალი - მერაბიშვილი, ტვინი - ბიკერია, გულის - სააკაშვილი, ხოლო პალიკო კუბლაშვილი სხეულის რა ნაწილია, ამას დიდი მიხვედრა და დაკონკრეტება არ სჭირდება... აქვე გეტყვით, რომ გორის აქციაზე ჩემთან მოვიდა რამდენიმე კარალეთელი ქალბატონი, რომლებიც საოცარ წუხილს გამოთქვამდნენ იმ ფაქტზე, რაც ამ სოფელში რამდენიმე ათეულმა ბარბაროსმა ჩაიდინა", - ამბობს კახი კალაძე და შეკითხვას - " შინდისში ერთ-ერთ ნაციონალ აქტივისტთან შელაპარაკებისას სააკაშვილს ნაგავი უწოდეთ! ცხელ გულზე წამოგცდათ და თუ მართლა ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ნაგავია?" - პასუხობს:

"სააკაშვილი თავისი მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებების გამო ქართველის ხალხისგან ბევრად მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე არის ნაგავი."

"რაც შეეხება ბათუმში 5 აგვისტოს აქციას, აუცილებლად გამოვლენ აჭარლები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სააკაშვილის კარიკატურული რეჟიმის სიბოროტე. მთელი ბათუმი გამოვა! გახსოვთ, თავის დროზე თეთრგვარდიელებსა და პანთურქისტებს ერთდროულად უნდოდათ ბათუმის ხელში ჩაგდება, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ერთად დადგა აჭარის ქრიტიანობა და მუსლიმობა. ზუსტად ასე დადგება ახლაც მთელი აჭარა "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის გვერდით... ზემოთ იმ ფაქტების მეხუთედიც არ ჩამომითვლია, რაც დაახლოებით ერთ კვირაში მოხდა - ყველგან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან ხელისუფლების ადგილობრივი მაღალჩინოსნები გამოირჩეოდნენ პროვოკაციებით. ანუ ეს იყო ზემოდან მიღებული დირექტივა, რომელიც ნამდვილად არ ისახავს მიზნად ქართველი ხალხის ერთიანობას და არ უწყობს ხელს, რომ წყნარ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, თუმცა, რა პროვოკაციებიც უნდა მოგვიწყოს ხელისუფლებამ, ისეთი მძლავრი სახალხო-ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომ "ქართული ოცნებისა" და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის გამარჯვება გარდაუვალია!" - დასძენს კახი კალაძე.