სომხები აცხადებენ, რომ აფხაზებს მათი გასახლება სურთ

სომხები აცხადებენ, რომ აფხაზებს მათი გასახლება სურთ

სეპარატისტულ აფხაზეთში მცხოვრები სომხები აცხადებენ, რომ აფხაზები მათზე ზეწოლას ახორციელებენ. ერთ–ერთი ვერსიით, აფხაზები ერევნისგან „დამოუკიდებლობის აღიარებას“ მოითხოვენ. 

სომხების განცხადებით აფხაზეთის მოსახლეობის 30%-ზე მეტს სწორედ ისინი შეადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აზე.აზ“ სომხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხური მედიის ინფორმაციით, უკვე არის მცდელობები იმისა, რომ „აფხაზეთიდან სომხური მოსახლეობა გამოასახლონ“. 

სომხები აფხაზებს იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი, რუსების დახმარებით, სომხეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ სომხებს აფხაზეთში ცხოვრების საშუალებას არ მისცემენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმის კურსშია სომხეთის ხელისუფლება, თუმცა იგი არ ჩქარობს რაიმე სახის ზომების მიღებას, რადგანაც მათ მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ეს კი ჯავახეთში მცხოვრები სომხების მდგომარეობას გაართულებს.

ცნობისთვის, პირველი სომხური დასახლებები აფხაზეთში XIX საუკუნეში გაჩნდა. ამ პერიოდში მეფის რუსეთის მიერ აფხაზთა მიმართ აგრესიული პოლიტიკა ტარდებოდა. 

ამის შედეგად XIX საუკუნის 60-70-იან წლებში აფხაზებმა სამშობლოს მასობრივი დატოვება დაიწყეს (მუჰაჯირობა). მათ ნაცვლად აფხაზეთში მეფის რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ერების ჩასახლება დაიწყო. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი სომხებს ეკავათ. 

სომეხთა გადმოსახლება XX საუკუნის შუა წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. თუ 1926 წლის აღწერით აფხაზეთში სულ 25 ათასი სომეხი ცხოვრობდა, 1959 წელს, მათმა რიცხვმა 64 ათასს გადააჭარბა. 1989 წელს კი, სომეხთა რიცხვი ამ რეგიონში 76 ათასს აღწევდა. ქართველებისა (239 ათასი) და აფხაზების (93 ათასი) შემდეგ, სომხური დიასპორა ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო.

XX საუკუნეში რუსეთის სტრატეგია კავკასიის მიმართ კლასიკურ იმპერიულ პოლიტიკას წარმოადგენდა, რომელიც „დაყავი და იბატონეს“ პრინციპს ეფუძნებოდა. საქართველოს წინააღმდეგ კრემლი, რესპუბლიკის იმ ავტონომიურ წარმონაქმნებს იყენებდა, რომელიც გასაბჭოების პერიოდში თავადვე შექმნა. მოსკოვის ყველაზე ქმედითი იარაღი აფხაზეთი იყო. 

წლების მანძილზე აფხაზებს უნერგავდნენ, რომ ქართველი მისი მტერია, რომელიც აფხაზებს სამშობლოს ართმევს. ქართველების წინააღმდეგ აფხაზების მეკავშირეობა კრემლის გეგმით რეგიონში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებსაც უნდა გაეწიათ. ამ მხრივ კი რეგიონში ყველაზე დიდ დიასპორას სომხები წარმოადგენდნენ.

ბოლო მოსახლეობის აღწერა სოხუმში 2003 წელს ჩატარდა, აღწერის დროს სიაში არ შეიყვანეს ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ერთი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ.

ისტორიკოსი გია ანჩაბაძე ამბობს, რომ 2003 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 40-44% აფხაზები არიან, ქართველები და სომხები დაახლოებით ერთი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი - 21%; რუსები კი - 10%, ხოლო საკმაოდ მცირე რაოდენობაა სხვა ეროვნების მოსახლეობა. 

„ოფიციალური მონაცემებით, სომხური წარმოშობის მოქალაქეები არიან დაახლებით 20-21%, აფხაზები - 40%. ეს არის ოფიციალური მონაცემები, მაგრამ რამდენად სწორია, ზუსტად ვერ გეტყვით. ცალკეულ რაიონებში და იგივე გაგარაში სომხები უფრო მეტნი არიან და, სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდშიც იქ მათი რაოდენობა სხვებზე უფრო მეტი იყო.

სომხები არიან გუდაუთის რაიონში. არიან გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში და ქალაქ სოხუმში. ეს არიან ძირითადად ის სომხები, რომლებიც მეფის რუსეთის დროს თურქეთიდან გადმოვიდნენ. ომის შემდეგ დიდი რაოდენობით არავინ ჩასულა აფხაზეთში. ლაპარაკი იმაზე, რომ ბევრი ჩეჩენი, რუსი და სომეხი ჩასახლდა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრი სომეხია გასული აფხაზეთიდან, რუსებიც გავიდნენ. აფხაზების მიერ ჩატარებული აღწერით, სომხები და ქართველები იყვნენ მეორე-მესამე ადგილზე“, - აცხადებს გია ანჩაბაძე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ბესიკ სილაგაძე ამბობს, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული მდგომარეობის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას.

„არსებული მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 90 ათასამდე სომეხი ეროვნების მოქალაქეა. ამას ემატებიან იქ ჩასული რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთიდან, ასევე კაზაკები, რომლებსაც რუსები ასახლებენ დემოგრაფიული ფონის შესაცვლელად. გარდა ამისა, აფხაზეთში ჩასული რუსი დამსვენებელიც უკვე ნელ-ნელა ცდილობს, იქ ფეხი მოიკიდოს და უკანონო ბიზნესი აწარმოოს. ეს ერთეული შემთხვევაა, მაგრამ საბოლოო ჯამში სერიოზულ ჯამს ქმნის და დემოგრაფიულ მონაცემებს სერიოზულად ცვლის. ეს უკვე სერიოზული საპირწონეა აფხაზეთში“, - ამბობს ბესიკ სილაგაძე.

„ყველაზე მეტნი არიან აფხაზები. მაგრამ, თანაბრად არის გადანაწილებული აფხაზების, ქართველებისა და სომხების რაოდენობა. დაახლოებით 65-დან 70 ათასამდეა აფხაზი. აგვისტოს ომის შემდეგ ბევრი დაბრუნდა, ბიზნესი დაიწყო, რაღაცა შანსები გაუჩნდათ მოსკოვიდან. ქართველები არიან დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე, სომხები 45 ათასის ფარგლებში, ხოლო რუსები - 16 ათასამდე. დაახლოებით 1000 არიან ჩრდილოკავკასიელები, ისინი ძირითადად ქალაქ სოხუმში ცხოვრობენ“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზააქარეიშვილი.

„როგორც ვიცი, სომხები უფრო მეტი არიან, შემდეგ მოდიან აფხაზები. ოფიციალური სტატისტიკით აფხაზები არიან მეტნი. მაგრამ, არაფიციალური მონაცემებით, იქ დომინირებს სომხური ეთნოსი და აფხაზეთის სომხებიც ამას ამბობენ. ეს ის სომხები არიან, რომლებიც ომამდე იყვნენ და პლუს, ომის შემდეგ კრასნოდარის მხარიდან ძალიან ბევრია ჩამოსახლებული. რუსეთიდან და საქართველოდანაც არიან ჩასული, ნათესავებთან ჩავიდნენ და მერე უკვე იქ დასახლდნენ“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ დაიძაბა ვითარება სომხებსა და აფხაზებს შორის. მისი თქმით, სომხური დიასპორა მაშინ იჩენს თავს, როდესაც აფხაზები ნაციონალისტურად უდგებიან თავიანთ პოლიტიკას და ქვეყანას.

„რუსული სპეცსამსახურების დახმარებით, სომხური ლობი თავის პრეტენზიას აცხადებს. სერიოზული დაპირისპირებაა გაგრაში მცხოვრებ სომხებსა და აფხაზებს შორის. ვინაიდან სომხები ფაქტობრივად ცდილობენ მთელი გაგრის ინფრასტრუქტურისა და ძირითადი შემოსავლების ხელში ჩაგდებას, რაც, რა თქმა უნდა, აფხაზების ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.